in

ამერიკული ელექტრონული პლათფორმა Etsy სულ მალე 120-მდე ქართველი ხელოვანის ონლაინ მაღაზიას გახსნის

ელექტრონული კომერციის პლატფორმა Etsy ერთ-ერთი ამერიკული გლობალური პლატფორმაა, რომელიც ცდილობს, ხელოვან ადამიანებს გზა გაუხსნას და მათ განვითარებაში დაეხმაროს. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ონლაინ სავაჭრო სივრცე, სადაც თითოეულ ბრენდს/ხელნაკეთი ნივთების შემქმნელს თავისი ონლაინ მაღაზია აქვს. Etsy-სა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდა, რომ მალე ეს პლატფორმა 120 ქართველი ხელოვანის ონლაინ მაღაზიას გახსნის.

ამ ამბის შესახებ უფრო ვრცლად მარკეტერი ირინე მირიანაშვილს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის სპეციალისტს გაესაუბრა:

M: მოგვიყევით, რა პლატფორმაა Etsy, რას სთავაზობს მომხმარებლებს?

Etsy არის ამერიკული გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ხელნაკეთ ნივთებზე, როგორებიცაა: სამკაული, ჩანთები, ტანსაცმელი, სახლის დეკორაცია, ავეჯი, სათამაშოები, აგრეთვე, საკერავი მასალა და ხელსაწყოები.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Etsy-ის საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე 60 მილიონზე მეტი ხელნაკეთი ნივთი ჰქონდა განთვსებული, რაც 2.1 მილიონ გამყიდველს 39.4 მილიონ მყიდველთან აკავშირებდა. Etsy–ის მთლიანი (GMS) გაყიდვები, $3.93 მილიარდი აშშ დოლარია.

M: გვესაუბრეთ ყველა იმ სარგებელზე, რომლებსაც ქართველი ხელოვანები ამ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდგომ მიიღებენ.. რა საშუალებას მისცემს Etsy მათ/რა შესაძლებლობებს გაუხსნის?

პროექტი დიდი ხანია, მუშაობს კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. მსოფლიო მასშტაბით ქართველი ხელოვანები გამოირჩევიან გემოვნებითა და კრეატიული ხედვით, რაც მათ პროდუქციას გამოარჩევს სხვა ქვეყნების შემოქმედებისგან. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ არტიზანები საკმაოდ კრეატიულები არიან შემოქმედებით ნაწილში, თუმცა, შემოქმედებითი ნაწილის მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ტექნიკური დეტალების ცოდნა, როგორიცაა, პროდუქტის სწორი შეფუთვა, რელევანტური პლათფორმების შერჩევა და პროდუქტის მყიდველამდე ეფექტურად მიწოდება. სწორედ ამ ნაწილში იკვეთება ჩვენი პროგრამის ჩართულობის საჭიროება.

შესაბამისად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ შეარჩია ერთ-ერთი გლობალური ელექტრონული პლათფორმა Etsy-ი, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც ქართველ ხელოვანებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ეფექტურად და სწორად წარადგენონ საერთაშორისო ბაზარზე და ჰქონდეთ წვდომა 40 მილიონ მყიდველთან. ყოველივე ეს უზრუნველყოფს გაყიდვებისა / შემოსავლების ზრდას და ქართული ხელნაკეთი პროდუქციის განვითარებას.

M: როგორც ახსენეთ, ამ პლატფორმაზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ მასთან პარტნიორობა სხვა პრივილეგიაა ქართველი ხელოვანებისთვის. მოგვიყევით ამ პრივილეგიაზე.

Etsy-ს პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს პირდაპირ შეუძლია დარეგისტრირდეს საკუთარი მაღაზიის დასაარსებლად. თუმცა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Etsy-ს შორის პარტნიორობის საფუძველზე, ქართველი ხელოვანები Etsy-ის წარმომადგენლებისგან იღებენ რეკომენდაციებსა და ტექნიკურ დახმარებას ონლაინ მაღაზიების შესაქმნელად.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მონაწილე ხელოვანები იღებენ ფინანსურ ბენეფიტებს, რაც გულისხმობს გარკვეული რაოდენობის პროდუქციის უფასო განთავსებას Etsy-ის პლატფორმაზე, ასევე მარკეტინგულ ბიუჯეტს პროდუქციის რეკლამისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ Etsy-სთან პარტნიორობა ზრდის საქართველოში Pay Pal–ის გამოყენების შესაძლებლობას, რაც ელექტრონულ კომერციას დამატებით შესაძლებლობებს უხსნის.

M: მოგვიყევით იმ წინაპირობებზე, რომლებიც ამ პარტნიორობას თან ახლდა – როგორ მივიდა Etsy ამ გადაწყვეტილებამდე?

Usaid-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით, ეს არის ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა და გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები. კრეატიული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი პროგრამა აქტიურად მუშაობს ელექტრონული კომერციის განსავითარებლად.

ეთსისთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, გაიხსნა ორი მაღაზია: ეკა ხუნწარიას (აბრეშუმის ოთახი – Silkroom) და ნინა სლეპჩენკოს – საინის სტუდია (Saini). ეს კომპანიები etsy-ის მიერ შეირჩნენ საპილოტე პროექტის ფარგლებში იმ 22 კანდიდატისაგან, რომლებიც დასახელდნენ ქართული ასოციაციების მიერ. თანამშრომლობის ფარგლბეში ამჟამად უკვე 60-მდე სტუდია არის დარეგისტრირებული პლათფორმაზე და ეს ციფრი 120-მდე გაიზრდება.

M: ამჟამად რა ეტაპზეა რეგისტრაციის პროცესი (რამდენია დარეგისტრირებული, უახლოეს მომავალში ვინ დარეგისტრირდება, თუ ცნობილია..) და როდის ვიხილავთ 120 ხელოვანს სრულად ამ პლატფორმაზე?

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თითქმის დაასრულა სტუდიების სარეგისტრაციო პროცედურები Etsy-ის პლათფორმაზე. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართული არტიზანები თავიანთი ონლაინ მაღაზიის დახვეწის და ოპტიმიზაცის პროცესში არიან. 120 ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს სრულად ამ პლატფორმაზე ივლისის ბოლოს ვიხილავთ.

„ალვანის სამი სიმი“ – კომპილაციური ალბომი თუშეთის ინსტრუმენტალურ მუსიკაზე

Lego-ს 2646 ნაწილისგან შემდგარი Super Mario-ს სისტემა, რომლითაც მექანიკურად ითამაშებთ