ეკონომიკურმა კრიზისმა და უძრავი ქონების გაზრდილმა ფასებმა ბევრ ქვეყანაში შექმნა საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ გამოწვევას უკავშირდება გერმანული საცალო ვაჭრობის კომპანია Hornbach-ისა და კრეატიული სააგენტო HeimatTBWA\-ს უჩვეულო, სიურრეალისტური კამპანია — ის მომხმარებლებს მოუწოდებს, შემოქმედებითობა გამოიჩინონ და მაქსიმალურად აითვისონ ოთახის სივრცე.
კამპანია, სახელწოდებით „Every Square Meter Deserves to Be the Best in the World“, სტივ როჯერსის რეჟისორობით შეიქმნა. ერთწუთიანი სიუჟეტი ერთი კაცის ირგვლივ ვითარდება, რომლის სახლიც პაწაწინა ოთახების კომპლექტს აერთიანებს — ყველაფერი იმდენად მცირე მასშტაბისაა, რომ კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენს… თუმცა მიუხედავად ამ ნეგატიური ასპექტისა, დადებითი მუხტი კრეატიულობას თუ მოხერხებულობას მოაქვს, რომლითაც სივრცე იდეალურად და გონივრულადაა ათვისებული.
საგულისხმოა, რომ ბრენდმა მხატვრები და დიზაინერები ევროპის რვა ქვეყნიდან მოიწვია, რათა საკუთარი ერთმეტრიანი სივრცეები შეექმნათ. „გვსურს, წავახალისოთ ადამიანები, ოთახები შემოქმედებითად დააპროექტონ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საცხოვრებელი ფართი მეტად მწირია, იდეების რაოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე დიდი უნდა იყოს…“