ევროვიზიის 2023 წლის კონკურსისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. წლევანდელ მუსიკალურ კონკურსს გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს, რუსეთის მიერ ომით დაზარებული უკრაინისადმი სოლიდარობა კი ბრენდინგის საფუძვლად იქცა.
ფოტოზე მოცემული ბანერები მალე გამოჩნდება ლივერპულის St George’s Hall-სა და Liverpool ONE-ში — სწორედ აქ გაიმართება კონკურსი.
ბრიტანეთის დროშის ფერებთან ერთად, ვიზუალურ იდენტობაში გამოყენებულია ცისფერი და ნათელი ყვითელი. რაც შეეხება შრიფტს, სახელწოდებით Penny Lane, ის შთაგონებულია ლივერპულის მეოცე საუკუნის ქუჩებში გაკრული აბრებით. „კრეატიული სახე ამ მაგიის შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია. წლევანდელი იდენტობა შესანიშნავად აჯამებს მხარდაჭერის და მუსიკის ძალას, რომელიც ხალხის გაერთიანებაზეა ფოკუსირებული“, — ამბობს 2023 წლის ევროვიზიის მმართველი დირექტორი, მარტინ გრინი.
ამავდროულად, Superunion-ის აღმასრულებელმა კრეატიულმა დირექტორმა სტიუარტ რედფორდმა და კრეატიულმა დირექტორმა კეტრინ ტედბოლმა განაცხადეს, რომ პროექტი მათთვის განსაკუთრებული დავალება იყო. „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროვიზიის 67-ე კონკურსისთვის უკრაინულ სააგენტო Starlight-თან და BBC-სთან თანამშრომლობით შევქმენით ვიზუალური იდენტობა“.
როგორც ჩანს, წლევანდელი United By Music თემა კვლევით არის შთაგონებული — ამ უკანასკნელის მიხედვით, ცოცხალი მუსიკის ერთად მოსმენისას, ადამიანების გულები სინქრონიზებულია. აქედან წამოვიდა კრეატიული კონცეფცია „160 მილიონი გულისცემა, როგორც ერთი“.
„ძალიან ვამაყობთ, რომ შემოქმედებითი ხედვის ნაწილი ვართ, რადგან სწორედ ახლა გვჭირდება ერთიანობა, როგორც გლობალურ საზოგადოებას. „სტარლაითისთვის“ ეს არის შესაძლებლობა, უკრაინა საერთაშორისო სცენაზე წარმოვაჩინოთ, თავისი შემოქმედებითი და მუსიკალური მიღწევებით“, — აცხადებენ Starlight Creative-ში.