in

„პროფესია ექიმი — ემოციების გამოფენა“ — ევექსის ფოტოპროექტი

„პროფესია ექიმი — ემოციების გამოფენა“ — ასე ჰქვია ევექსის უახლეს პროექტს, რომელიც წამყვან ფოტოგრაფებთან კოლაბორაციით შეიმუშავა. ნათელა გრიგალაშვილმა, დარო სულაკაურმა და გიორგი ნაკაშიძემ დოკუმენტურ სტილში გადაიღეს ქსელის 500-მდე ექიმი. მათი სამუშაო პროცესი და ის ემოციური შრომა, რომელსაც ყოველდღიურად სწევენ. ამავდროულად, ფოტოგამოფენა ექიმების საერთაშორისო დღეს, 30 მარტს 16:00-ზე გაიხსნება გალერეა Hermit Space. ცალკე სივრცეში და 5 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.

თითოეული ფოტო ევექსის მთავარი გმირების — ექიმების ისტორიას ჰყვება; ვიზუალურ კადრებშია გადმოცემული 500-მდე ექიმის ყოველდღიურობა. მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოსა და პირობებშია აღბეჭდილი ექიმების სამუშაო გარემო, ემოციები თუ დამოკიდებულება საქმისა და პაციენტების მიმართ.

„ექიმებთან მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ალბათ იმიტომაც, რომ ასეთი პროექტზე ადრე არ მიმუშავია და პაციენტის პოზიციიდან მქონდა მხოლოდ შეხება. ამ პროექტმა კი საშუალება მომცა, ექიმთა შრომის სრულიად განსხვავებულ მხარეს და ყველა იმ სირთულეს დავკვირვებოდი, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. ზოგადად, პროფესია ექიმი ჩემში დიდ პატივისცემას იწვევს, რადგან სწორედ მათ ვანდობთ ყველაზე მნიშვნელოვანს — ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, აღნიშნავს ნათელა გრიგალაშვილი.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

პროექტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი თეა მეფარიძე, ევექსის ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი გვიზიარებს:

M: პირველ რიგში ვისაუბროთ, რა იყო პროექტის ძირითადი შთაგონება? რატომ გადაწყვიტეთ ექიმების ყოველდღიური შრომის ამ ფორმით ასახვა?

ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, მუდმივი გამოწვევაა იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმით შეიძლება მადლობის გამოხატვა ჩვენთვის მთავარი ადამიანებისათვის, რადგან იყო ექიმი, სხვა განსხვავებული პასუხისმგებლობაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ინტელექტუალურ და ემოციურ შრომას… ზრუნვას ყველაზე მთავარზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, რეალობის გადმოტანა კადრებით, ამ ადამიანების პროფესიის მნიშვნელოვნების ხაზგასმა და იმის გააზრება, თუ რამხელა სიმშვიდეა ამ პროფესიის არსებობა ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ შინაარსიდან გამომდინარეც გადაწყდა ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა.

M: თქვენი აზრით, აღნიშნული პროექტი როგორ იმოქმედებს ექიმებისა და პაციენტების მეტად „დაახლოებაზე“? ჩვენთვის უკეთ აღქმადი გახდება ის მეორე მხარე, სადაც ექიმები დგანან?

ცხადია, უფრო აღქმადი გახდება პროფესია ექიმი, მით უმეტეს, რომ ევექსი წარმოადგენს პირველად ჯანდაცვას — შესაბამისად, ამ რგოლის მნიშვნელოვნების გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით ჩვენთვის აუცილებელია. Რაც შეეხება სიახლოვეს, გადაღების პროცესმაც აჩვენა, რომ პაციენტსა და ექიმს შორის არის ემოციური კავშირი, ნდობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული. ამიტომ გამიჭირდება ამის თქმა გადაჭრით, რომ მეტად „დააახლოებთ“, თუმცა პროექტის ფარგლებში ჩვენ მოგვიწია არაერთ პაციენტთან ურთიერთობა, რადგან ვიღებდით ვიზიტს, უშუალოდ პროცესს… შესაბამისად, მათი საერთო კადრი უკვე ისტორიაა — ამიტომ მგონია, რომ გარკვეულწილად ამას ექნება ან შესაძლოა ჰქონდეს გავლენა მათ ურთიერთობაზე.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

M: რატომ კონკრეტულად ფოტოგრაფიის მედიუმი და როგორ ფიქრობთ, კამერის ლინზიდან რამდენად აღიქმება ექიმების რეალური ემოციები, განცდები თუ მდგომარეობა?

ფოტოს ყველზე მეტად მოაქვს ემოცია, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ფოტოგრაფებზე, როგორებიც არიან ნათელა გრიგალაშვილი, დარო სულაკაური და გიორგი ნაკაშიძე. ეს არის ფოტოპროექტი, რომელიც უკვე წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ვიზუალურ მეხსიერებას, ისტორიას და ეს ისტორია ჩვენმა ფოტოგრაფებმა დაწერეს კადრებით.

M: ასევე, ვისაუბროთ ევექსის მიდგომასა და ხედვაზე, რომელიც სამედიცინო სფეროში სრულიად განსხვავებული მედიუმის შემოტანას უკავშირდება… ბრენდის სტრატეგიის ჭრილში როგორ შეესაბამება ეს ინიციატივა ევექსს?

როგორც აღვნიშნე, ექიმები არიან ჩვენი კომპანიის მთავარი ადამიანები, ჩვენი საყრდენი — შესაბამისად, მათზე ფოკუსირება კომპანიის მთავარი საზრუნავია და ამ შემთხვევაში მათთვის არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვა, არამედ ხელშეწყობა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, რადგან ჩვენი პაციენტების ნდობა ეფუძნება ბრენდ ევექსს… ამ ბრენდს კი ქმნიან ადამიანები, რომლებსაც ის აერთიანებს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა ჩვენ კორპორატიულ კულტურას ძალიან კარგად გამოხატავს და ევექსის, როგორც ბრენდის, იდენტობის ნაწილია.

ფოტო: დარო სულაკაური

[R]

წყნარ ოკეანეში ახალი წყალქვეშა სახეობები აღმოაჩინეს!

Heinz-ის ინტერაქციული ბილბორდები ანაზღაურებს იმას, რაც ხალხს აკლია