28-30 ნოემბერს, ლონდონში, ევროპის კრეატიულ ფესტივალზე, ახალგაზრდული Eurobest-ის პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები, JWT Metro და Windfor’s, ევროპის პირველობისთვის, ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. 31 ოქტომბერს, Eurobest-ის ადგილობრივ შესარჩევ კონკურსზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ, ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო გუნდები გამოავლინა:
I ადგილი – JWT Metro, ხატია არველაძე, ზუკა ბერძენიშვილი;
II ადგილი – Windfor’s, ირინა საყვარელიძე, მარი სუხიშვილი;
III ადგილი – Redberry, რეზო შელია, თორნიკე არეშიძე.
ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი შეჯიბრება თბილისში, 28-29 ოქტომბერს, გაიმართა. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა დაეგეგმათ ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების არასწორი მონტაჟის მომაკვდინებელ შედეგებზე და მოუწოდებდა მათ დამონტაჟებული ხელსაწყოების შემოწმების გზით ამის პრევენციაზე. საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ხოლო ფესტივალის მხარდამჭერი – „საქართველოს ბანკი“.
გთავაზობთ გამარჯვებულების კომენტარებს:
ხატია არველაძე, JWT Metro-ს არტ დირექტორი, Young Lions 2017-ის გამარჯვებული (კონკურსის პერიოდში Mccann Tbilisi-ს გუნდის წევრი): პირადად მე, მოცემულ პრობლემაზე ფიქრი პირველად მომიწია და მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის წინ დგას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, შესაბამისად, ვეცადეთ, რაც შეიძლება მძაფრად გვეჩვენებინა არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დავაკავშირეთ გაზის კამერებსა და მეორე მსოფლიო ომთან, რის მიმართაც გულგრილობა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
რაც შეეხება ჩემს ცვლილებებს – Young lions Georgia-ში გამარჯვება იყო ერთგვარი ტრამპლინი ჩემს კარიერაში და მას შემდეგ დაიწყო სხვა სააგენტოების დაინტერესება. Cannes Lions-ის შემდეგ უფრო მივხვდი, რა მინდოდა, მეკეთებინა. უფრო ორგანულად აღვიქვი, ჩვენი ინდუსტრია და მისი ძალა როგორც ლოკალური, ასევე, მსოფლიო მასშტაბებით. Mccann Tbilisi-მ დიდი გამოცდილება მომცა, თუმცა მივხვდი, რომ ცვლილებები ჩემი პირადი და კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი იყო და სექტემბრიდან შევუერთდი JWT metro-ს გუნდს.ზუკა ბერძენიშვილი, JWT Metro-ს ქოფირაითერი – ჩვენი კამპანია დაეფუძნა იდეას, რომ ყველას სათანადოდ აშფოთებს საზარელი გაზის კამერების ხსენება. კამპანია ეფუძნებოდა მესიჯს „შენ შეიძლება თანამედროვე გაზის კამერაში ცხოვრობ“ და გადასამოწმებლად აუდიტორიას ცხელ ხაზზე დაუყონებლივ დარეკვისკენ მოუწოდებდა. კამპანია მოიცავდა ვიდეო კონტენტს, რომელიც გაზის კამერაში დატრიალებულ ტრაგედიებს ყვებოდა და შემდეგ მოულოდნელად ხდიდა ნათელს, რომ ამბები საქართველოს ქალაქებში დატრიალდა და საქმე თანამედროვე გაზის კამერებთან გვაქვს. შევიმუშავეთ პრინტ ედების კონცეფცია, ჩვენი მესიჯი განვათავსეთ გადახდის აპარატებზე. უძრავი ქონების გაზეთებსა და პორტალებზე გავაჩინეთ ისეთი ტიპის განცხადებები, როგორიცაა: „ქირავდება კეთილმოწყობილი გაზის კამერა“, საიდანაც ასევე, ცხელ ხაზზე ვამისამართებდით დაბალი ფასით დაინტერესებულ უყურადღებო ან უბრალოდ ცნობისმოყვარე მკითხველებს. რისკჯგუფში შემავალ ბინების მაცხოვრებლებს კი აირწინაღებს, გაზის კამერის აღმიშვნელ სტიკერებსა და სხვა ატრიბუტიკას ვუტოვებდით. შედეგად, ყველაფერი ვქენით იმისთვის, რომ დაგვერღვია ადამიანების სიმშვიდე და გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე.
მარი სუხიშვილი, Windfor’s, სენიორ არტ დირექტორი: კონკურსში მონაწილეობას თუ იღებ, მთავარი მოტივაცია გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ეს მოტივაცია მყარდება მაშინ, როცა კარგი მეწყვილე გყავს. მე და იკო (ირინა) დიდი ხანია, წყვილში ვმუშაობთ და გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა ევრობესტი პირველია, სადაც კონკურსის ფორმატში მივიღეთ მონაწილეობა ამ სახით.
ირინა საყვარელიძე, Windfor’s, სენიორ ქოფირაითერი: დავალება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო. ძალიან ბევრი იდეა მოვიდა და გვიხარია, რომ სწორი ავარჩიეთ. ჩვენს შემთხვევაში, გაამართლა სტრატეგიამ, რომ აღარ დავკარგეთ ახალი იდეების დევნაში ბევრი დრო, არსებული დავხვეწეთ და განვავითარეთ.
ბრიფში მოცემული დავალება შემდეგნაირად გადავჭერით: მოსახლეობის უმრავლესობა ზოგავს თანხას და არ ითვალისწინებს უსაფრთოების ზომებს, მიდის რისკზე. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა გამოგონილი პროდუქტი: ანაბარი CO – ვადიანი, მზარდი ანაბარი, არარეალურად დიდი საპროცენტო სარგებლით, რომელიც გამათბობელში დაზოგილი ფულით, მცირე დროში გაძლევდა საშუალებას, მიგეღო დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის საჭირო სრული თანხა.
რეზო შელია, Redberry, კრეატიული დირექტორი (ახალგაზრდული Eurobest 2016-ის გამარჯვებული): ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ამგვარ კონკურსებზე გვხვდება რეალურ და ძალზედ მნიშვნელოვან პრობლემებზე დაფუძნებული ბრიფები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამართული კომუნიკაცია აისახება არა კონკრეტული კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ ადამიანების კეთილდღეობაზე. ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თითოეულ ბრიფს აქვს უსასრულოდ ბევრი სწორი პასუხი და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ჩემთვის ჩვენი საქმიანობის სფეროსადმი ინტერესსა და სიყვარულს.
თოკა არეშიძე, Redberry, კრეატიული დირექტორი (ახალგაზრდული Eurobest 2016-ის გამარჯვებული): ჩვენ ვქმნიდით მაღაზიას, სახელით – „თვითმკვლელთა კლუბი“, რომლის ერთადერთი პროდუქტიც იქნებოდა ღიაკაბინიანი აირისა და წყლის გამათბობლები. მაღაზიის ფიზიკური ფილიალები და კომუნიკაცია ქმნიდა ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ტიპის გამათბობლები წარმოადგენდა საშიშროებას. ნებისმიერ კომუნიკაციას, აგრეთვე, თან ახლდა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება „დავტოვოთ კლუბი“.
შარშან Eurobest-ზე გავედით მეორე ადგილზე, ვიყავით რომში, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინეთ. წელს, ცოტა დაგვაკლდა, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ ჩვენი ნამუშევრით. თითოული მსგავსი კონკურსი გამოცდილებაა, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.