ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე ქართული ისტორიული კოსტიუმები განათავსეს – ექსპონატებს შორისაა სოლიკო ვირსალაძის, ფარნა ლაპიაშვილის, გრიგორი გაგარინის და სხვათა ნამუშევრები. კოლექციის ორიგინალები თბილისის ხელოვნების სასახლის მუზეუმშია დაცული.

„კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს „დიჯიტალ“ პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული“, – ამბობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

მათივე თქმით, უწყებამ Europeana-თან მოლაპარაკება 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო.
„Europeana მზადაა, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს“.













