Eurobest-მა 2026 წლის ჟიურის სრული შემადგენლობა გამოაცხადა და წლევანდელ სიაში საქართველოც არის წარმოდგენილი. ნუკა შევარდნაძე Brand Experience & Activation და Creative Commerce-ის კატეგორიების ჟიურიში იმუშავებს, სადაც შეფასდება კამპანიები, რომლებიც ბრენდსა და აუდიტორიას შორის გამოცდილებას ქმნის და კომერციულ ამოცანებს კრეატიული გადაწყვეტებით პასუხობს.
წლევანდელი ჟიური Eurobest-ის ისტორიაში გეოგრაფიულად ყველაზე ფართო შემადგენლობისაა. შეფასების პროცესში 28 ბაზრის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, განსაკუთრებით შესამჩნევი კი აღმოსავლეთ ევროპის წილია: რეგიონიდან ჟიურიში 16 პროფესიონალია ცხრა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
საქართველოსთვის ამ სიაში მოხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ Eurobest წელს სწორედ განსხვავებული ბაზრების გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს. შედარებით მცირე კრეატიული ბაზრების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ჟიურიში ყოფნა ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული გამოცდილების შეტანას შეფასების პროცესში, არამედ იმ კონტექსტის წარმოდგენასაც, რომელშიც იდეები ხშირად განსხვავებული რესურსებით, აუდიტორიითა და კულტურული გარემოთი იქმნება.
ნუკა შევარდნაძე Playmakers-ის Managing Partner და ბრენდ-სტრატეგია. მას ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის Axis-ში, Ikano-ში, TBC-სა და Space-ში. Playmakers-ში კი მისი გამოცდილება არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილ და დაჯილდოებულ პროექტს უკავშირდება. მაგალითად, PSP-ის კამპანიაში „Birds Never Forget To Fly“, რომელმაც 2025 წლის ADC Europe Awards-ზე Grand Prix მიიღო, ნუკა შევარდნაძე Strategy Director-ის როლში იყო ჩართული.
Brand Experience & Activation ერთ-ერთი იმ კატეგორიათაგანია, სადაც ბრენდის გამოცდილება უკვე მხოლოდ კომუნიკაციით არ ფასდება. ყურადღება ექცევა იმას, როგორ იქცევა მომხმარებლის ქცევის ან კულტურული კონტექსტის გაგება რეალურ ინტერაქციად და რამდენად შეუძლია იდეას ბრენდთან ძლიერი კავშირის შექმნა. Creative Commerce კი კრეატიულობას უშუალოდ კომერციის გამოცდილებას უკავშირებს, მათ შორის e-commerce-ს, გადახდის სისტემებს, ინკლუზიურ და მდგრად კომერციულ გადაწყვეტებს.
ამ ორი კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტი VML-ის Chief Creative Officer International Clients, Sandra Bold იქნება.
Eurobest-ის გაფართოებული ჟიური მხოლოდ სააგენტოების წარმომადგენლებით არ შემოიფარგლება. წლევანდელ შემადგენლობაში არიან პროფესიონალები Uber-იდან, LinkedIn-იდან, Procter & Gamble-იდან, Apple-იდან, The LEGO Group-იდან და სხვა საერთაშორისო კომპანიებიდან თუ კრეატიული ბიზნესებიდან. პირველად ჟიურიში წარმოდგენილი იქნებიან ლიტვა და სერბეთიც.
LIONS-ის CEO Simon Cook-ის თქმით, უფრო ფართო გეოგრაფიული წარმომადგენლობა ჟიურიში განსხვავებულ კულტურულ, კომერციულ და კრეატიულ კონტექსტებს აერთიანებს და საბოლოოდ თავად შეფასების პროცესსაც უფრო მრავალმხრივს ხდის.
Eurobest-ის ჟიური ნოემბერში ლონდონში შეიკრიბება. კონკურსზე ნამუშევრების გაგზავნა 15 ოქტომბრამდე არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 2 დეკემბერს გამოცხადდებიან. Grand Prix-ის მფლობელებს ცალკე ღონისძიებაზე, ლონდონის Southbank Centre-ში დაასახელებენ.











