12 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება ფორუმი თემაზე – „მწვანე ნაგებობები: საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხა სექტორთა თანამშრომლობის მნიშვნელობა“. ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით ტარდება.
„დღევანდელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და უფრო თანამედროვე, მწვანე მიდგომებზე გადასვლა. „ონლაინ“ ფორუმი მიზნად ისახავს სწორედ მწვანე ნაგებობების შესახებ დისკუსიის წამოწყებას, თემის დღის წესრიგში დაყენებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
ღონისძიების მომხსენებლები არიან საერთაშორისო ევროპელი ექსპერტები – ქრის ბათერსი, ოსლოს უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოს ცენტრიდან და სენდი ჰალიდეი, გაია ჯგუფი, ედინბურგი. საუკეთესო დიზაინის პრინციპების საილუსტრაციოდ, ისინი წარმოადგენენ გამორჩეულ პროექტებს, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სამშენებლო ინდუსტრია განვითარდეს „მწვანე ნაგებობების“ მიმართულებით, როგორ უნდა დავსახოთ მიზნები და გავზომოთ შედეგები. ასევე – რატომ არ უნდა ღირდეს მწვანე ნაგებობები უფრო მეტი“.
ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისათვის: საზოგადოებრივი ორგანიზაციების, გარემოს დამცველების, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, შენობების მესაკუთრეებისა და ოპერატორების, არქიტექტურული სააგენტოების, უმაღლესი სასწავლებლების, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
„სამშენებლო ინდუსტრია დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. მშენებლობამ შეიძლება, გამოიწვიოს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა, ხოლო ასეთი ნარჩენების არასათანადოდ განადგურებამ – დაბინძურება, რაც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ, საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
მდგრადი ნაგებობების მიზანია, სამშენებლო ინდუსტრიას შესთავაზოს თანამედროვე და მარტივი გამოსავალი, რათა შემცირდეს მათ მიერ გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენა, რაც საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს როგორც გარემოზე ასევე ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“.
ფორუმზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელია 10 ნოემბრის ჩათვლით. ღონისძიების შესახებ დეტალები იხილეთ სპეციალურ ბმულზე.
ინფორმაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ შესახებ
ფორუმი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
ინფორმაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ შესახებ
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), დაარსების დღიდან, ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე პირველად ჩაატარა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora.
[R]











