„ევრონიუს საქართველო“ ოფიციალურად დაფუძნდა. ხელშეკრულებას ხელი „ევრონიუსმა“ და „სილქნეტმა“ უკვე მოაწერეს. მხარეების თქმით, ეს იქნება ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ახალი ამბების არხი და ციფრული პლატფორმა. მემორანდუმი, ამ თანამშრომლობაზე, რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.
„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას „ევრონიუს საქართველოს“ დაარსების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ „სილქნეტს“, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაში, რომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. „ევრონიუს საქართველო“ იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, „ევრონიუსის“ სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და უზრუნველვყოფთ ყველანაირი სახის გარანტიას ამის აღსრულებისთვის“, ამბობს ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ პიტერსი.
ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება და დაახლოებით, 50 ადამიანი დასაქმდება. „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია- კონსულტანტად ლუსიან სარბი დაინიშნა. ის, წლების განმავლობაში, „ევრონიუსის“ სარედაქციო დირექტორი იყო, ახლა კი ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში დაეხმარება.
„დარწმუნებული ვარ, „ევრონიუსის“ მაღალპროფესიული გუნდის ხელმძღვანელობით, ლუსიან სარბთან და ჩვენს ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, შევქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ მედიასივრცეს. სატელევიზიო სტუდიების მომზადება მიმდინარეობს და მალე დაიწყება კადრების აყვანის პროცესი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, როგორც სარედაქციო, ისე საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება „ევრონიუსის“ სტანდარტებთან. ვგეგმავთ, რომ Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს. მჯერა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, „სილქნეტისთვის“ კი შემდეგი საფეხურია, საქართველოს მომხმარებელს შესთავაზოს მეტი შესაძლებლობები – გლობალური მასშტაბის მქონე“, – ამბობს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.
ხელშეკრულების მიხედვით, Euronews Georgia ისარგებლებს ევრონიუსის ბრენდის ცნობადობით და რეპუტაციით, დაუკავშირებს რა თავის ახალ არხს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილ სახელს. ევრონიუსი მიაწვდის „ევრონიუს საქართველოს“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ადგილობრივი, ქართული მასალების პარალელურად. სანაცვლოდ, „ევრონიუსი“ გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.