საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით უამრავი პროექტი ხორციელდება. უმთავრესი ნაწილი ისეთ მიზნებზეა ორიენტირებული, როგორიცაა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობა, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ზოგადად, საქართველოს ევროპეიზაცია.
მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველი ევროპული ჰუმანიტარული დახმარება მიიღო 30 წელზე მეტი გავიდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული, მთლიანობაში ევროკავშირმა საქართველოში 2,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები განახორციელა.
სტატიაში მოცემულია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, სადაც ევროკავშირის დაფინანსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
სოციალური და ეკონომიკური განვითარება
- ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა: მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
- ინოვაციები და ტექნოლოგიები: სტარტაპების ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.
განათლება და ახალგაზრდობა
- Erasmus+ პროგრამა: სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამები.
- ახალგაზრდული პროექტები: არაფორმალური განათლების, მოხალისეობის და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა.
გარდამავალი და სოციალური ინკლუზია
- ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა: ქალთა გაძლიერება, ოჯახური ძალადობის პრევენცია და ბავშვთა დაცვის სერვისები.
- ხანდაზმულთა და შშმ პირთა მხარდაჭერა: ინკლუზიური პოლიტიკებისა და სერვისების განვითარება.
რეგიონული განვითარება
- სოფლის მეურნეობა: ფერმერებისთვის ტრენინგებისა და დაფინანსების უზრუნველყოფა.
- ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, წყლის მომარაგებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
დემოკრატია და ადამიანის უფლებები
- სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მოქალაქეების ჩართულობის წახალისება.
- სასამართლო სისტემის რეფორმა: სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება
- ენერგეტიკის სექტორის რეფორმა: მწვანე ენერგიის გამოყენების წახალისება.
- ნარჩენების მართვა: ეკოლოგიური პროექტები, რომლებიც ნარჩენების გადამუშავებისა და ეკოსისტემის დაცვას ემსახურება.
ევროკავშირის დახმარება ასოცირებულია ისეთ წარმატებულ პროექტებთან, როგორებიცაა:
- ენგურჰესის რეაბილიტაცია;
- სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა;
- ევროპული სკოლის დაარსება თბილისში;
- 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება, რომლის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების მშენებლობაზე დაიხარჯა;
- 2015 წლის წყალდიდობის შემდგომ 50 მილიონ ევრომდე დახმარება წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად;
- კოვიდ-პანდემიის პერიოდში 300 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფა, მათ შორის აღჭურვილობის გადმოცემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის და მედიკოსთა გადამზადება;
- განათლების მხარდაჭერა (Erasmus+), მათ შორის 6000-ზე მეტი სტუდენტის სწავლების დაფინანსება ევროპულ უნივერსიტეტებში;
- ქართველ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მობილობების მხარდაჭერა და სხვა.
საერთაშორისო დონორებისა და სმარტ აკადემიის თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელებულა:
ქალთა გაძლიერების ორგანიზაციამ „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“ სმარტ აკადემიის ჩართულობით, განახორციელა პროექტი „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნა იყო. პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა. კონკურსში 180 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა.
2021 წელს ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებითა და სმარტ აკადემიის ხელშეწყობით, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, კომპიუტერული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საოფისე პროგრამების ერთთვიანი კურსი ჩაუტარდათ. ტრენინგ-კურსი, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, გელა პატარაია უძღვებოდა, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის 9 მასწავლებელმა გაიარა.
სმარტ აკადემიის თანადამფუძნებელი მაკო ქურთიაშვილი, 2021 წლის გრეის ჰოპერის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში – „ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი“, რომელიც სხვა მონაწილეებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. გამარჯვებულები გაეცნენ ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემას, მოინახულეს ტექნოლოგიური კომპანიები და სექტორში მოქმედი ორგანიზაციები. ვიზიტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ისრაელის საელჩოს პარტნიორობით გაიმართა და მისი მიზანი ისრაელის ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაცნობა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების თუ ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
სმარტ აკადემიის ერთ-ერთი პროექტი „პროფესიების გზამკვლევი“ „იდეების კონკურსის“ გამარჯვებულია, რომელიც ორბელიანი მეტისა და USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ნებისმიერ მსურველს აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია თავისი ინტერესების, შესაძლებლობების, შრომითი ბაზრის მოთხოვნების, განვითარების პერსპექტივების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ინიციატივა ხელს შეუწყობს ინფორმირებული და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას საქართველოს თითოეულ რეგიონში, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროფესიული განვითარების პროცესს და გახდის მას უფრო მიზანმიმართულს და პერსპექტიულს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ერთიანი პლატფორმა „DO IT GEORGIA“, რომელმაც უკვე წარმატებით გადაამზადა 10,000-მდე IT სპეციალისტი. 2024 წელს, ამ პროგრამის საშუალებით, სმარტ აკადემიაში 200-მდე სტუდენტმა შეიძინა ახალი პროფესია დიზაინის, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სანდო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხმარება დემოკრატიის, ინკლუზიური საზოგადოების და მდგრადი განვითარების მიღწევაში.
საქართველოში განხორციელებული წარმატებული ინიციატივები ნათლად აჩვენებს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც დიდ შესაძლებლობებს გვპირდება, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოემსახურება.
[პარტნიორის კონტენტი]