„ეიფორია“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ერთი თვის წინ დაარსდა და ორგანული ნაწარმის, აბაზანის ბომბის დამზადება დაიწყო. აბაზანის ბომბი ნატურალური ინგრედიენტებით: სოდით, მარილებით, ეთერზეთებითა და ბუნებრივი საღებავებით შექმნილი პროდუქტია და აბაზანაში გამოიყენება. იდეის ავტორები ანა სულაბერიძე და ირინა პაპაშვილი არიან. ანა სულაბერიძეს, იგივე ანნე ვიტალეს წლებია იცნობენ, როგორც ფოტოგრაფს, ირინა პაპაშვილი კი, პროფესიით ფსიქოლოგია და მას უკვე ერთი სტარტაპი (Pipe Bar) აქვს. აბაზანის ბომბის გარდა, ისინი სამომავლოდ ნატურალური, ხელნაკეთი კოსმეტიკის დამზადებასაც გეგმავენ.
M: რა არის აბაზანის ბომბი?
ანა: აბაზანის ბომბი წარმოადგენს ორგანული მარილების, ზეთების, ფერებისა და არომატების ნაზავს. ბომბის შემადგენლობაში არსებული მარილები ახდენს დეტოქსიფიკაციას, ეთერზეთები განაპირობებს კანის დატენიანებას, დარბილებას, აღდგენას, კვებას და ა.შ. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ არომაზეთები ემოციებზე მოქმედებენ დადებითად და ამაღლებენ განწყობას. სურნელებისა და ფერების ნაზავი კი, აბაზანის მიღების პროცესს სახალისოს და დაუვიწყარს ხდის.
M: როგორ მზადდება?
ირინა: ვამზადებთ ხელით, მისთვის აუცილებელი პირობების, ტემპერატურისა და გარემოს გათვალისწინებით. ასევე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ არის ორგანული, არ შეიცავს ხელოვნურ და მავნე დანამატებს და ცხოველურ ცხიმებს.

M: არსებობს მისი ანალოგი ქართულ ბაზარზე?
ანა: ჩვენი ბომბების უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა საქართველოს ბაზარზე პირველი მსგავსი პროდუქტია. ჩვენ გვეამაყება, რომ დავიწყეთ საქართველოს ბაზრისთვის უცხო და განსხვავებული პრუდუქტის წარმოება.
M: როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა და როგორ შეურჩიეთ სახელი?
ირინა: ორივე ბიო და ორგანული კოსმეტიკის მომხმარებლები ვართ და ყოველთვის გვწყდებოდა გული, რომ საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იქმნებოდა. დღეს, როცა მსოფლიოში ასეთი ტრენდულია ბიოლოგიურად სუფთა და ორგანული კოსმეტიკა, გავბედეთ აქ დაგვეწყო მისი დამზადება და ტესტმა გაამართლა. შემდეგ გადავწყვიტეთ, ბრენდად ჩამოვყალიბებულიყავით. რაც შეეხება სახელს, „ეიფორია“ არის ის ამაღლებული განწყობა, რაც თან სდევს ჩვენი პროდუქტის მოხმარებას.
M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქტი და როგორ შეიძლება მისი შეძენა?
ანა: იმის გათვალისწინებით, რომ ერთი თვეც არაა, რაც ჩვენი ბრენდი შეიქმნა, ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ აბაზანის ბომბები და ვიღებთ შეკვეთებს ონლაინ, Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით. ხოლო თებერვლის ბოლოსთვის გვექნება პატარა და ლამაზი სტენდი. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასი არის მაქსიმალურად დაბალი, რადგან მისი დამზადება დროს, ენერგიას და რთულად მოსაპოვებელ მასალას მოითხოვს
M: რა იყო მთავარი სირთულე ბრენდის დამკვიდრების პროცესში?
ირინა: ჯერ-ჯერობით, მთავარ სირთულეს წარმოადგენს პროდუქტის ნაკლები ცნობადობა, – ქართველი მომხმარებლების უმეტესობამ არ იცის, რა არის აბაზანის ბომბი, ზოგს ნამცხვარი ჰგონია, ზოგს კი, კანფეტი, ამიტომ ვცდილობთ, გავაცნოთ ვიდეოებით და ფოტოებით. მომავალში უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის რაობაზე და მის გამოყენებაზე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Euphoge/videos/1534806449867935/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
M: რა სამომავლო გეგმები და მოლოდინები გაქვთ?
ანა: გეგმებიც და ამბიციებიც დიდია. გვინდა ქართული ხელნაკეთი კოსმეტიკის დამკვიდრება ბაზარზე, მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოება (ნიღბები, სკრაბები, კრემები, შამპუნები, ტანის გელები და ა.შ). ყველაფერი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ნატურალური მასალის მოპოვება არ არის ადვილი, თუმცა ნაწილობრივ ჩვენ ეს უკვე მოვახერხეთ. მუდმივად ვმუშაობთ არსებული პროდუქციის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და სულ მალე უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის მხარდაჭერა ამ ქართულ წამოწყებაში.























