Eurobest საქართველომ გამარჯვებულები გამოავლინა! შესაბამისად, ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს Eurobest-ის საერთაშორისო კონკურსზე. ადგილობრივ კონკურსში მონაწილეობა 55-მა გუნდმა მიიღო, მოკლე სიაში 13 მათგანი მოხვდა, საუკეთესო შედეგის მქონე 2 გუნდი კი, ევროპის მასშტაბით პირველობისთვის, საქართველოს სახელით იასპარეზებს. ამასთან, გაიხსნა საქართველოს შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციის ACAG 2021 წლის სარეიტინგო სეზონი და საუკეთესო შედეგების მქონე სამი გუნდი, ამ კონკურსის შედეგების შესაბამისად, ACAG-ის რეიტინგშიც მოიპოვებს ქულებს.
მონაწილეების დავალება იყო, მოეფიქრებინათ კამპანიის იდეა და შესაბამისი კომუნიკაცია, რომელიც დაარწმუნებდა მომხმარებლებს, შეეძინათ ქართული ბრენდების პროდუქტები: საკვები, სასმელი, ტკბილეული, სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, სუვენირები თუ სხვა ნებისმიერი რამ.
დაბრიფვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ისევე, როგორც დავალებაზე მუშაობის სამდღიანი პროცესი. გუნდების მიერ შექმნილი კამპანია უნდა ყოფილიყო რეალური დროის, მოცემულობის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების გათვალისწინებით მოფიქრებული. Eurobest Young Creatives Contest-ის ფარგლებში, ორკაციან გუნდებს მოკლე დროში უნდა შეემუშავებინათ ინტეგრირებული კამპანია, შემდეგ კი, წარმოედგინათ 500-სიტყვიანი ტექსტი და 10 სლაიდიანი პრეზენტაცია.
ნამუშევრები ჟიურის 12-მა წევრმა შეაფასა, გამარჯვებულთა ვინაობა კი, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მაშ ასე:
წელს, Eurobest-ზე საქართველოს სახელით იასპარეზებს Kraken-ის გუნდი, ლაშა კოტორაშვილისა და ანა მამულაშვილის შემადგენლობით და watergunz – ანა ჟორჟიკაშვილისა და გურამ თოიძის წარმომადგენლობით. ხოლო ACAG-ის რეიტინგის ქულები, ამ ორ სააგენტოსთან ერთად, WINDFOR’S-მაც მოიპოვა. ამრიგად, ACAG-ის რეიტინგის ქულები ასე გადანაწილდა: Kraken – 22.5, watergunz – 10.5 Windfor’s Tbilisi – 4.5.
გაგაცნობთ შორთლისტში მოხვედრილი გუნდების რეიტინგს.
კონკურსში მონაწილე გუნდების ნამუშევრების ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.
Eurobest-ის საერთაშორისო კონკურსის ბრიფი 13 ნოემბერს გახდება ცნობილი. მონაწილეებს, დავალების შესასრულებლად, 3 დღე ექნებათ. შეფასებისა და კითხვა-პასუხისთვის 18 ნოემბერია ჩანიშნული. გამარჯვებულებს კი, 10 დეკემბერს დაასახელებენ.
ფესტივალის წარმდგენია: VISA, რომლიც მხარდაჭერითაც, ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის გუნდების რეგისტრაცია უფასო იყო.
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: თიბისი, mrktrg. და Leavingstone.