1-ელ ივლისს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად ხომალდი Euclid გაუშვა. რამდენიმე დღის წინ ინჟინრებმა, ტესტირების ეტაპის დასაწყებად, მისი კამერებიც გაააქტიურეს და სურათები გადაიღეს, რომლებშიც ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფართო ხედებს ვხედავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ფოტოები სატესტო ეტაპის ფარგლებში გადაიღეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც აპარატი შესაბამის პოზიციაში განლაგდება, ის კოსმოსის სამგანზომილებიანი რუკის შექმნას დაიწყებს. სწორედ ასე შეუდგებიან მეცნიერები ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის ბუნების შესწავლას. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი უდიდეს როლს ასრულებს კოსმოსის მასასა და გაფართოებაში — შესაბამისად, აღნიშნული სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია უსასრულო სივრცის შესასწავლად…
უბრალოდ, აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის უშუალოდ დაკვირვება შეუძლებელია; ამიტომაც, ევკლიდეს შემოვლითი მეთოდების გამოყენება მოუწევს მათი თვისებების გასაანალიზებლად — კერძოდ, აპარატი დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარე არეალიდან დააკვირდება იმ ეფექტებს, რომლებიც ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას გარემოზე აქვს.