5
Nov
2019

ცეცხლი აინთო, „ევრობესტი“ დაიწყო! – სარეკლამო ფესტივალი 2 საუკეთესო გუნდს ეძებს

5 Nov 2019

8-10 ნოემბერს, თბილისში, ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი შესარჩევი კონკურსი გაიმართება. მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში შეეჯიბრებიან.

ქვეყნის მასშტაბით, 2 საუკეთესო გუნდს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს, რომლებიც 30 ნოემბერი – 2 დეკემბერს,  ვარშავაში საასპარეზოდ, ევროპის პირველობისთვის იბრძოლებენ.

„ევრობესტის“ ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.

  • მონაწილეების რეგისტრაციის საბოლოო ვადაა, პარასკევი, 8 ნოემბერი, 15:00;
  • დასარეგისტრირებლად, მიჰყევით ბმულს;
  • თითოეულ სააგენტოს უფლება აქვს, წარადგინოს, მხოლოდ  ერთი, ორი წევრისგან შემდგარი გუნდი (რეგისტრაციის ღირებულებაა 300 ლარი);
  • თუმცა, თუ სააგენტო, რომელსაც გუნდი წარმოადგენს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის წევრია, მას, მაქსიმუმ, 2 გუნდის გამოყვანის უფლება ენიჭება (ამ შემთხვევაში, პირველი გუნდის რეგისტრაცია უფასოა, ხოლო მეორის ღირებულება – 200 ლარი).

კონკურსის ფორმატი:
ორკაციანი გუნდი (მაგ: კოპირაიტერი, არტდირექტორი) პარასკევს, 8 ნოემბერს, მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს დავალებას.

დავალების შესასრულებლად, ბრიფის მიღებიდან, სრული 48 საათია მოცემული. მონაწილეები მათთვის სასურველ, ნებისმიერ სივრცეში იმუშავებენ თავიანთ ნაშრომებზე, შემდეგ კი, 500 სიტყვიან ტექსტსა და 10 სლაიდიან პრეზენტაციას წარმოადგენენ.

ნამუშევრის გამოგზავნის საბოლოო ვადაა კვირა, 10 ნოემბერი, 21:00.

კონკურსში ფასდება კრეატიული კამპანიის დაგეგმვა – ერთიანი კონცეფცია, დროში დაგეგმილი აქტივობები და ა.შ. გარდა ტექსტებისა, პრეზენტაციაში წარმოსადგენი იქნება 3 მაგალითი, თუ როგორ იშლება მონაწილეების მიერ დაგეგმილი კამპანია საკომუნიკაციო არხებში (მაგ: ბილბორდები, ვიდეოს სცენარის აღწერა და ა.შ.).

სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ფლობა, რადგან „ევრობესტზე“ ამ ენაზე მოუწევს 2 გამარჯვებულ გუნდს ნამუშევრების წარდგენა.
საქართველოში, სამუშაო ენა ქართულია.

„ევრობესტი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში იმართება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

განხილვა