ნებისმიერი კომპანიის დასაქმებულისთვის ჯანსაღი და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი პროდუქტიულობის გასაზრდელად. დამსაქმებელი კი, რომელიც ასეთ პირობებს უზრუნველყოფს, მთელი კოლექტივისთვის ძვირფასი ხდება, რაც ისევ და ისევ ამ კომპანიის სამომავლო იმიჯზე ახდენს გავლენას.
შეიძლება არ იცოდით, რომ დამსაქმებლებისთვისაც არსებობს მსოფლიოში აღიარებული ჯილდოები, რომელთა გამცემი ორგანიზაციებიც აკვირდებიან სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე პროცესებს და ამ აუდიტის საფუძველზე, დამსაქმებლებს შესაბამის სერტიფიკატსა და სტატუსს აძლევენ. ასეთია Top Employers Institute – გლობალური აუდიტორული კომპანია, რომელიც აფასებს ადამიანებთან დაკავშირებულ პროცესებს, მიღებულ შედეგებს საუკეთესო პრაქტიკებს ადარებს და შემდეგ კომპანიებს Top Employer Award-ის სერტიფიკატს გადასცემს.
ეს ჯილდო ცოტა ხნის წინ „ევროპაბეთის” გუნდმა (e team) მიიღო და დღეს სწორედ e team-ის წარმომადგენლებისგან გავიგებთ, როგორ გახდა კომპანია ტოპდამსაქმებელი.
„ამ პროცესში ჩვენი ჩართულობა ძალიან დაუგეგმავად მოხდა. ევროპაბეთის მფლობელი კომპანია, ბეთსონ ჯგუფი, 2023 წელს გახდა ტოპდამსაქმებლის ჯილდოს მფლობელი, რაც, ცხადია, ჩვენც ძალიან გაგვიხარდა, რადგან მეტწილად ადამიანებთან დაკავშირებული პროცესების პოლიტიკა და მიდგომები ერთი და იგივეა, ჯგუფის მასშტაბით ვიზიარებთ ერთიან ხედვას.
თებერვალში HR გუნდის ყოველწლიურ შეკრებაზე ვიმყოფებოდი მალტაში, სადაც კომპანიის Chief HR Officer-თან, ლენა ნორდინთან ერთად განვიხილავდი, რამდენად საამაყოა კომპანიისთვის ამ ჯილდოს ფლობა და როგორ ვისურვებდი ამის შესაძლებლობა საქართველოს ფილიალისთვისაც მქონოდა. მან მითხრა, რომ 2024 წლის სასერტიფიკატო პროგრამისთვის მომცემდა ამის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის გამოწვევები ისედაც საკმაოდ ბევრი იყო, როცა გუნდში ეს შესაძლებლობა გავაზიარე, ვთქვით, რომ შეგვეძლო ამ გამოწვევის მიღება და გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების!”, – თამარ ქლიბაძე, ევროპაბეთის HR დირექტორი.
M: რა გზა გაიარა გუნდმა იმისთვის, რომ ჯილდო მოეპოვებინა?
უშუალოდ აუდიტის პროცესი დაიწყო აპრილში და 2 თვის მანძილზე გაგრძელდა. პირველი თვე 900-პუნქტიანი კითხვარის შევსებას ეთმობოდა. კითხვარი შედგებოდა 6 ბლოკისგან და ადამიანებთან დაკავშირებულ ყველა პროცესს მოიცავდა, დაწყებული კომპანიის სტრატეგიითა და ლიდერობით, დასრულებული თანამშრომლობის გამოცდილებასთან დაკავშირებული ყველა საფეხურით. კითხვებიდან თითქმის ყოველი მესამე მოითხოვდა მოცემული პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას, რაც საკმაოდ დიდი სამუშაო იყო და HR გუნდის ყველა წევრის პირდაპირ თუ ირიბ ჩართულობას საჭიროებდა.
კითხვარის შევსების პროცესს ვალიდაციის პროცესი მოჰყვა, რომელიც გულისხმობს შეკითხვების გარკვეულ პროცენტზე დამატებითი მტკიცებულებების მიწოდებას. აუდიტის პროცესი დასრულდა 3-საათიანი ვალიდაციის ინტერვიუთი, რომლის განმავლობაშიც ვისაუბრეთ უშუალოდ პროცესებზე და მოვიყვანეთ კიდევ მეტი მაგალითები, ვალიდაციისთვის შერჩეულ შეკითხვებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, სადიპლომოს დაცვას ჰგავდა მთელი პროცესი, კვლევის ჩატარებიდან დაწყებული, შემაჯამებელი გამოცდით დამთავრებული.
M: რა იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც უნდა დაგეკმაყოფილებინათ?
კრიტერიუმები არის კომპანიის შედეგები იმ 6 მიმართულებაში, რომლებიც აუდიტის დროს ფასდება, კომპანიამ უნდა გადალახოს მინიმალური ზღვარი შედეგების თანხვედრით მსოფლიო სტანდარტთან. მინიმალური სტანდარტის ზღვარი ცვალებადია ყოველწლიურად, მონაწილე კომპანიების შედეგებიდან გამომდინარე. აუდიტის პროცესში დამსაქმებელი ირჩევს, რომელ ბაზარსა და ინდუსტრიას სურს შეადარონ თავისი შედეგებით. ჩვენ ავირჩიეთ გლობალური ბაზარი, რომელიც წელს 121 ქვეყანას და 2300 ორგანიზაციას აერთიანებდა და ინდუსტრიად ტექნოლოგიები ავირჩიეთ, რადგან ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა ყველაზე ახლოსაა ტექნოლოგიურ კომპანიებთან. გამოწვევა საკმაოდ დიდი იყო, რადგან დღესდღეობით ტექნოლოგიური კომპანიები საუკეთესო ზრუნვით გამოირჩევიან დასაქმებულებზე.
ჩვენი შედეგებით, საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, მოვხვდით მსოფლიო კომპანიების 25%-ში. სამუშაო გარემოსა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვაში კი ყველაზე მაღალი, 98%-იანი შედეგი გვქონდა; კომპანიისა და HR სტრატეგიების თანხვედრასა და ლიდერობის განვითარებაში 96%-იანი შედეგი.
M: რას აკეთებს ზოგადად ევროპაბეთი იმისთვის, რომ იყოს კარგი დამსაქმებელი?
ევროპაბეთი უკვე ბევრი წელია ლოკალურ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც გამორჩეულად სასურველი დამსაქმებელი. ამ სტატუსის მიღწევას პირველ რიგში ვცდილობთ თავისუფალი, უსაფრთხო, სასიამოვნო და თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის შექმნით. ყოველწლიური HR სტრატეგია ეფუძნება არა მხოლოდ ბიზნესის მიზნების მხარდაჭერას, არამედ თანამშრომელთა ჩართულობის კვლევასაც; მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თანამშრომლების უკუკავშირებს კომპანიის შესახებ. ვცდილობთ, არ გავჩერდეთ და ჩვენი პრაქტიკები ყოველწლიურად განვავითაროთ, თავად გავიზარდოთ და ვისწავლოთ ბევრი, HR გუნდის წევრები ვიყოთ საუკეთესო როლური მოდელები იმ ყველაფრისა, რაც გვინდა, რომ კომპანიაში დაინერგოს.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ამ ჯილდოს მიღება და ექნება თუ არა მას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა e team-ის მომავალზე?
ეს სტატუსი, გარდა იმისა, რომ ძალიან საამაყოა, ძალიან საპასუხისმგებლოა და მისი განმტკიცებისა და შენარჩუნებისთვის მეტი შრომაა საჭირო. განსაკუთრებით კომპანიის ლიდერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან პირველ რიგში მათ უნდა გაამართლონ ის მოლოდინები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი გვაკისრებს. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ ეს სტატუსი კიდევ უფრო გააძლიერებს ახალი ტალანტების მოძიებისა და არსებული თანამშრომლების ჩართულობის ზრდის მაჩვენებლებს.
მარიტა მეგრელიშვილი, HR ანალიტიკოსი:
„ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო თავგადასავალი, რომელმაც ბევრი ახალი ცოდნა და გამოცდილება მომცა იმ გამოწვევების ფონზე, რასაც პროცესში წავაწყდით, უშუალოდ აუდიტის მიმდინარეობის დროსაც შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ გარკვეული საკითხები. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო ასევე ყველა პროცესზე ისეთი ფაქტობრივი მტკიცებულებების მოძიება, რომელიც Top Employers Institute-ის სტანდარტებში ჩაჯდებოდა. ამ მხრივ, მათი მოთხოვნები იყო საკმაოდ მკაცრი, რომელიც გულისხმობდა ყველა პროცესზე გაწერილი გაიდლაინებისა და საკომუნიკაციო გეგმის ქონას, მიდგომების სტანდარტიზებას და, რაც ყველაზე მთავარია, უტყუარი და სანდო მტკიცებულებების წარდგენას, მათ შორის ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალის სახით, კომპანიაში არსებულ ყველა მიდგომასა და პროექტზე”.
M: იყო თუ არა ეს პროცესი თქვენთვის დაკავშირებული გარკვეულ ღელვასთან? თუ თავიდანვე დარწმუნებული იყავით, რომ მოიპოვებდით სტატუსს?
ღელვა რასაკვირველია იყო, რადგან სრულიად უცნობი პროცესი და პირველი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ამას თან ერთოდა ბეთსონ ჯგუფის წინაშე პასუხისმგებლობა, ჯგუფის, რომელიც იყო ტოპდამსაქმებლის სტატუსის მფლობელი და ჩვენც, როგორც ერთ–ერთ გამორჩეულ ლოკაციას, გვსურდა გაგვემართლებინა მათი მოლოდინები.
მიუხედავად ღელვისა, სტანდარტი მაინც მაღალი დავიწესეთ, რადგან მაღალი მიღწევები ჩვენი სტილია და ვთქვით, თუ გამარჯვებაა, ბარემ ყველაზე რთულ ინდუსტრიასთან და გლობალურ ბაზართან შედარებით განგვიხილონო. ამიტომაც ავირჩიეთ მსოფლიო ბაზარი და ტექნოლოგიური ინდუსტრია შედეგების შედარებისთვის.
M: კერძოდ, რომელ კატეგორიაში მოიპოვა აღიარება e team-ის გუნდმა?
Top Employer Award არ განსაზღვრავს კონკრეტულად ვიწრო მიმართულებას რითაც გამოირჩევა ორგანიზაცია. ჯილდო გაიცემა თანამშრომლებზე ბრწყინვალე ზრუნვის გამო, რომელიც მოიცავს ადამიანებთან დაკავშირებული ყველა პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად მართვას. ჩვენი შედეგები ყველაზე მაღალი ლიდერობასა და სამუშაო გარემოს ნაწილში იყო, შესაბამისად, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ის გამორჩეული ნაწილი, რითაც გავხდით ტოპდამსაქმებელი.
M: როგორია ევროპაბეთის ორგანიზაციული კულტურა, თქვენი აზრით, რით დააკმაყოფილა კომპანიამ კონკურსის კრიტერიუმები?
ჩემი აზრით, ევროპაბეთის ორგანიზაციული კულტურა ნამდვილად საამაყო და მისაბაძია, განსაკუთრებით ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე, როცა ძალიან ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ვერ იაზრებს დასაქმებულებზე ზრუნვის მნიშვნელობას ბიზნესის წარმატების ნაწილში.
ბევრი კრიტერიუმი იყო, რითაც მსოფლიო სტანდარტთან შესაბამისობაში მოვედით. თუმცა გამოვყოფ დასაქმებულთა კეთილდღეობასა და ჩართულობაზე ზრუნვას და ზოგადად, შიდა კომუნიკაციის მაღალ დონეს, რომელიც მოიაზრებს დასაქმებულების აზრის მოსმენა/გათვალისწინების კულტურას.
ასევე, ის მხიარული და სასიამოვნო აქტივობები/ღონისძიებები, რაც თანამშრომლების გამოცდილებას გამორჩეულს, დაუვიწყარს ხდის და რითაც ევროპაბეთი უკვე ძალიან ცნობილია ადგილობრივ ბაზარზე: ჩვენი თიმბილდინგები, კორპორაციული წვეულებები თუ საოფისე ღონისძიებები.
ევროპაბეთის გუნდისთვის ამ ჯილდოს მიღება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ისინი კიდევ უფრო მეტი მოტივაციით აპირებენ მუშაობას. კომპანიის მთავარ მიზნად ყოველთვის დარჩება თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, რათა ყოველი შემდგომი წარმატება იყოს ყველასთვის საერთო. გუნდში სჯერათ, რომ Top Employers Institute-ის გამოცდილება კიდევ ერთი ახალი თავი იქნება, რომელიც ევროპაბეთის მომავალ წინსვლას განაპირობებს.
[R]