in

Europcar Georgia-ს, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის, Rising Star-ის სტატუსი მიანიჭეს!

ინტერვიუ Europcar Georgia-ს დირექტორ სანდრო საყვარელიძესთან

Europcar Georgia 1 წლისაა. კომპანიაში, ყველაზე დიდი ცვლილებები მაშინ დაიწყო, როცა პანდემიის გამო, სხვები, ძირითადად, გადარჩენისთვის იბრძოდნენ და განვითარებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ზუსტად ამ დროს გახდნენ საერთაშორისო ბრენდ Europcar International-ის პარტნიორები და მომხმარებელს ახალი პროდუქტები შესთავაზეს. 

დღეს, Europcar Georgia საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს აერთიანებს:

„პირველი – ეს გახლავთ ავტომობილების დღიური გაქირავება, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივი მომხმარებლისთვის. იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები, Europcar Georgia წარმოდგენილია არა ერთ ლოკაციაზე: თბილისის აეროპორტი, თბილისის ცენტრალური უბანი, ქუთაისი და ბათუმი. ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია ყველა კლასისა და ტიპის ავტომობილით, დაწყებული სედანის ტიპის ბიუჯეტური ავტომობილებიდან, დამთავრებული მაღალი კლასის, მაგალითად: Volvos ან Land Cruiser-ის ტიპის ავტომობილებით. შესაბამისად, შეგვიძლია, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის სურვილები დავაკმაყოფილოთ და მოთხოვნებს ვუპასუხოთ. ასევე, სრული კომფორტისთვის, გვაქვს ავტომობილის ადგილზე მიყვანის სერვისი. მსურველებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაჯავშნონ ავტომობილი სხვადასხვა პლატფორმაზე: იქნება ეს ჩვენი თუ საბროკერო საიტები, Facebook თუ Instagram, ტელეფონის საშუალებით ცხელ ხაზზე, თუ ჩვენსავე ფილიალებში.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ავტომობილების გრძელვადიანი იჯარა, საოპერაციო ლიზინგი, რომელიც საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და ამაში, Europcar Georgia-ს დიდი როლი მიუძღვის. ჩვენ მოვახერხეთ და ამ მოკლე დროში, მოვიგეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი, გავხდით არა ერთი კომპანიის პარტნიორი, რომლებსაც ავტომობილები მივაქირავეთ, საოპერაციო ლიზინგით, 1-დან – 5 წლამდე ვადით. ესენია: საერთაშორისო და ადგილობრივი კომერციული ორგანიზაციები, წარმომადგენლობები, სადისტრიბუციო კომპანიები, ბანკები და ა.შ. რეალურად, საოპერაციო ლიზინგი აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, აღარ იყიდონ ავტომობილები, არ დახარჯონ როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული რესურსი, თავიდან აირიდოს ბანკთან დაკავშირებული პროცედურები, შეიმცირონ საბანკო ლიმიტები. ეს მომსახურება თითოეულ კომპანიას აძლევს საშუალებას, ნაკლებად იყოს ორიენტირებული ავტომობილის და ავტოპარკის შეძენა – მართვაზე და მთელი რესურსი ძირითადი საქმიანობისკენ (Core Business) მიმართოს.  საოპერაციო ლიზინგი მოიცავს: ავტომობილების შეძენას, მათ სრულ სერვისს, როგორც გეგმურს ისე არა გეგმურს, დაზღვევას, GPS სისტემას, საზღვრის კვეთის ნებართვას, საბურავების სეზონურ ცვლილებას, ანუ ჩვენ ვთავაზობთ სრულ fleet მენეჯმენტს. ამისთვის კომპანია იხდის მხოლოდ ფიქსირებულ საზღაურს, ყოველთვიურად, რაც მას ბიუჯეტირების პროცესს უმარტივებს.

და მესამე მნიშვნელოვანი ახალი პროდუქტი, რომლის დანერგვაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „საქართველოს ბანკმა“ – მათთან დავიწყეთ პარტნიორობა, სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებით. ეს ის სიახლეა, რომლის „გაშვებასაც“ ბაზარზე აქტიურად ვაპირებთ. სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობს ავტომობილით მძღოლით და შესაბამისი სრული აღჭურვილობით კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით. ამისათვის ჩვენ გვაქვს სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციები, ვებ პლატფორმები და სხვა თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურა, საიდანაც კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ, დაჯავშნონ ავტომობილი მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებაც გახლავთ ფიქსირებული, როგორც საოპერაციო ლიზინგის დროს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ემატება მძღოლისა და საწვავის ხარჯიც. შესაბამისად, კომპანიას აღარ უწევს ტაქსების, ავტოპარკის შექმნის, მძღოლების აყვანის, დისპეჩერიზაციისთვის რესურსების მობილიზება და ხარჯების გაწევა. ჩვენი თანამედროვე, ყველაზე მოქნილი, კომფორტული მობილური აპლიკაციები და სისტემა უზრუნველყოფს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას“.

Europcar Georgia-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე ამბობს, ამ ყველაფერს სწორად დაგეგმილი, გააზრებული ქმედებებით მიაღწიეს, რაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.

დღეს, ზუსტად ამ გზაზე და შესაძლებლობად ქცეულ გამოწვევებზე გიამბობთ. თუმცა, მოდით, საუბარი, 2019 წლიდან დავიწყოთ, როცა Europcar Georgia, ჯერ კიდევ არ არსებობდა და ბაზარზე მისი წინამორბედი, ახლად შექმნილი Tegeta Car Rent ოპერირებდა. კომპნიის ძირითადი მიმართულება, ტურისტებისთვის, ავტომობილების დღიური გაქირავება იყო. სტარტაპს, იმ პერიოდში, სულ რამდენიმე ავტომობილი ჰყავდა. „თეგეტა ქარ რენთი“ საქართველოში Europcar international-ის ექსკლუზიური პარტნიორი 2020 წლის ივნისში გახდა. ეს თანამშრომლობა franchising-ს გულისხმობს და ზუსტად ამ პერიოდიდან, პოზიციონირდება ბაზარზე, როგორც Europcar Georgia.

სანდრო საყვარელიძე: Europcar, ავტომობილების ერთ-ერთი პირველი გაქირავების კომპანიაა მსოფლიოში. ის 1949 წელს შეიქმნა და ევროპის მასშტაბით, უდავოდ, ბაზრის ლიდერია. თუმცა, მისი გავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართოა – ბრენდი ყველა კონტინენტზე, 140-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, მომავალი პარტნიორი, ტურიზმის ინდუსტრიაში ცნობადი და სანდო ბრენდი ყოფილიყო, რომლის მიმართაც მომხმარებელს გარკვეული ემოცია ექნებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, Europcar-ის პარტნიორები გავმხდარიყავით. თანაც, „თეგეტასთვის“, რომელიც რეგიონში, საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ასეთივე კომპანიასთან ჰქონოდა ურთიერთობა და ადგილობრივ ბაზარზე, საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი გამხდარიყო.

ბაზარზე რა ვითარება იყო იმ დროს? ახალ, უფრო ფართომასშტაბიან კომპანიასა და დამატებით სერვისებზე მოთხოვნა არსებობდა? 

დაახლოებით, 10-წელზე მეტია, ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია საერთაშორისო ბრენდებით და ლოკალური კომპანიებით, რომლებსაც, უმეტესწილად, დღიური გაქირავების მომსახურება აქვთ. ისინი, ძირითადად, ფოკუსირებულები არიან ტურისტებზე. შესაბამისად, კონკურენცია ამ ნაწილში, წლებია ძალიან მაღალია. თუმცა, 2019 წელს შექმნილმა კომპანიამ, რომელიც 2020 წელს, პრინციპში, პანდემიის პირობებში [ივნისიდან] გახდა „ევროპქარი“, შეძლო და მოიპოვა ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია და სტატუსი.

სირთულეები, რაც გაჯერებულ ბაზარს კონკურენციის ნაწილში შეიძლება მოჰქონდეს, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, რაც საბოლოოდ, იქცა მთავარ გასაღებად, გავმხდარიყავით ლიდერები.

როგორ მოახერხეთ, პანდემიის პირობებში, ასეთი ცვლილება? ხშირად, ადგილობრივი კომპანიებისთვის, სხვა თანაბარ პირობებშიც კი ძალიან რთულია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ექსკლუზიურ პარტნიორობაზე . . .

როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ, გავმხდარიყავით Europcar, Europcar-მა კი მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენთვის მაღალი ნდობა გამოეცხადებინა, პანდემია აქტიურ ფაზაში იყო და პირველი შედეგები უკვე ჰქონდა ნაჩვენები. კრიზისი შეიქმნა მსოფლიო ბაზარზეც და ძალიან სარისკო გადაწყვეტილების მიღების წინაშე აღმოვჩნდით – პროცესი პანდემიის დასრულებამდე გადაგვედო, თუ დაგვეწყო იმ მომენტში, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გვქონდა. „ევროპქარი“ არის ბრენდი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა, ამიტომ, ეს შანსი გამოვიყენეთ. რწმენით, რომ კომპანია გახდებოდა ძალიან ძლიერი, ლიდერი თავის ინდუსტრიაში, არ შევუშინდით პანდემიას, მივიღეთ ურთულესი გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ Europcar-თან ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულებას. ძალიან მალე დავინახეთ ამ გადაწყვეტილების სისწორე და დადებითი შედეგები.

როგორი იყო ბოლო 1 წელი, უკვე საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი კომპანია Europcar Georgia-სთვის? რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

სანდრო საყვარელიძე

პირველ რიგში, პანდემიიდან გამოწვეული პრობლემა გახლდათ ტურიზმის სრული ვარდნა, მთელ მსოფლიოში და ჩვენთვის საინტერესო ბაზარზე – საქართველოში. შესაბამისად, ტურისტი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა. ანუ კომპანია, რომელიც ტურიზმის მიმართულებით არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული, რეალურად, ერთი წლის განმავლობაში, თუ მეტი არა, საერთოდ ტურისტის გარეშე დარჩა. როცა სტატისტიკურად, გასული წლების განმავლობაში, ტურიზმის საგრძნობი მატება იყო ქვეყანაში, 2020 წელს, ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. თანაც, იმ პერიოდში, ვიყავით სტარტაპი, რომელსაც ძალიან დაბალი ცნობადობა ჰქონდა, ჯერ კიდევ არ გააჩნდა პარტნიორული ურთიერთობები კორპორაციულ, თუ საცალო ქართველ მომხმარებელთან. შეიძლება ითქვას, ერთგვარ ჩიხში აღმოვჩნდით და ვფიქრობდით, რა ნაბიჯები გადაგვედგა, რა მიმართულებით განვვითარებულიყავით, რომ არსებული გამოწვევები შესაძლებლობად გვექცია და  ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა.

როგორ მოახერხეთ ამ რთულ ვითარებაში გადარჩენა, მეტიც ბაზარზე ადაპტაცია და ბიზნესის სხვა საფეხურზე აყვანა? 

პირველ რიგში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომები გავხდით ადგილობრივი ბაზრისთვის და მაქსიმალურად მოვერგეთ ქვეყანაში შექმნილ გარემოს.

მოგეხსენებათ, პანდემიის დროს დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. სწორედ ამ პერიოდში, ჩვენი კომპანია ძალიან სწრაფად ორიენტირდა ახალ პროდუქტზე, რომელიც იმ მომენტში, ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო აღმოჩნდა კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურება შევთავაზეთ. ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი, ამ მიმართულებით, გახლდათ „ჰალიკ ბანკი“, რომელმაც, ასეთ რთულ ვითარებაში, თანამშრომლების ტრანსპორტირება შეგვიკვეთა. შემდეგ, ნელ-ნელა სხვა კომპანიებთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა. ამასთან, ადგილობრივი, საცალო მომხმარებლებისთვის, ავტომობილების ხელმისაწვდომ ფასებში გაქირავება გადავწყვიტეთ. ეს ერთგვარი მარკეტინგული აქტივობაც გამოგვივიდა, საქართველოში ჩვენი ბრენდის მიმართ, ცნობადობის გასაზრდელად.

პარალელურად, დავიწყეთ გრძელვადიანი იჯარის, საოპერაციო ლიზინგის დანერგვა. საქართველოსთვის ეს პროდუქტი საკმაოდ ახალია. ამ მიმართულებით, გამოცდილება და კულტურა ქვეყანას არ გააჩნდა, შესაბამისად, არც სერვისს ჰქონდა მაღალი ცნობადობა და რეპუტაცია, მაგრამ კომპანიებს მაინც ვთავაზობდით მას. ცოტა ხანში, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები მოვიზიდეთ, ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ჯერ გადარჩენის, შემდეგ კი ბაზარზე ადაპტირებისთვის გადადგმულმა სწრაფმა და გააზრებულმა ნაბიჯებმა საშუალება მოგვცა, პანდემიის თანმდევი გამოწვევები ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა.

როგორ წესი, Rental კომპანიისთვის ძირითადი აქცენტი კეთდება ავტომობილების დღიურ გაქირავებაზე. ჩვენ კი პანდემიამ გვიბიძგა, ამ ჩარჩოდან გამოვსულიყავით და მოგვცა საშუალება, მთავარი პროდუქტი იმ მომსახურებებთან და შეთავაზებებთან ერთად განგვევითარებინა, რომელიც ბაზარზე იმ მომენტში გახდა საჭირო. ამ მიდგომამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, ინოვაციური და უმაღლესი ხარისხის სერვისი დაენერგა, მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, დავიწყეთ კომპანიებთან მუშაობა ავტომობილების საოპერაციო ლიზინგის მიმართულებით. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი კონტრაქტები გავაფორმეთ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე, თავიანთ ინდუსტრიებში, ნამდვილად ლიდერი ბრენდები არიან.

როგორ შეიცვალა ბაზრის მოთხოვნები ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

2019 წლის, დაახლოებით, სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიას ჰყავდა 5-დან -10 ავტომობილამდე. შემდეგ დაიწყო პანდემია, თუმცა, Europcar Georgia-მ იმდენი მოახერხა, რომ დღეს, 300-მდე ავტომობილს ფლობს და არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს. სულ რაღაც, ერთ წელში, ძლიერი გუნდით და აქტიური მუშაობით, შეძლო, საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გამხდარიყო როგორც დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული გაქირავების მიმართულებით.

სწორედ იმ პროდუქტებმა, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ – საოპერაციო ლიზინგი, სატრანსპორტო მომსახურება – მოგვცა საშუალება, მნიშვნელოვანი სტრატეგიული, სტაბილური კომპანიების პარტნიორები გავმხდარიყავით და მათთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება შეგვეთავაზებინა.

ამასთან, მოგვეცა შესაძლებლობა, ბაზარზე, ინოვაციური პროდუქტების კულტურა შეგვექმნა და ავტოპარკის მართვის ტრადიციული გამოცდილება ახლებური ხედვით შეგვეცვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გრძელდება და ამ კულტურის შექმნაში, Europcar, დღესაც ძალიან დიდ როლს თამაშობს.

ევროპელი პარტნიორები როგორ აფასებენ „ევროპქარ ჯორჯიას“ ერთწლიან საქმიანობას? 

ამ ერთწლიანი მიღწევებისა და ზრდის ძალიან მაღალი ტემპის გამო, Europcar International-მა, 140 ქვეყანას შორის, Rising Star-ის, ანუ „ამომავალი ვარსკვლავის“ შეფასება მოგვანიჭა, რაც დიდ სტიმულს გვაძლევს. ამ ტიტულის დამსახურებით, ჩვენით „ევროპქარის“ ქსელის სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ, რაც მათ ოფიციალურ უწყებებთან, თუ კერძო კომპანიებთან გრძელვადიან თანამშრომლობაში გამოიხატება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

ვფიქრობთ, გავფართოვდეთ და კიდევ მეტი ლოკაცია მოვიცვათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვინდა, უფრო ხელმისაწვდომები გავხდეთ, უკლებლივ ყველასთვის. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, მეტად დავხვეწოთ და გავამარტივოთ ის ბიზნესპროცესები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ; დავნერგოთ ბევრი ინოვაციური პროდუქტი, რისი ხედვებიც უკვე გვაქვს. რაც მთავარია, ვგეგმავთ, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ ჩვენი მომსახურება.

 

[R]

Phubber-ისა და თაკო ნაცვლიშვილის წარმატებული თანამშრომლობა

„ჭიქა ღვინოსაც შეუძლია, დაგვანახოს თავისი ამბავი და ემოციები“ – ბარ-მაღაზია „სომელიე“ ისევ ღვინოზე გვიამბობს