in

Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების ადგილობრივი კონკურსი დაიწყო!

Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების ადგილობრივი კონკურსი დაიწყო – მონაწილეებმა უკვე მიიღეს ბრიფი. მათი დავალება ასეთია: მონაწილე გუნდებმა უნდა მოიფიქრონ კამპანიის იდეა და შესაბამისი კომუნიკაცია, რომელიც დაარწმუნებს მომხმარებლებს, შეიძინონ ქართული ბრენდები, იქნება ეს: საკვები, სასმელი, ტკბილეული, სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, სუვენირები თუ სხვა ნებისმიერი რამ.

ორგანიზატორებმა, ბრიფი, მონაწილეებს „ონლაინ“ შეხვედრაზე გააცნეს.

„ჩვენი მთავარი თემაა, მოვიფიქროთ იდეა, რომელიც გაამხნევებს, დააინსპირირებს და წაახალისებს ქართულ ბიზნესს. ბოლო წლების მანძილზე, ძალიან მომრავლდა სტარტაპ ინიციატივები. ამან შედეგიც გამოიღო და არსებობს შესაბამისი გრანტები და პროგრამები. შედეგად კი გამოჩნდა ბევრი ადგილობრივი ბიზნესი. მართალია, ბაზარზე გამოჩნდა ხარისხიანი, ლოკალური ქართული ბრენდები, მაგრამ მომხმარებელს არ აქვს ჩვევა, შეიძინოს ისინი. ჩვენი დავალება არის მოიფიქროთ იდეა, კამპანია და გააკეთოთ ამ კამპანიის გაშლა 3 საკომუნიკაციო არხში, რომელიც დაარწმუნებს მომხმარებელს, შეიძინოს ქართული პროდუქტი, ქართული ბრენდები“, – ამბობს „კანის ლომების“ წარმომადგენელი საქართველოში ლევან ლეფსვერიძე.

ლევან ლეფსვერიძე

გუნდებს დავალების შესასრულებლად სრული 3 სამუშაო დღე აქვთ. მათი მოფიქრებული კამპანია უნდა გაკეთდეს რეალურ დროში, ამ მოცემულობაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების გათვალისწინებით.

გუნდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში უნდა იყოს 10 „სლაიდი“. მათ შეუძლიათ, ჟიურის გაუგზავნონ 500-სიტყვიანი „ვორდის“ დოკუმენტიც, სადაც დამატებით დეტალებზე ისაუბრებენ.

„რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, პირველ რიგში ფასდება იდეა, რამდენად ახლებური და ინოვაციურია. ასევე, რამდენად რეალისტურია, რეალურ ცხოვრებაში თუ იქნება შესაძლებელი მისი განხორციელება. ჟიური  შეაფასებს კამპანიის არხებში გაშლასაც და პრეზენტაციასაც, ანუ რამდენად კარგად აწყობილი და გასაგები იქნება პრეზენტაცია“, – ამბობს „კანის ლომების“ წარმომადგენელი საქართველოში აკო ახალაია.

აკო ახალაია

იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე გუნდს ერთნაირად მაღალი ქულები ექნებათ, ჟიური იტოვებს ვიდეო ჩართვის უფლებას, რომ დამატებითი შეკითხვები დაუსვას გუნდებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

წელს, Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების ადგილობრივ კონკურსში 55 გუნდი მონაწილეობს. მათ ნამუშევრებს კი 12-კაციანი ჟიური შეაფასებს.

შედეგები 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. გამარჯვებული 2 გუნდი, საქართველოს სახელით, „ევრობესტის“ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე წარდგება, რომელიც წელს დისტანციურად ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ „ევრობესტის“ ახალგაზრდა კრეატივების კონკურსს, საქართველოში, „კანის ლომების“ ადგილობრივი წარმომადგენლობა ატარებს.

მცირე ტექნიკით ინტიმური გარემოს შექმნა – ქართული ნამუშევარი კინოგანათების კონკურსის გამარჯვებულია

ქართული გუნდი “ნასას” ჰაკათონის ფინალშია