in

ის, რაც „ევრობასკეტის”, დიდი საკალათბურთო ჩემპიონატის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ევრობასკეტ 2022-ს საქართველო მასპინძლობს

„ევრობასკეტი”, რომელსაც ადრე მოიხსენიებდნენ როგორც ევროპის კალათბურთის ჩემპიონატს, არის მთავარი საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრი. ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ევროპის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. სპორტის ამ სახეობის მოყვარულები მას მუდამ განსაკუთრებით ელიან, რადგან ევრობასკეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კალათბურთში. წელს მას საქართველოშიც განსაკუთრებულად ველით, რადგან ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა შეირჩა, როგორც ევრობასკეტის მასპინძელი. რაღა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას ქართული ეროვნული ნაკრებიც იღებს.

დაარსების დღიდან „ევრობასკეტს” ხანგრძლივი ისტორია მოუგროვდა, თუმცა როგორც ნებისმიერი ისტორიის თხრობას უხდება, ამ ამბავსაც თავიდან დავიწყებთ.

პირველი ევრობასკეტი

პირველი ჩემპიონატი ჩატარდა FIBA-ს (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, 1935 წელს. მასპინძლობას შვეიცარია უწევდა და მას ათი ქვეყანა შეუერთდა. ამ ტურნირის ყველა თამაში ღია კორტებზე გაიმართა. ფინალში ლატვია გავიდა და მაშინდელი წესის მიხედვით, შემდეგი თამაშებიც გამარჯვებულს უნდა გაემართა. მომდევნო ტურნირები ლიეტუვამ და ეგვიპტემ მოიგეს, 1941 წელს უნდა ჩატარებულიყო ლიეტუვაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა.

დაბრუნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

მეორე მსოფლიო ომმა ევროპაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის შეეხო არა მარტო ეკონომიკას, არამედ კალათბურთის რუკაზეც ცვლილებები შეიტანა. მაგალითად, ლიეტუვა და ლატვია, ჩემპიონატის პირველი გამარჯვებულები, საბჭოთა კავშირს შეუერთდნენ. FIBA-ს ომის შემდგომი პირველი შეჯიბრის ჩატარება 1945 წელს უნდოდა იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებოდა ევროპას გამოცოცხლებასა და ძალების აღდგენაში, თუმცა საქმე ასე მარტივად არ აღმოჩნდა. ომის შედეგებს ქვეყნები ჯერ კიდევ მწვავედ განიცდიდნენ, მოთამაშეების უმრავლესობა კი შეიარაღებული ძალებიდან არ იყო დაბრუნებული.

ამის მიუხედავად, FIBA-მ ჩაატარა შეჯიბრი შვეიცარიაში, რომელიც ამის შემდეგ ყველაზე ნეიტრალურ ქვეყნად დარჩა პოლიტიკური მიმართულებით. რაც შეეხება მის სპორტულ ინფრასტრუქტურასა და მზაობას მსგავსი ჩემპიონატებისთვის, ის ამ მხრივაც კარგ მდგომარეობაში იყო. ომის შემდგომი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ჩეხეთი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სწორედ ამ დროის შემდეგ შეიცვალა თავდაპირველი წესი, რომელიც დღემდე მოქმედებს – ყოველი მომდევნო შეჯიბრი იმართება არა წინა მოგებული გუნდის ქვეყანაში, არამედ მასპინძელს საგანგებოდ არჩევს თავად FIBA.

70-იანი წლები

ეს პერიოდი ევრობასკეტისთვის იუგოსლავიასა და საბჭოთა კავშირს შორის კონკურენციით არის ცნობილი. ათწლეულის განმავლობაში იუგოსლავიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა, დანარჩენი ორი კი საბჭოთა კავშირმა. ყველა ჩემპიონატზე ფაქტობრივად ეს ორი მხარე ებრძოდა ერთმანეთს და ევროპის სხვა ქვეყნები ჩრდილში იყვნენ მოქცეულები. დომინანტი მაინც იუგოსლავია იყო და ეს ქიშპობა მათ შორის 80-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.

ახალი მოთამაშე

საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის შემდეგ ჩემპიონატს ახალი მოთამაშე გამოუჩნდა, რომელმაც ოქროს ჯილდოსკენ გაიბრძოლა. ეს იყო იტალია და ეს მოხდა 1983 წელს. იუგოსლავია მასაც ჯანსაღ კონკურენციას უწევდა, ასევე ასპარეზზე შემოვიდა ესპანეთიც, რომელმაც სწორედ ამ დროს გამოავლინა თავისი ძალა და რამდენიმე ძლიერი კალათბურთელიც გააცნო საზოგადოებას, მაგრამ გამარჯვებულის სტატუსი იტალიამ არავის დაუთმო.

ამის შემდეგ ტურნირები სხვადასხვა სცენარით მიმდინარეობდა. გამარჯვება საბერძნეთმაც მოიპოვა, ესპანეთმაც, თურქეთმაც; გერმანიამაც, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში მოუგო რუსეთს მხოლოდ ერთი ქულით (1985 წელი).

საერთო ჯამში, ევრობასკეტის ოქროს მედალოსნების რუკა საკმაოდ ჭრელია და მასზე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროშას შეხვდებით. 2000-იან წლებში ყველაზე მეტჯერ ესპანეთმა გაიმარჯვა, მათ შორის ზედიზედ ორჯერ არ დათმო პირველი ადგილი – 2009 და 2011 წლებში.

ამ დროისთვის ბოლო ჩემპიონატი 2017 წელს არის ჩატარებული, სადაც ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სლოვენიამ, სერბეთმა და ესპანეთმა გადაინაწილეს.

საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე” პირველად მონაწილეობა 2011 წელს მიიღო და მას შემდეგ ყველა მომდევნო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობის კვალიფიკაციას.

წელს, 2022-ში, ევრობასკეტი ახალი ტურნირისთვის ემზადება. როგორც უკვე იცით, ყოველ ახალ ტურს შესაბამისი მასპინძელი ქვეყანა ჰყავს და წელს ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად, ამ საერთაშორისო მოვლენას მასპინძლობას საქართველოც უწევს.

ჩემპიონატი 1 სექტემბერს იწყება და 18-ის ჩათვლით გრძელდება. ის ევრობასკეტის რიგით 41-ე შეჯიბრია და მას კვლავინდებურად FIBA Europe ატარებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ის გასულ წელს, 2021-ში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ორგანიზატორებს გადადება მოუწიათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იქნება პირველი ტურნირი იმ შეთანხმების შემდეგ, რომ ევრობასკეტი ყოველ 4 წელიწადში უნდა ჩატარდეს. წლევანდელ ტურნირში სულ 24 ნაკრები მონაწილეობს, საიდანაც თითოეული გუნდი 5 ჯგუფურ ტურს გამართავს, აქედან კი თითოეული ჯგუფის მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავა ნოკაუტ ფაზაში. საქართველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ თვალი ვადევნოთ წლის გამორჩეულ სპორტულ მოვლენას და საკუთარ ნაკრებს წარმატებები ვუსურვოთ!

საქართველოს ბანკი – საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი სპონსორი!
adjarabet.com – საქართველოს კალათბურთის ნაკრების სპონსორი!

#ევრობასკეტიშენსმოედანზე

როგორ უნდა შექმნათ კომპანიის გაზომვადი მიზანი?

Netflix 25 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეოთი აღნიშნავს