28
Nov
2019

გაიცანით EUROBEST-ის ფინალისტი ქართული გუნდები!

28 Nov 2019

საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის, Eurobest Young Creatives Competition-ის ფინალური ეტაპი ვარშავაში, 30 ნოემბერს დაიწყება. ამ დღეს, ევროპის მასშტაბით შერჩეული გუნდები, საკონკურსო დავალებას მიიღებენ (ბრიფი ყველასთვის საერთო იქნება).  ნამუშევრები 1 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 18:00-ზე უნდა ჩააბარონ, 2 დეკემბერს კი პრეზენტაციით წარადგინონ. საბოლოო შედეგებს, საერთაშორისო ჟიური, ამავე დღეს გამოაცხადებს. საქართველოდან, პოლონეთის დედაქალაქში ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულები ლუკა გაგლოშვილი – გიორგი კვირკველია (Followfox) და ბასა მეტრეველი – რამაზ დავითური (Redberry) მიდიან.

 

გიორგი კვირვკველია (Followfox-ის დამფუძნებელი): Followfox-ის შექმნამდე ვიყავი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ყველაფერი მაინტერესებს და სწრაფად ვსწავლობ. ამიტომ, ბევრ სფეროს მივედმოვედე. დავიწყე არქიტექტურით, შემდეგ თანამედროვე ხელოვნების სფეროშიც გავერიე, მერე მუსიკასაც გადავწვდი, მაგრამ სულ მქონდა ისეთი იდეები, რასაც ამ სფეროებში ვერ ვატევდი. დავიწყე მარკეტინგის სწავლა. მარკეტინგიდან სტრატეგიაზე გადავედი და პარალელურად, „დიჯიტალ“ მარკეტინგიც ვისწავლე. რაღაც პერიოდი, 3D ვიზუალებითაც ვერთობოდი. ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ ხედვა გამიფართოვა და შედეგად, პროექტების მართვა ყველა ეტაპზე მიმარტივდება. კარგად ვიცი, ვინ რა საფეხურს გადის და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. გარდა ამისა, ყოველთვის დიდ სურათს ვხედავ, რაც მნიშვნელოვანია ეფექტური შედეგის მისაღებად. Eurobest-ზე გამარჯვება [ადგილობრივ კონკურსში] ჩემთვის ბევრი სწავლის შედეგია. სწავლა არის ის, რასაც ყველა ეტაპზე, ჩემი პრიორიტეტია.

ლუკა გაგლოშვილი: პროფესიით კინომცოდნე ვარ, თუმცა, მაინც უპროფესიოს ვუწოდებ ჩემ თავს, ვსწავლობდი თეატრალურში და რაც მომცა, ალბათ, სანაცნობო წრე და მეგობრები იყო. Followfox-ში და ზოგადად, სარეკლამო სფეროში ორი წლის წინ შემოვდგი ფეხი. Followfox იყო ჩემი მეგობრების ახლად შექმნილი კომპანია სადაც მეც ოთხიდან ერთ-ერთ დამფუძნებლად და თანამფლობელად ვითვლები, შესაბამისად, რამე კონკრეტული პოზიციის მინიჭება ჩემი თავისთვის მიჭირს, თავიდან სულ ოთხნი ვიყავით და ყველას ყველაფრის კეთება გვიწევდა, ახლა კრეატივზე ვარ პასუხისმგებელი, ეს მიმართულება მაბარია გუკი ასათიანთან ერთად. ეს ჩემი მესამე კონკურსია, რაც Followfox ვარ და მესამე ჯილდო შეიძლება ასეც ითქვას. შარშან კანის ახალგაზრდა ლომების შიდა კონკურსში ბრინჯაო ავიღეთ, წელს ოქროს მედლის მფლობელები გავხდით, თუმცა კანში გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, რასაც იმედია აქ შევძლებთ.

ამბობენ, რომ ბრიფი მათთვის ძალიან საინტერესო იყო [დავალება საზოგადოებაში Fake News-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხებოდა], მით უმეტეს, დღეს, როდესაც Fake news-ები ძალიან აქტუალური პრობლემაა.

„ჩვენი მომზადებული კამპანიისინსაითი“ დაფუძნებულია ყველასთვის ნაცნობ თამაშზე „მჯერა არ მჯერა”. თამაში, რომლიც ბავშვობიდან ყველას კარგად გვახსოვს, რომელიც მოითხოვდა კრიტიკული აზროვნების ქონას და სწორედ შეფასებას ინფორმაციის, რაც პირდაპირ კავშირში იყო ჩვენს პრობლემასთან. შევეცადეთ, კამპანიის ფარგლებში, ყველა ისეთ არხი აგვეღო, რომ მიზნობრივ აუდიტორიას დღეში რამოდენიმეჯერ გამოეყენებინა და ჩვევაში გაეჯინა კითხვა თავის თავთან, ჯერა თუ არ ჯერა მოწოდებული ინფორმაციის. არა აგრესიული და ასევე იუმორნარევი fake news-ების გამო მომხმარებელში აგრესიას არ გამოვიწვევდით, მარტივად გადაშეარებად პროდუქტს შევქმნიდით, რომელიც მოიპოვებდა გამოხმაურებას სოციალურ ქსელებში, რაც გვაძლევდა იმის თქმის საშუალებას რომ ჩვენს მიერ მოფიქრებული კამპანია მუშა იქნებოდა და დასახულ მიზანს მარტივად მივაღწევდით. რაც შეეხება ფინალს – მოლოდინზე საუბარი ასე რთულია, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა, რაც ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა მოგება გვინდა და მოსაგებად მივდივართ. ძლიერი კონკურენტები ნამდვილად გვყავს, თუმცა, არც ადგილობრივი ნამუშევრები ჩამოუვარდებოდა ხარისხით „ევრობესტის“ სხვა ქვეყნებიდან წარდგენილი პროექტებს, ასე რომ შანსები და იმედი გვაქვს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს“.

„ევრობესტის“ ფინალში გამარჯვებისთვის Redberry-ის გუნდს რამაზ დავითური და ბასა  მეტრეველი წარადგენენ.

რამაზ დავითური: განათლებით თამადა გახლავართ. ამ უძველესი პროფესიის ცოდნა არაერთხელ გამომადგა ჩემი ცხოვრების გზაზე. სად არ ვიარე, სად არ ვეძებე და სად არ ვცადე ბედი. თუმცა საბოლოოდ მაინც რეკლამამ შემითრია. ასე და ამგვარად, ამ დროისთვის ვარ ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო – Redberry-ს კოპირაიტერი. მეოთხე წელი სრულდება, რაც ამ უღელს შევუდექი და რა მიჭირს, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

ბასა მეტრეველი: რახან რამაზი ცოტა თავმდაბალი ბიჭია და თავის თავზე ბევრის საუბარი არ ისურვა და რახან მერვე კლასიდან მოყოლებული, რაღაცნაირად, მასთან ერთად თანაცხოვრება მიწევს, მე მოგიყვებით ცოტა მეტს მასზე და შესაბამისად ჩემზეც. ჯერ შემთხვევით კლასელები შევიქენით, მერე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ „გავიჩითეთ“ ერთად „მართვისა და სოციალური მეცნიერების” ფაკულტეტზე, რომელიც სინამდვილეში მართლა საუკეთესო ფაკულტეტია მომავალი თამადებისათვის. მეორე კურსზე თეორიასთან ერთად, კარგი პრაქტიკაც რომ გვქონოდა – ბარი „მოვხოდეთ“ სოლოლაკის მიწისქვეშეთში და „არსად“ დავარქვით. რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ჩვენ-ჩვენთვის მივხვდით, რომ თბილისის ჯურღმულებში ამდენ პრაქტიკას ვეღარ გაუძლებდა ვერც ჩვენი ღვიძლი და ვერც სულიერი მდგომარეობა და ჰაერზე ამოსვლა ვარჩიეთ. ცოტა ხანი ცალ-ცალკე ბოდიალის შემდეგ, სადღაც 4 წლის წინ, ისევ ერთად ამოვყავით თავი, ამჯერად „რედბერში“. ამან თავიდანვე კოპირაიტერობას დაადო ხელი და მე წლების განმავლობაში რამდენიმე პოზიცია გამოვიცვალე, სანამ იქამდე მივიდოდი, რომ ემანდ ყველაზე ძალიან მეც
კოპირაიტერობა ხომ არ გამისწორდებოდა-მეთქი. ახლა ამაზე ვარ შეჩერებული და ჯერჯერობით, ნორმალურია.

რაც შეეხება ბრიფს, ამბობენ, რომ ტყუილ – მართლის გასარჩევად უბრალოდ საჭიროა ყურაღდების გამახვილება და ყველაფრისათვის ეჭვის თვალით შეხედვა. შესაბამისად, მათი კამპანიაც ძალიან ფანდებისგან შედგებოდა

ბ.მ. : ჩვენი კამპანია ემსახურებოდა იმას, რომ აუდიტორია საკუთარ დაშვებულ შეცდომებს მიეყვანა ერთადერთ დასკვანმდე –  მთავარია ყურაღდება არ მოადუნო და ტყუილს ვერავინ მოგყიდის. შიგადაშიგ რაღაც „ტრუკებით” თვალებსაც ვაჭუტინებდით, ეჭვის თვალის კარგად გასავარჯიშებლად, შეცდომაშიც შეგვყავდა შესაბამიი ფანდებით და მოკლედ, რა აღარ ვიკადრეთ, რომ აუდიტორიამდე მიგვეტანა ჩვენი კამპანიის მთავარი სათქმელი.

რაც შეეხება ფინალს, Redberry-ის გუნდში ამბობენ, რომ წინ საკმაოდ რთული „ბრძოლა“ ელოდებათ, თუმცა, საკონკურსო დავალებაზეც ბევრია დამოკიდებული. 

რ.დ. : არსებობს ბრიფები, რომელზეც ბევრი კარგი იდეა იდება, არსებობს ისეთები, რომლებზეც
მარტო ერთი ან ორი არის ხოლმე კარგი. ბრძოლა საკმაოდ კრეატიულ ხალხთან მოგვიწევს, აშკარად. მაგრამ მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაინც ჩვენს თავებს უნდა გავუმართოთ, რომ კარგი იდეა დავდოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ჩვენსას შევეცდებით და დანარჩენი ღმერთმა უწყის.

ევრობესტის“ ადგილობრივი კონკურსი 8 ნოემბერს დაიწყო, გამარჯვებულები [Followfox და Redberry] კი  13 ნოემბერს დაასახელეს. შეგახსენებთ, საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.

 

განხილვა