in

ლევან ლეფსვერიძე Eurobest 2021-ის ჟიურიშია!

სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე ევროპის კრეატიული ფესტივალის, Eurobest 2021-ის ჟიურიშია. სხვა წევრებთან ერთად, ის ნამუშევრებს Direct, Outdoor-ის კატეგორიაში შეაფასებს.

„ეს არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, სადაც თავს იყრის ჩვენი ინდუსტრიის საუკეთესო და ახლებური გადაწყვეტები. ჟიურის წევრებს, გვაქვს მოლოდინი, რომ ვნახავთ აქამდე არნახულ კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებსაც გააჩნიათ დიდი პოტენციალი, გახდნენ ახალი მიმდინარეობებისა და ტრენდების ფუძემდებლები“, – ამბობს ლევან ლეფსვერიძე. 

კორონავისურსის პანდემიის გამო, წელს, Eurobest „ონლაინ“ რეჟიმში ტარდება. იგივე ფორმატით, იკრიბებიან და მუშაობენ ჟიურის წევრებიც. ლევან ლეფსვერიძე ამბობს, რომ ეს „ონლაინ“ შეხვედრები ძალიან ინტენსიური და საინტერესოა.

„არაერთ ფესტივალზე ვყოფილვარ ჟიურის წევრი, თუმცა, ასეთი მაღალი დონის მომზადება ჯერ არსად მინახავს. მაგალითად, ჩაგვიტარდა ფსიქოლოგიური ტრენინგი, არაცნობიერი სუბიექტური მიდრეკილებების შესახებ. ამ შეხვედრაზე განხილული იყო გონებაში მიმდინარე არაცნობიერი პროცესები, რაც ახლავს ნამუშევრის შეფასებას და რამაც შეიძლება, სუბიექტური გადაწყვეტილებისკენ გადაგხაროს“.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა Eurobest-ის ისტორიაში, როდესაც ჟიურის წევრი ქართველია.

„მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ტვინებთან ერთად მიწევს პროფესიული გამოცდილების გავლა. ასევე, მახარებს, რომ მეძლევა საშუალება, ამ ადამიანებს უკეთ გავაცნო საქართველო, გავუზიარო ამ პატარა ინდუსტრიის უნიკალური მიღწევების ამებები და გავაჟღერო ჩვენი ქვეყნის სახელი“.

Eurobest 2021-ზე წარდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები ასეთია: 30% – იდეა; 20% – სტრატეგია; 20% – შესრულება; 30% – გავლენა და შედეგები. ფესტივალზე განაცხადების მიღება 21 ოქტომბერს დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულებს 15 დეკემბერს დაასახელებენ.

„რითეილ“ აუდიტის მნიშვნელობა გაყიდვებში და კომპანია, რომელიც ამ სერვისს მოგაწვდით

დღეიდან, „მავერიკები“ დაგვიძახეთ! – 4MEDIA-ს დიდი ტრანსფორმაცია