9
Sep
2019

ალტერ ეგო, ანუ ჩვენი მეორე მე – ეთუნა მუნჯიშვილი

9 Sep 2019

ამბობენ, რომ იმაზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, ვისაც თავისი ცხოვრების დანიშნულება აქვს ნაპოვნი, დიდ სიამოვნებას ანიჭებს ამისთვის ცხოვრება და ყოველდღე იხარჯება დაუღალავად. ათობით წიგნი და ასობით სტატია არსებობს ამ თემაზე. ბევრი ადამიანის რეალური მაგალითიც. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთები ბევრნი არ არიან. იმიტომ, რომ მარტივი არაა საკუთარ დანიშნულებაზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ არც ნებისყოფაა ადვილად გამოსანახი, რომ ეძიო და თუ იპოვე, გულით, მთელი რესურსებით ამას მისდიო. ხშირად კიდევ თეორიულად უფრო მარტივი საპოვნელია, მაგრამ ცხოვრებაში განხორციელებაა რთული. რთულია არსებული შეზღუდვების გადალახვა, სხვების შეხედულებების წინააღმდეგ წასვლა და იდეების მონეტარიზაცია.

ეს სტატია იმ ადამიანების ხოტბას არ ეხება, ვინც იპოვა მკაფიო დანიშნულება და ამას მისდევს. ეს სტატია უფრო იმ ადამიანს ეხება, ვინც ან დანიშნულების პოვნის გზაზე დგას, ან ვინც ცხოვრების სტანდარტულ და ცოტა მოსაწყენ რუტინაშია ჩართული, სულ ოჯახის, მეგობრების და სამუშაოს წრეში ტრიალებს, გარკვეულ დანაკლისს განიცდის და უნდა, რომ გააკეთოს უფრო მეტად გამორჩეული რამ.

რამდენიმე ისტორია მინდა მოგიყვეთ რეალური ადამიანების, ვისი მეორე მე(ები)ც ყოველ ახალ დღეს მრავალფეროვანს და ფერადს ხდის ცხოვრებას, ვისი თვალისდევნებაც უკვე მოტივაციის მომცემია, ვისი 24 საათი უფრო მეტს იტევს, ვიდრე სხვა ადამიანების. და მათ ერთი რამ ერთიანებთ. გარდა ძირითადი საქმიანობისა, აქვთ მეორე საქმე, პირველისგან ძალიან განსხვავებული, რომელშიც თითქოს სხვა ადამიანები არიან, თითქოს მათში მეორე მე იღვიძებს, რომელიც გაოცებას იწვევს და იმის რწმენას, რომ ადამიანებს ზღვა შესაძლებლობები აქვთ.  მათი სახელები და კონტექსტი მცირედით შეცვლილია.

ასეთი ადამიანები შეიძლება ყველას გვყავს გარშემო, თუმცა არც თუ ისე ბევრნი არიან. უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანების ცხოვრება გარკვეულწილად ბევრად უფრო რთულია. ასეთ ცხოვრებას ბევრად მეტი ენერგია სჭირდება და მეტი ძალისხმევა, თუმცა თუ უკუგებებს შევადრით ერთმანეთს, მეორე მეს გარეშე თუ მასთან ერთად, განსხვავება დიდია. ეს ძალისხმევა ღირს ნამდვილად ამად, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უკან მოიხედავ.

ერთ-ერთი მათგანი მარიკაა, რომელიც გავიცანი ოფიციალურ შეხვედრაზე, როგორც ძალიან მოწესრიგებული, გონიერი, ჩაფლული თავის საქმიანობაში. წარმატებული მენეჯერია, ერთ-ერთი უნიკალური და რთული ორგანიზაციის საქართველოში. მახსოვს ვერ დავმალე გაოცება, როცა მისმა მეორე მემ მომიყვა, რომ მისი გაქცევა ყოველდღიურობიდან კახეთშია, ერთ-ერთ პატარა სოფელში, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით თავისი ხელით მეღვინეობის და მარნის განვითარებაზე მუშაობს. რომ ვთქვა, მაინდამაინც ბევრი რესურსი აქვს, რაც ამის საშუალებას აძლევსთქო, ასე არაა. მაგრამ აგერ უკვე 10 წელია, ნელ-ნელა, მცირე ნაბიჯებით ახარებს თავის ალტერ ეგოს. მოვა დრო, როცა შეიძლება შენც, მკითხველო, მის მარანში გაატარო დრო.

ნიკა ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის წევრია. წლებია აქ მუშაობს. ერთი შეხედვით ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ ტიპური ფინანსური მენეჯერის ცხოვრებით ცხოვრობს,

ბევრ დროს ატარებს „ექსელებთან“, ფინანსურ მოდელებთან, საღამოს კი ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად. რამდენიმე ხნის წინ ღონისძიებაზე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივი მუსიკა, რითაც იყო ის საღამო გაფორმებული, ნიკას მეორე მეს ეკუთვნის. საოცარია, არა? წლების წინ დაიწყო ელექტრონული მუსიკის შექმნის შესწავლა, საქმის და ოჯახის პარალელურად, მაინც პოულობდა დროს იმისთვის, რომ ევარჯიშა და პატარ-პატარა კომპოზიციები შეექმნა სახელობით საჩუქრებად მეგობრებისთვის.

თეა საჯარო ორგანიზაციაში მუშაობს. სტერეოტიპებია შექმნილი ამ სექტორში მომუშავე ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ჩარჩოებში არ ჯდება, მაინც გასაოცარი იყო მისი გაჟღერებული სურვილების შესახებ, რასაც მიზიარებდა. ახლა ამ თემაზე მუშაობს და ალბათ 1 წლის ვადაში თავის გამოფენაზე შეიძლება შევხვდეთ კიდეც. თავისი ხელით ამზადებს ჭაღებს, საოცარ დიზაინებს ქმნის. თუ სადმე საინტერესო იდეას გადავაწყდი, არ მეზარება ხოლმე ჩავუგდო ინსპირაციისთვის და წახალისებითვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოფენის იდეა. არ იცის შეიძლება, მაგრამ საოცარია მისი ალტერ ეგო.

სანამ ნეკას გავიცნობდი, ჯერ მისი მეორე მე გავიცანი. ის ზღაპრების ანიმატორია. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ვინც მინახავს ყველაზე თბილ ანიმაციებს ქმნის ზღაპრებზე, ბავშვებისთვის. არადა, ბიზნესის მართვის სპეციალობა დაამთავრა ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. როდის იპოვა, როგორ მოასწრო ამ საქმის პოვნა, როგორ ახერხებს ასე კარგად გადმოცემას ემოციების, ბავშვების და უფროსებისთვის გასაგებ ენაზე?!

რა სახელი შეიძლება დაერქვას ამას არ ვიცი, ზოგი ნიჭიერებას ეძახის. მე მგონი, ამას ცხოვრების სიყვარული ჰქვია, როცა გინდა, რომ თითოეული წამი იყოს გამიზნული ახლის შექმნისთვის, საქმის კეთებით სიამოვნების მიღებისთვის, ბევრი დადებითი ემოციების გაცემისთვის. როცა ცხოვრება უფრო სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი. მეორე მეს პოვნა შეიძლება გზაა საკუთარი დანიშნულების პოვნამდე, ან სულაც არა, უბრალოდ ის ჩვენში ყველაში ცხოვრობს და ის თავგადასავალია, რომელიც უნდა გავაცოცხლოთ და გავიაროთ.

ვინც მეორე მეს გაცოცხლებას ხელი შეუწყო, თითქოს მათ უფრო მეტი ენერგია აქვთ, მეტად მოტივირებულები არიან, უფრო საინტერესო ცხოვრებაც აქვთ და შეხედულებებიც და ნაცნობების წრეც უფრო უფართოვდებათ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომ პასუხისმგებლობების პარალელურად რამდენად არის შესაძლებელი, დროის ხარჯვა შენი მეორე მეს სურვილებზე და ინტერესებზე?! აქ მკაფიო რეცეპტები არ არის. თუმცა საერთო, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ იყო ის, რომ დაიწყეს მათთვის მოტივაციის მომცემ საქმეში პატარა ნაბიჯით, ნაკლებად ამბიციურით. და დაუზარებლად გააგრძელეს ამის კეთება, ხანდახან შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ წყვეტების გარეშე. დაჟინება აქ გადამწყვეტი იყო. და ყვებოდნენ ამის შესახებ, გარშემომყოფებს უზიარებდნენ თავის გატაცებაზე, ეს კი დამატებითი სტიმული იყო მათთვის, რომ თავად შექმნილი მოლოდინი შეესრულებინათ.

გაგვიზიარეთ თქვენი მეორე მეს ან იმ თავგადასავლის შესახებ, რომელიც მოგინდათ, რომ დაიწყოთ. ეს უკვე პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება ბევრად საინტერესო ცხოვრებისკენ.

 

ეთუნა მუნჯიშვილი – Marketer.ge – ს კონტრიბუტორი

განხილვა