in

„შენ გელოდება“ გუდამაყარი – Europcar Georgia-ს კამპანიის პირველი გაჩერება

მთების ძირში, შავი არაგვის ხეობაში გაშლილი გუდამაყარი ის ადგილია, წელიწადის არცერთ დროს გულგრილს რომ არ დაგტოვებს.

გამოგვყევი, შენ გუდამაყარი გელოდება. სამოგზაუროდ Europcar Georgia ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად გეპატიჟებათ. ვისაც მთის მკაცრი კლიმატი და ექსტრემალური თავგადასავლები გიზიდავთ, თქვენთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება გუდამაყარში ამ სეზონზე გამგზავრება.

შაბათი დღე  უჩვეულოდ ადრე გათენდა. წინ გრძელი და  რთული გზა გველოდა. უამინდობა, ქვეყნის მასშტაბით, იმის მანიშნებელი იყო, რომ თიანეთში ჩასვლა მარტივი არ იქნებოდა. Europcar-ის ავტოპარკიდან მაღალი გამავლობის მანქანა შევარჩიეთ და სოფელ წინამხრისაკენ დავადექით გზას. ზღვის დონიდან 1240 მ-ზე უნდა ავსულიყავით.

გუდამაყრის ხეობაში 20-მდე სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლის პირასაა. ასეთია სოფელი წინამხარიც, სადაც ერთადერთი ოჯახია შემორჩენილი. სწორედ მათთან, აფციაურებთან მივემგზავრებოდით.

ჩვენი მასპინძლებისათვის რეპერტუარი საგანგებოდ შეარჩია ანსამბლმა „დიდგორმა“. გენერალური რეპეტიცია შემსრულებლებმა მანქანაშივე გაიარეს და გუდამაყრის ხეობაში ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით, განსაკუთრებული განწყობით გადავუხვიეთ.

დუშეთიდან 52 კილომეტრში მივადექით დასახლებას. ხელუხლებელი, გაუკვალავი თოვლი იყო აშკარა დასტური იმისა, რომ დაცარიელებულ სოფელს ვუახლოვდებოდით. ნისლი გადაადგილებას ართულებდა, მაგრამ თან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს გვიორმაგებდა.

სოფელში ჩასულ, მონატრებულ შვილიშვილებს რომ ეგებებიან ბებია-ბაბუები, ისე შეგვხვდნენ აფციაურები. ჭიშკართან გამოსული მასპინძლების დანახვამ ყველანაირი დაღლილობა გადაფარა. ეზოში ფეხი შევდგით თუ არა, ვიგრძენით, რომ აქ,  გუდამაყარში,  ზამთარს სულ სხვანაირი სუნი აქვს – სისუფთავის, სიმკაცრის, სიმყუდროვის, სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლის… აი, ისეთის, სულ რომ გენატრება და არ იცი, სად შეიძლება იპოვო.

ნასახლარებით სავსე სოფელში ჟრიამული მხოლოდ ერთი ეზოდან ისმის. აქ ბიძაშვილები – ვაჟა და ნოდარ აფციაურები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ნოდარი 30 წელზე მეტია აფციაურების გვარის ხევისბერის სახელს ატარებს და მამაპაპისეულ ტრადიციებს ასრულებს. ვაჟა მეუღლესთან ერთად ოთხ შვილს ზრდის. ყველანი ერთად კი გუდამაყრის ამ გამორჩეულ სოფელს, წინამხარს სიცოცხლეს უნარჩუნებენ.

დასახლებას არც სკოლა აქვს და არც ბაღი. ამიტომ ყოველ დილით ვაჟას უფროსი შვილები, 5 კილომეტრის მოშორებით, გუდამაყრის სკოლაში ჩაჰყავს. 3 და 5 წლის პატარები კი მთელ დღეს სახლში ატარებენ.

გვიყვებიან, რომ სოფლის სხვა მცხოვრებლები საკუთარ მამაპაპისეულ სახლებს ზაფხულში იშვიათად, რამდენიმე დღით სტუმრობენ. დანარჩენ დროს კი ჩვენსავით იშვიათი სტუმრებისთვის ხეობის ისტორიებს აფციაურები საგულდაგულოდ აგროვებენ და ინახავენ.

ახლა კი ეს ოჯახი „შენ გელოდება“, გელოდება, სოფლის ამბები რომ გაგიზიაროს. მათზე უკეთესად ხეობას ვერავინ გაგაცნობთ.

მოგზაურობა Europcar Georgia-მ ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად, კამპანიის „შენ გელოდება“ ფარგლებში დაგეგმა. წამოწყება საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მივიწყებული ადგილის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და სულ 6 ლოკაციას მოიცავს. ავტოგაქირავების კომპანია მცხეთა-მთიანეთის შემდეგ სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, ზემო აჭარასა და ბოლოს, ტაო-კლარჯეთს ესტუმრება. 

 გუდამაყარში მოგზაურობისას Europcar Georgia-ს პარტნიორობა გაუწიეს კომპანიებმა: „კარფურმა“, „ბიბლუსმა“, „პეპელამ“ და „მეგალაბმა“.

[პარტნიორის კონტენტი]

ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე

თიბისის პროგრამა სტარტაპერის 5 წელი