27
Nov
2019

კონფლიქტი ყველა გუნდშია! სად არის გამოსავალი?

27 Nov 2019

გუნდმა რომ ეფექტურად იმუშაოს, რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, აუცილებელია იდეების გაზიარება და დებატებიც კი. მთავარია, ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს და საქმის გარშემო დაწყებული კამათი ბოლომდე საქმიანი და კონსტრუქციული იყოს. როგორ დავიცვათ ბალანსი გუნდში? – გავცვალოთ მოსაზრებები, მოვისმინოთ და განვიხილოთ განსხვავებული შეხედულებები ისე, რომ თემას არ ავცდეთ და კონფლიქტი ავიცილოთ თავიდან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სანამ დებატებს დაიწყებთ, კიდევ ერთხელ შეახსენეთ კოლეგას თქვენი დამოკიდებულება. მაგალითად, უთხარით: „ძალიან გაფასებ და შენი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია“; „მინდა, ორივესთვის მისაღები გადაწვეტილება მივიღოთ“ და ა.შ. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების ეგოც კი არ არის ყოველთვის ძალიან მყარი. პირდაპირ რომ შეტევაზე გადახვიდეთ, მას უბრალოდ თავდაცვა მოუწევს. შესაბამისად, ვერც იდეების გაცვლა-გამოცვლა მოხდება და ვერც დებატები შედგება.

კოლეგის, თუნდაც, თქვენგან განსხვავებულ აზრს რომ მოისმენთ, პირდაპირ შეტევაზე ნურც მაშინ გადახვალთ. პირიქით, უთხარით, რომ ნაწილობრივ ეთანხმებით კიდეც – „მშვენიერია. გასაგებია თქვენი პოზიცია. ახლა მინდა, ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ“. ნუ გამოიყენებთ სიტყვებს: „მაგრამ“, „არა“, „ან“, „არ გეთანხმები“. რაც თქვენ შორის სადაოა, ყველა დებულებას უპასუხეთ, ოღონდ თქვენი აზრის დაფიქსირებით და არა ტექსტით „ვერ დაგეთანხმები“, „ცდები“ და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, პირადი საკითხები ისე განიხილოთ, პირადად რომ არ შეეხოს დიალოგის რომელიმე მონაწილეს. წარმოიდგინეთ, კოლეგას დებატებისას ეუბნებით, „არ მომწონს შენი იდეა“- ეს პიროვნული თავდასხმა და შეურაცხყოფაა. „შენი იდეა“ – აქ იგულისხმება, რომ თქვენ იწუნებთ არა მხოლოდ მის იდეას, არამედ პირადად მასაც. ის იძულებული იქნება თავდაცვის პოზიციაში ჩადგეს. ამიტომ ჯობია, როგორც კი თქვენთვის მიუღებელ აზრს მოისმენთ, დიალოგი ასეთი ფრაზით გააგრძელოთ: „ვფიქრობთ, იდეას ცოტა განხილვა სჭირდება“. ან კიდევ უფრო უკეთესი რამ უთხრათ: „ ამ საკითხს მეც ზუსტად ასე აღვიქვამდი და მერე აი, რა ვიფიქრე…“.

პიროვნული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ერთ – ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი საერთო მიზანზე კონცენტრაციაა. ეს საშუალებას მოგცემთ, განსხვავებული დამოკიდებულებებისა და მიდგომების მიუხედავად, აქცენტი საქმეზე გააკეთოთ და ოპტიმალური გამოსავალი იპოვოთ. ხშირად გამოიყენეთ ფრაზები: „ვიცი, ორივეს/ყველას გვინდა, ეს პროექტი წლის ბოლომდე დავასრულოთ“; „დარწმუნებული ვარ, ყველას გვსურს, ჩვენმა გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს“.

თუ რომელიმე მხარე არ დათმობს, გუნდი უბრალოდ, ჩიხში შევა. „ბრძოლას“ ის აგებს, ვინც პირველი იწყებს მოქმედებას. გახსოვდეთ, გუნდში მუშაობა ეს შეჯიბრი არ არის და თუ საკითხს ასე მიუდგებით, ყველა დამარცხდება. ამიტომ, სადაო თემების განხილვისას, სჯობს, საკუთრი საჭიროებები და მისწრაფებები დაივიწყოთ და ისეთი სტრატეგია შეიმუშაოთ, საერთო საქმისთვის რომ უკეთესი იქნება. ეცადეთ, იყოთ მოქნილი და შემოქმედებითი. გუნდი მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, თუ თითოეული წევრი „თავაუღებლად“ მუშაობს და ახალ გადაწყვეტებს ეძებს.

 



განხილვა