in

სეულში კონცერტზე დირიჟორი რობოტის დებიუტი შედგა

სამხრეთ კორეაში ახლახან გამართულ კონცერტზე 950 ადამიანის თვალწინ ორკესტრს ჰუმანოიდმა რობოტმა უდირიჟორა. EveR 6-ის სახელით ცნობილი მოწყობილობა მშვენივრად გაუმკლავდა ამ როლის მორგებას — ზედმიწევნით ამოძრავებდა ხელებს და თავს, დირიჟორისთვის დამახასიათებელ ჟესტებსაც იმეორებდა.

რობოტის შექმნა/განვითარებაზე კორეის ინდუსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა იმუშავეს, დებიუტი კი ქვეყნის ეროვნულ თეატრში შედგა. 1.8 მეტრი სიმაღლის მქონე მოწყობილობამ 60 მუსიკოსს უდირიჟორა, რომლებიც ტრადიციულ კორეულ საკრავებზე უკრავდნენ.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Ever 6 გენერაციული ხელოვნური ინტელექტი არ არის. „ეს არის რობოტი, რომელიც დაპროგრამებული მოძრაობების საფუძველზე მუშაობს. მოძრაობის გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით, ციფრულად იწერს ადამიანის სადირიჟორო ტრაექტორიებს. სამომავლოდ AI-ის ინტეგრირებაც იგეგმება და შესაძლოა, რობოტი მალე დირიჟორის ამპლუაშიც ვიხილოთ“, — განმარტავს ლი დონ-ვუკი, რობოტის შემქმნელი ინჟინერი.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, 30 ივნისს გამართულ კონცერტზე, სადაც 3 მელოდიის შესრულებისას იდირიჟორა, რობოტს საკმაოდ დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა — იმაზე კარგიც, ვიდრე მუსიკოსები ან ავტორები წარმოიდგენდნენ. „ვფიქრობ, როდესაც რობოტს ხელოვნური ინტელექტიც დაემატება, სრულიად უპრობლემოდ, მაღალ დონეზე უდირიჟორებს მუსიკოსებს“, — აღნიშნავს ლი დონ-ვუკი.

მიუხედავად იმ აჟიოტაჟისა, რომელიც აღნიშნულ სიახლეს მოჰყვა, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ EveR 6 პირველი რობოტი არაა მსგავსი როლით. 2008 წელს გამართულ კონცერტზე დირიჟორის სახით ჰონდას მიერ შექმნილი მოწყობილობა ასიმო წარადგინეს, 2017-ში შვეიცარიაში საზოგადოების წინაშე 2 მექანიკური ხელის მქონე იუმი წარდგა; 2018 და 2020 წლებში კი მეორე და მესამე თაობის Alter-ის AI რობოტების დებიუტი შედგა.

Twitter-ში მომხმარებლებს პოსტების ნახვის ყოველდღიური ლიმიტი დაუწესეს

ელიტ ელექტრონიქსში Apple-ის ახალი Multi AAR ბრენდზონა გაიხსნა