26
Oct
2017

EUROBEST-ის შესარჩევი კონკურსი იწყება! ევროპის კრეატიულ ფესტივალზე ორი გუნდი გაემგზავრება

26 Oct 2017

28-29 ოქტომბერს, თბილისში, ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი ღონისძიება გაიმართება. კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს ინტეგრირებული კამპანიის დაგეგმვაში შეეჯიბრებიან. ქვეყნის მასშტაბით, 2 საუკეთესო გუნდს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს, რომლებიც 28-29 ნოემბერს ლონდონში, ევროპის პირველობისთვის იბრძოლებენ. „ევრობესთის“ ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა, გუნდი წარმოადგენდეს სააგენტოს. თითო სააგენტოს შეუძლია დაარეგისტრიროს ერთი, 2 ადამიანისგან შემდგარი, გუნდი. მონაწილეების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს [2017 წლის 1 დეკემბრამდე] (სარეგისტრაციო ფორმა).

ლევან ლეფსვერიძე, „ევრობესთის“ ადგილობრივი კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი: „ევრობესთი“ არის ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების საუკეთესო საშუალება, რადგან ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს მათ, დატესტონ საკუთარი ძალები კრეატივში, მიიღონ გამოცდილი საერთაშორისო ჟიურის ფიდბექი და იბრძოლონ გამარჯვებისთვის. „ევრობესტში“, იქ, უკვე დიდ კონკურსში გამარჯვება ნიშნავს, რომ 30 წლამდე პროფესიონალებს შორის საუკეთესო ხარ! ეს შეუძლებელი არ არის, რადგან 2 წლის წინ, ქართველებმა ოქროს მედალი აიღეს – გიორგი ავალიანმა და ანანო მიმინოშვილმა, „ლივინგსტონიდან“. ასე რომ, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ირწმუნონ საკუთარი ძალების და თამამად ცადონ ბედი ფესტივალზე.

საშა კაცმანი, BOG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: საქართველოს ბანკი უკვე მეორედ უჭერს მხარს საქართველოში ახალგაზრდული Eurobest-ის შეჯიბრის ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარებისა და საეთაშორისო ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, კრეატივის წინსვლისთვის, რისი პერსპექტივაც გვაქვს. საქართველოს ბანკი აქამდე და მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლებას, პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

„ევრობესთი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

განხილვა