Samsung ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჯანმრთელობის აპლიკაციისთვის სახალისო ვიდეორგოლს უშვებს. ამ უკანასკნელში ნაჩვენებია, როგორ ეხმარება ახალი ტექნოლოგია თანამედროვე ადამიანს არასახარბიელო ინსტინქტების უგულებელყოფაში, რომლებიც 200 000 წლის წინ წარმოიშვა.
ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Ogilvy New York-მა იმუშავა და მთავარ ფოკუსად ჯანმრთელობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები აიღო. სიუჟეტი 25 წლის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას სირბილით, სწორი კვებითა და საკმარისი ძილით ცდილობს. სურს, საკმარისი ენერგია ჰქონდეს, რათა ყველაფერი სათანადოდ შეასრულოს…
მოულოდნელად უძველესი „მოწინააღმდეგეც“ ჩნდება — პრეისტორიული ინსტინქტებით გაჯერებული გმირი. ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ მთავარი მოვალეობა მხოლოდ მტაცებლისგან გაქცევაა, ზამთარში გადასარჩენად კი ცხიმიანი ბევრი საკვები უნდა მიიღოს. თუმცა თანამედროვე ადამიანს ამ ინსტინქტების იგნორირება Samsung Health-ის დახმარებით შეუძლია — ის აკონტროლებს სხეულის ცხიმს და სტრესის დონესაც კი.