სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან – ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან და ოკეანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მეცნიერები, ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობენ.
კონფერენციაზე საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას, მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული.
2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თხილის პლანტაციებში მხოლოდ აზიური ფაროსანას პრობლემა არ გვხვდება. თხილის კულტურაში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების გვერდით, საჭიროა სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, 1 მარტს, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სპეციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც და წინა წლის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფერმერთა გაერთიანებებს აქამდე არახელმისაწვდომ მიწის დიაგნოსტირებას, თვეში ორჯერ აგრონომის კონსულტაციას, შესაწამლი აპარატის გადაცემასა და ასევე, საჭირო პესტიციდების შესაძენად სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
აღნიშნული გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი თოდუამ გაუზიარა. მისი თქმით, აქამდე თხილის კულტურის მოვლის საჭიროებას მოსახლეობა ვერ ხედავდა, თუმცა, დღეისათვის, აუცილებელია ისეთი გაერთიანებებისა თუ საკონსულტაციო კომპანიების არსებობა, რომელიც ფერმერებამდე კომპეტენტურ ინფორმაციას მიიტანს და დაეხმარება მათ თხილის მოსავლის გადარჩენაში.
„აუცილებელია, ყველამ ერთად ვიმუშაოთ, ამისათვის, აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც თვითმმართველობებთან, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩავრთოთ ამ პროექტში. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ თხილის მოსავლის გადარჩენა, ჩვენი მიზანი გახლავთ მაქსიმალურად ხარისხიანი მოსავლის მიღება. პრაქტიკაზე დაფუძნებით, ჩვენ თამამად შეგვიძლია, გავცეთ რეკომენდაციები და აუცილებლად მივიღებთ იმ შედეგს, რაც არის საჭიროა იმისათვის, რომ ფერმერებთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას. აგროვადებში აუცილებელია გასხვლაც, ფორმირებაც, სადრენაჟე არხების მოწესრიგებაც და, რაც მთავარია, ფერმერების შრომა. ყოველი პირველი შეხვედრისას ჩვენს პოტენციურ წევრ ფერმერებთან რასაც ვამბობთ, არის ის, რომ უნდა იშრომონ. ჩვენთან, სამწუხაროდ, იყო ასეთი სტერეოტიპი, რომ თხილის ბაღებს არ სჭირდებოდა დიდი შრომა და დანახარჯები. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მართებული. შარშანდელი წლიდან გამომდინარე, როცა ჩვენ გვაქვს ათასობით წარმატებული მაგალითი, დარწმუნებულები ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი ფერმერი გამოგვყვება“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.
კონფერენციის მონაწილეებს პრაქტიკული გამოცდილება კომპანია „ფერეროს“ სასოფლო სამეურნეო ოპერაციების მენეჯერმა, პიეტრო პიეტრინიმ გაუზიარა. მისი თქმით, აგროვადებში 5 შეწამვლის გზით, მათ შეძლეს საკუთარ პლანტაციებზე, რომელიც სამეგრელოში აქვთ, მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება. ახლა კი, მზად არიან, ეს გამოცდილება დასავლეთ საქართველოში, თხილის გადარჩენის საჭიროების მქონე ნებისმიერ ფერმერს გაუზიარონ.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 14 მარტამდე გაგრძელდება, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით იმართება.