in

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ახდენილი „ამერიკული ოცნება“

„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლო პროცესზე, მოსამართლის გვერდით, თანაშემწის ადგილს იკავებ და საქმის განხილვის სრულფასოვანი თანამონაწილე ხდები და ეს ყველაფერი იმიტირებული არ არის, ადვილად იჯერებ, რომ ოცნებები ხდება“ – ამბობს ნათია როსტომაშვილი.

BOG
BOG

 

„ევროპის უნივერსიტეტის“ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული ნათია როსტომაშვილი ფლორიდის შტატიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ადგილობრივ სასამართლოში ერთთვიანი სტაჟირების დეტალებზე და იმ ემოციებზე, რომლებიც მისთვის „ამერიკული ოცნების“ ახდენამ გამოიწვია,  „მარკეტერს“ ესაუბრა.

ნათია როსტომაშვილი: 

სასწავლო პროგრამით ამერიკაში  გამგზავრება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ამიტომ მუდმივად თვალყურს ვადევნებდი,  რას სთავაზობდნენ ამ მიმართულებით უნივერსიტეტები სტუდენტებს. მეგობრისგან გავიგე, რომ „ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას სთავაზობდა და მათ შორის იყო სტაჟირება ამერიკაში. როდესაც დეტალების დასაზუსტებლად უნივერსიტეტში მივედი, მივხვდი რომ EU სწორედ ის სასწავლებელი იყო, რომელიც ჩემი მიზნების განხორციელებაში  დამეხმარებოდა. შეერთებულ შტატებში სტაჟირებამდე, სამართლის სკოლის პროგრამაში ჩავერთე, რომლის ფარგლებშიც ერთთვიანი სალექციო კურსი  სქართველოში ევროპის უნივერსიტეტის  სპეციალური მოწვევით მყოფმა ამერიკელმა მოსამართლემ, მარკ სპეისერმა ჩაგვიტარა. კურსის დასრულების შემდეგ ტესტირება და გასაუბრება გავიარეთ.  შემდეგ კი ჩემთვის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა, როდესაც შევიტყე, რომ საუკეთესო შედეგით  გამარჯვებული გავხდი და ამერიკაში გავემგზავრებოდი. პროგრამა გულისხმობდა ფლორიდაში ერთთვიან სტაჟირებას, სადაც გავეცნობოდი სასამართლოს ადგილობრივ მოდელს და ორი ქვეყნის (ა.შ.შ.-საქართველო) სასამრთლო სისტემებს შორის განსხვავებებს. მნიშვნელოვანი იყო, რომ გამგზავრების და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად „ევროპის უნივერსიტეტი“ დაფარავდა. ფლორიდაში ქალაქ ფორტ ლოუდერდელში გამგზავრებამდე, ერთთვიანი სტაჟირება  საქართველოს სააპელაციო სასამართლოშიც გავიარე, რაც ასევე აღნიშნული პროგრამით იყო გათვალისწინებული. როდესაც აეროპორტში  მოსამართლე მარკ სპეისერი დამხვდა, (ის თავად უნდა ყოფილიყო ჩემი მასპინძელი და ხელმძღვანელი ერთი თვის განმავლობაში) მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, ამ პროგრამიდან  რაც შეიძლება მეტი სარგებელი  მიმეღო  და პროფესიული უნარები მაქსიმალურად განმევითარებინა.

რას მოიცავდა ერთთვიანი სტაჟირება? 

პირველივე დღეს სასამართლო პროცესზე აღმოვჩნდი. მოსამართლის ასისტენტობა საკმაოდ ამაღელვებელი იყო, მაგრამ ვცდილობდი ემოციებზე ნაკლებად გამემახვილებინა ყურადღება  და მაქსიმალურად გავცნობოდი შეერთებული შტატების სასამართლოს მოდელს. სამომავლო საქმიანობაში აქტიურად გამოვიყენებ იმ ჩანაწერებს, რომელსაც სტაჟირების პარალელურად ვაკეთებდი. ვინიშნავდი იმ განსხვავებებს, რაც საქართველოსა და ა.შ.შ.-ის სასამართლო სისტემებს შორის არსებობს. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლო პროცესზე, მოსამართლის გვერდით თანაშემწის ადგილს ირგებ და საქმის განხილვის სრულფასოვანი თანამონაწილე ხდები, შემდეგ კი, აცნობიერებ რომ ეს ყველაფერი  იმიტირებული არ არის, ადვილად იჯერებ, რომ ოცნებები ხდება. ამერიკელების შინაგანი თავისუფლება ალბათ ყველაზე მეტად სასამართლოში იგრძნობა. ეს ადვილად შეიმჩნევა მოსამართლესა და მსჯავრდებულს შორის ურთიერთობაშიც, მათ  განსაკუთრებულად უშუალო დამოკიდებულება აქვთ  ერთმანეთთან. პროცესების გარდა, სასამართლოში, მოსამართლესთან ერთად, ვეცნობოდი საქმის მასალებს. გამიმართლა იმაშიც, რომ პირველივე დღეს აღმოვჩნდი სისხლის სამართლის პალატის დაჯილდოებაზე, რომელსაც ფლორიდის  შტატის სისხლის სამართლის შერიფები და მოსამართლეები ესწრებოდნენ. პროგრამა ასევე მოიცავდა  ფლორიდის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური საადვოკატო კომპანიის სამუშაო პროცესში  უშუალოდ ჩართვასაც. როდესაც ამ კომპანიის კლიენტებთან კონსულტაციის შემდეგ  საჩივრის ფორმებს ვავსებდი, მივხვდი, რომ მიზანდასახული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. წამოსვლამდე ერთი დღით ადრე ჩემმა მასპინძელმა საჩუქარი გამიკეთა და საშუალება მომცა კრიმინალურ ლაბორატორიაშიც აღმოვჩენილიყავი, სადაც დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებების დამუშავების საკმაოდ საინტერესო პროცესს დავესწარი. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო, პროგრამის დასასრულს  ქალაქის ციხე დავათვალიერე. ეს ფაქტობრივად ფინალური ფსიქოლოგიური გამოცდა იყო, რომელზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს.

 

რას ნიშნავ ეს ერთი თვე თქვენთვის?

ნებისმიერი იურისტის კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს  წარმატებული ქვეყნების სასამართლო სისტემების მოდელებს. ბედნიერი ვარ, რომ  შეერთებული შტატების მაგალითზე საშუალება მომეცა, საკუთარ პროფესიაში, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა გამეღრმავებინა. ამერიკული და ქართული სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, სწორედ ეს თავისებურებები იყო ჩემი ინტერესის სფერო. სამომავლოდ, ფლორიდაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება კარიერაში წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში.

ახლა რა გეგმები გაქვთ?

ახლა მთელი ყურადღება სალექციო კურსის შექმნაზე  მაქვს მიმართული (ამერიკულ და ქართულ სასამართლო სისტემებს შორის განსხვავებები), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნით უნდა შევქმნა. შემდეგ კი, ამ კურსს  ადგილობრივ უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში  წარვადგენთ – ესეც გაცვლითი პროგრამის ნაწილია. გარდა ამისა, ვმუშაობ „ევროპის უნივერსიტეტში“. უნივერსიტეტის მხრიდან საქმიანი წინადადება სტაჟირებაზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მივიღე. EU-ში ერთდროულად რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. ასევე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებას.

რას ურჩევდით სტუდენტებს, მათ ვისაც სურს „ევროპის უნივერსიტეტის“ ამავე ან სხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა?

საკუთარ თავში იმის შიში უნდა დაძლიო, რომ რაღაც არ გამოგივა. კონკურენცია კი, ბრძოლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად  და საკუთარი უნარების კიდევ უფრო დასახვეწად  გამოიყენო.  „ევროპის უნივერსიტეტი“ სხვა სასწავლებლებისგან ყველაზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ  თითოეულ  სტუდენტს სხვადასხვა პროგრამაში ჩართვისა და გამარჯვების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ ნუ გაუშვებენ ამ შესაძლებლობას ხელიდან. თუ წარმატების და კონკრეტული შედეგის მიღწევა გინდა, აუცილებლად მაქსიმუმი უნდა გაიღო. ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შეუძლებელია, მონდომება და შრომა არ დაგიფასდეს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დაწყებულ საქმეს ყოველთვის ბოლომდე მიიყვან.

ძაღლები მუსიკალური გემოვნებით – Spotify-ის ორიგინალური კამპანია თავშესაფრის ცხოველებისთვის 

მე განსაკუთრებული ვარ! – მუჰამედ ალის ცნობილი მონოლოგი Apple-ის  ვიდეორგოლში