სულ ცოტა ხნის წინ, ხევსურეთში აღდგენილი კოშკის პროექტმა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა. ცისკარაულების კოშკმა „ევროპა ნოსტრაზე“ მოიპოვა პირველობა, ერთ-ერთ კატეგორიაში – მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება. „ევროპა ნოსტრა“ გახლავთ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ღონისძიება რომელიც 1963 წლიდან, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პროექტებს აჯილდოებს ყოველწლიურად. წელს, ეს ჯილდო ერგო პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში მდებარე ცისკარაულების კოშკს, რომელიც 2001 წელს, რუსული ჭურვით დაბომბვის შემდეგ, განადგურების პირას იყო. კოშკის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდა. ხევსურეთის მხარეში ცისკარაულების კოშკი, მუცოს შემდეგ, მეორე პროექტია, რომელმაც „ევროპა ნოსტრას“ კონკურსში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ პროექტს საშუალება მისცა „ევროპა ნოსტრას“ კიდევ ერთ პროექტში მიიღოს მონაწილეობა და ამჯერად, ხალხის რჩეული გახდეს. ეს ჯილდო ხალხის მიერ ხმების ონლაინ მიცემითაა შესაძლებელი, საზოგადოების რჩეულის ჯილდოს მიიღებს ის პროექტი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ხმის მისაცემად მიჰყევით აღნიშნულ ბმულს – https://vote.europanostra.org/.
როგორც პროექტის თანამენეჯერმა სალომე ცისკარაულმა გვიამბო, ხევსურულ კოშკებს ჰქონდა საცხოვრებელი და თავდაცვითი დანიშნულება და სოფლებს შორის საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენდა. ხეობაში ზიგზაგისებურად განლაგებული სოფლები ერთმანეთს სიგნალს სწორედ ამ გზით აწვდიდნენ.
ცისკარაულების კოშკი ხევსურეთის სოფელ ახიელში მდებარეობს. კოშკის ლეგენდა საუკუნეების წინანდელ სიყვარულის ამბავს უკავშირდება. ახიელელი მწყემსი ბიჭი მეზობელ სოფელ კვირიწმინდას ხშირად სტუმრობდა და იქაური გოგო შეჰყვარებია. გოგოს მშობლებს არ სურდათ შვილი ღარიბი მწყემსისთვის გაეყოლებინათ, ამიტომ წყვილი გაიპარა, ფარულად დასახლდა იმ ადგილას დასახლდა, სადაც ახლა ცისკარაულების კოშკი მდებარეობს.
მწყემსმა ძალიან ბევრი იშრომა, დიდი სიმდიდრე დააგროვა და კოშკის აშენება გადაწყვიტა. ამბობენ, ასაშენებლად ინგუშეთიდან გადმოუყვანია კალატოზები. ამაში კი დიდძალი საქონელი მისცა მშენებლებს. თქმულების თანახმად, საქონელი იმდენი იყო, ახიელიდან ამღამდე ერთ მწკრივად დაეტეოდაო. საფასურის გადახდის შემდეგ, მწყემსს მხოლოდ ერთი თეთრი ხარი დარჩა და ისიც მშენებლებს მისცა.
ცისკარაულების წინაპარს, ვის პერიოდშიც კოშკი აშენდა, აბა ჯურჯიაული ერქვა, ამიტომაც, გვარის შეკრებაზე მის ხსოვნას ყოველთვის მადლიერებით იხსენიებენ.
19-მეტრიანი კოშკი საუკუნეებს მოითვლის. გამომდინარე იქიდან, რომ მას სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა, მტრის თავდასხმის დროს, მოსახლეობა კოშკს აფარებდა თავს.
კოშკის აშენებიდან მრავალი წლის შემდეგ, ცისკარაულების კულტურული ძეგლი დაზიანდა და ეს ამბავიც სწორედ აქედან დაიწყო.
M: კოშკი რუსულმა ჭურვმა მიიყვანა დანგრევამდე… როგორ მოხდა თავდასხმა?
2001 წელს, რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის მიმდინარეობდა სეპარატისტული შეტაკებები. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ხეობაში ორი რუსული ვერტმფრენი შეფრინდა და შემოგარენის დაბომბვა დაიწყეს. დაბომბვის მეორე დღეს, სოფელში შედიოდა ეუთოს მისია. ეს დაბომბვა, დიდი ალბათობით, იყო მათთვის საგანგაშო სიგნალი, რომ ხეობა საშიშია და სჯობს, არ მიეკარონ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე არ უსვრიათ, მხოლოდ კოშკი დაზიანდა. Კოშკის მარჯვენა ფასადზე დიდი ხვრელი გაჩნდა, გაიბზარა და მოირყა კონსტრუქცია. 2001 წლიდან მოყოლებული, კოშკი სავალალო მდგომარეობაში იყო. საძირკველი ჰქონდა კრიტიკულ მდგომარეობაში, ყოველ ზამთარს ველოდით მის ჩამოშლას.
M: როგორ გადაწყდა ცისკარაულების კოშკის აღდგენა?
თითქოს, ყველა გარემოება ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენი გვარის წევრებს გვადარდებდა კოშკის ბედი – ძალიან გვინდოდა მისი აღდგენა. დავიწყეთ აქტიურობა – შევეხმიანე სრულიად უცნობ ადამიანებს, მათ შორის, არქიტექტორ ნანა მეფარიშვილს. შემდეგ გავიგეთ, რომ საქართველოს ეროვნულ ფონდს, მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით, უკვე ჰქონდა კოშკის აღდგენასთან დაკავშირებით პროექტის მომზადება დაწყებული. ეს პროცესი ერთდროულად ხდებოდა. ერთ დღესაც, მარინემ დამირეკა და მაცნობა, რომ ცისკარაულების კოშკის აღდგენას იწყებდნენ. დიდი სიხარულით ჩავერთე.
M: როგორი იყო ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროცესი?
სამუშაოები 2021 წელს დავიწყეთ. ურთულესი პერიოდი იყო, პანდემიაც იმ დროს დაგვემთხვა. ხეობაში ძალიან მკაცრი კლიმატია. წლის მანძილზე, 3-4 თვის გარდა, მუდმივად ჩაკეტილია. ჩვენთან ერთად მუშაობდა მოხალისეების ჯგუფი, ენთუზიასტები. პროექტის ხელმძღვანელი, როგორც ვახსენე გახლავთ მარინე მიზანდარი, მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო კორძახია, რომელსაც არაერთი კულტურული ძეგლი აქვს აღდგენილი. ასევე, რესტავრატორი ლელა ნინოშვილი, არქიტექტორები – გუგა სუთიძე და ერეკლე ნაროუშვილი, ხელოვნებათმცოდნე – მანანა სურამელაშვილი დიდი გამოცდილებით. მე გახლდით მენეჯერი, გუგა ქლიბაძესთან ერთად. ვერაფერს გავხდებოდით, რომ არა ვასილ ნაყეური – არაჩვეულებრივი კალატოზი, საოცრებებს ქმნიდა მისი ოქროს ხელები. პროექტში ჩართვის მსურველ მოხალისეებს ღია კონკურსითა და გასაუბრებით ვარჩევდით. თითო ნაკადი 2-კვირიან სამუშაოებს მოიცავდა.
რომ არა ისინი, ასე ხარისხიანად და დროულად ვერ დავასრულებდით საქმეს. უნდა აღვნიშნო ფრანგების თავდადება. მაოცებდა, როგორ შეუძლიათ ასე დაუღალავად ზრუნვა სხვა ქვეყნის კულტურულ ძეგლზე. ორგანიზაცია „რამპარი“ (REMPART) გვეხმარებოდა ფრანგი მოხალისეების ჩამოყვანაში. პოლონელები (Wieża książęca w Siedlęcinie / Ducal tower in Siedlecin (Poland) დაგვეხმარნენ ფოტოგრამეტრიის შექმნაში – კოშკის გარშემო ზედმიწევნით შეისწავლეს ნასოფლარის ადგილი ისე, რომ თუკი ოდესმე შესაძლებელი გახდება ამ ყველაფრის აღდგენა, უკვე არსებობს ამის კომპიუტერული მოდელი.უნდა აღვნიშნო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციის (International National Trusts Organisation) დიდი როლი ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტი დაფინანსდა საერთაშორისო ფონდ „ალიფის“ (ALIPH Foundation) მიერ.
M: როგორ შეცვალა ცისკარაულების კოშკის აღდგენამ ადგილობრივების ყოველდღიურობა?
პროექტის სამუშაო გუნდსა და მოხალისეებს სწორედ ადგილობრივები მასპინძლობდნენ, ეს იქაურებისთვის იყო ეკონომიკური დოვლათი. ზოგმა ახალი ინვენტარის შეძენა შეძლო, სხვებმა – სასტუმრო ოთახები დაამატეს. ზოგმა სახლის ძველი, ავთენტური სტილით გადაწყვიტა აღდგენა. ვფიქრობ, ეს ამ თვალსაზრისითაც ღირებული იყო ადგილობრივებისთვის.
კოშკის აღდგენის შემდეგ მოიმატა ვიზიტორთა ნაკადმა ახიელისკენ. თანდათან ამ ადგილისკენ ტურისტები იწყებენ მოგზაურობას. ვცდილობთ, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია არხოტის ხეობის შესახებ და ტურისტული მარშრუტებიც გავაკეთოთ ხეობაში.
M: „ევროპა ნოსტრას“ კონკურსის მონაწილეებს შორის როგორ აღმოჩნდით?
„ევროპა ნოსტრას“ სხვადასხვა ნომინაციასთან ერთად, აქვს კატეგორია „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“. ცისკარაულების კოშკი სწორედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობით აღდგა, ამდენად სრულად ამართლებს კატეგორიის სახელწოდებას.
სიმართლე გითხრათ, განცდა არც კი მქონია, რომ ჩვენი პროექტი გაიმარჯვებდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ბელგია… მათ ძალიან კარგად იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი და გამოცდილება. ძნელად წარმომედგინა რომ ევროკავშირის არაწევრი საქართველო შეძლებდა მათთვის კონკურენციის გაწევას.
30 მაისს გახდა ცნობილი, რომ „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დავიმსახურეთ და ამით შანსი მოგვეცა კიდევ ერთ ნომინაციაში – „ხალხის რჩეული“, რომელიც ონლაინ ხმის მიცემით ავლენს გამარჯვებულს. შესაბამისად, თუკი ჩვენი პროექტი დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, ის გახდება ხალხის რჩეული.
M: რას ნიშნავს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის „ევროპა ნოსტრაზე“ გამარჯვება?
ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის კულტურის აღიარება საერთაშორისო მასშტაბით. მოპოვებული ჯილდო უნდა იყოს ბიძგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის, კულტურის სამინისტროსთვის, რომ ეს გახლავთ მხარე, რომელიც ევროპამ აღიარა. იმ პირობებში, როცა არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მაინც მოვიპოვეთ ასეთი ჯილდო, ნიშნავს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას საერთაშორისო მასშტაბით. ესაა დიდი მოტივაცია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ძეგლი აღვადგინოთ. თუკი ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას არ გადავარჩენთ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას გაქრობისთვის ვიმეტებთ. ამიტომ, გვინდა ადამიანებს მაქსიმალურად ვუბიძგოთ ამ მიმართულებით ფიქრისკენ.
M: როგორ მივცეთ ხმა ცისკარაულების კოშკის პროექტს, „ევროპა ნოსტრას“ მეორე ნომინაციაზე გასამარჯვებლად?
ხმის მისაცემად მიჰყევით აღნიშნულ ბმულს – https://vote.europanostra.org/
- აირჩიეთ 3 პროექტი;
- მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხმა მისცეთ და 3 ქულა მიანიჭოთ ცისკარაულების კოშკს, ჩამონათვალში შეგხვდებათ შემდეგნაირად – Citizens’ Rehabilitation of the Tsiskarauli Tower, Akhieli, GEORGIA);
- ამის მერე ირჩევთ სხვა ორ პროექტს, რომელთაც მიენიჭება 2 და 1 ქულა.
- ხმის მიცემის შემდეგ, თქვენსავე მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ წერილი ,,ევროპა ნოსტრასაგან“, რომელიც უნდა უნდა გახსნათ და აუცილებლად დაადასტუროთ თქვენი ხმა (შეამოწმეთ სპამ საქაღალდეც, თუ ვერ იპოვით წერილს).
- ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი.
- ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 სექტემბერი.
- გამარჯვებული ნომინაციაში ,,ხალხის რჩეული” გამოვლინდება 2024 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი), ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიალზე.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი