in

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ თამბაქოს თავის დანებების სპეციალური პროგრამა დაიწყო

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, დედაქალაქის მასშტაბით, თამბაქოს თავის დანებების სპეციალური სერვისი დაიწყო. პროგრამა ოჯახის ექიმის კონსულტაციას, მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ფსიქოლოგის სეანსებს ითვალისწინებს.

კონკრეტულად რას გულისხმობს თამბაქოს თავის დანებების პროგრამა, როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები და რა შედეგი ექნებათ ბენეფიციარებს?! Marketer.ge კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორს ნინო ჩიჩუას ესაუბრა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორი ნინო ჩიჩუა

ნინო ჩიჩუა: თამბაქოს თავის დანებების სერვისი 1-ელი მაისიდან დავიწყეთ. პროექტი დედაქალაქის მასშტაბით ხორციელდება და ხელმისაწვდომია ჩვენი ქსელის რვავე პოლიკლინიკაში. პროცედურა საკმაოდ მარტივია: ვისაც სურს, თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, უნდა დარეკოს „ევექსის“ ქოლ – ცენტრში და ოჯახის ექიმთან  კონსულტაციაზე ჩაეწეროს.

M: რას გულისხმობს თამბაქოს თავის დანებების პროგრამა?

ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, როგორც უკვე აღვნიშნე, „ევექსის“ რომელიმე პოლიკლინიკაში, კონსულტაციაზე უნდა ჩაეწეროს. ოჯახის ექიმი, ადგილზე, შეავსებინებს კითხვარს, გაარკვევს რამდენად არის ნიკოტინზე დამოკიდებული პაციენტი, რამდენ ღერს და რა პირობებში ეწევა დღის მანძილზე, შეამოწმებს მის სასუნთქ გზებს, გულსისხლძარღვთა სისტემას. თუ საჭირო იქნება სხვა სპეციალისტის ჩართულობა, საწყის ეტაპზევე გადაამისამართებს მასთან. გარდა ამისა, ოჯახის ექიმი, სპეციალური მოწყობილობით, მწეველის ამოსუნთქულ ჰაერში მხუთავი აირის შემცველობას ზომავს. (მაჩვენებელი მწეველებში არის 20-30, არამწეველებში – 7-მდე). პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს, ასევე, უნიშნავენ მედიკამენტს „ჩამპიქსი“ (ხელმისაწვდომია ფარმაცეფტული ქსელის, „ჯი პი სი“-სა და “ფარმადეპო“-ს აფთიაქებში). ამასთან, დამატებით, თვეში ერთხელ, გვაქვს ფსიქოლოგიური სეანსი. პაციენტები, ფსიქოლოგის მოდერაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ – როგორ მიდის პროცესი, ვის უჭირს ან პირიქით, მარტივად ახერხებს თამბაქოს მოწევაზე თავის დანებება. მთელს ამ პროცესს აქტიურ მეთვალყურეობას უწევს ჩვენი ოჯახის ექიმი. დანარჩენი უკვე ადამიანის სურვილსა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

M: რა რესურსით ახორციელებთ ამ პროგრამას?

ჩვენი პოლიკლინიკების 65 ოჯახის ექიმი, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, საქართველოს რესპირატორული ასოციაციამ გადაამზადა. მათ გაიარეს სპეციალური ტრენინგი, აქვთ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებული „გაიდლაინი“, იციან, მიმართვის შემდეგ, რა გამოიკვლიონ, როგორ შეარჩიონ წამლის დოზა, როგორი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიონ ბენეფიციარს.

M: ალბათ, არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, რა ზიანს აყენებს თამბაქოს მოწევა ადამიანის ჯანმრთელობას . . .

სტატისტიკა, მართლაც რომ სავალალოა. მსოფლიოს მასშტაბით, წელიწადში, 6 000 000 ადამიანი თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებისგან, 600 000 – კი მეორადი კვამლით იღუპება.

M: რაც შეეხება თქვენი პროგრამის შედეგებს . . .

რა მეთოდსაც ჩვენ ვიყენებთ, ახალი და მთელს მსოფლიოში აპრობირებულია. რაც შეეხება უშუალოდ „ევექსის“ თამბაქოს თავის დანებების სერვისს, როგორც აღვნიშნე, დაახლოებით, 1 თვის წინ დაიწყო და 50-მდე პაციენტია ჩართული, ვნახოთ, როგორ წავა კურსი. თუმცა, შარშან ჩვენ გავაკეთეთ საპილოტე პროგრამა, რომელშიც ჩვენი 27 თანამშრომელი ჩაერთო. აქედან, ერთი წლის თავზე, მოწევას თავი 10 ადამიანმა დაანება.

M: რა ღირს თამბაქოს თავის დანებების პროგრამით სარგებლობა?

ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა. კარდიოლოგთან, ნევროლოგთან და სხვა სპეციალისტებთან გადამისამართების შემთხვევაში, ბენეფიციარს აქვს 30%-იანი ფასდაკლება. დანიშნულ მედიკამენტს კი, 50%-იანი ფასდაკლებით იღებს. მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სექტემბრიდან ფასიანი გახდეს ოჯახის ექიმის კონსულტაცია, მაგრამ გადასახადი 15-20 ლარს არ გადააჭარბებს.

M: რაც შეეხება პროექტის მიზანს . . .  

ეს „ევექსის“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტია. ამას ვუყურებთ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში. ზოგადად, ჩვენი ბრენდის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა არის „ევექსი ზრუნავს“. დიდი სურვილი და ბევრი გეგმა გვაქვს, ვიზრუნოთ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. გვინდა, მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი კორპორაცია ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა „ევექსის“ ერთი-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა – ვატარებთ სხვადასხვა სპორტულ ტურნირს, ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით თანამშრომლებს, რომ აქცენტი გააკეთონ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. საქართველოში, ბოლო დროს, ძალიან ბევრი სპორტული დარბაზი გახსნა, ერთგვარი ტრენდიც გახდა ვარჯიში. სულ უფრო მეტი ადამიანია დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობით. ვფიქრობ, მოწევისთვის თავის დანებების ჩვენი პროგრამა ძალიან საჭირო და დროული ინიციატივა იყო. აღსანიშნავია, რომ არ გვაქვს ხისტი მიდგომა. ეს არც არის რეკომენდებული. პაციენტს თავად უნდა ჰქონდეს სურვილი ჩაერთოს პროგრამაში და თავი დაანებოს თამბაქოს მოხმარებას. ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე დღიდან „გადააგდებს“ სიგარეტს. პირობითად, თუ მანამდე ეწეოდა 1 კოლოფს, პროგრამის დაწყებიდან ორ კვირაში, შეიძლება, ჩამოვიდეს 10-14 ღერზე. ეს უკვე შედეგია. აქ ძალდატანებით არაფერი ხდება. თავიდან ბოლომდე ბენეფიციარზეა დამოკიდებული, ჩვენ კი მაქსიმალურად ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ მათ.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

როგორც აღვნიშნე, პროგრამა ჯერ მხოლოდ თბილისში, „ევექსის“ 8 პოლიკლინიკაში მოქმედებს. ჩვენს სამედიცინო კორპორაციას ასევე აქვს პოლიკლინიკები თელავში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში. ანალოგიური პროგრამის განხორციელებას იქაც ვგეგმავთ. ვნახოთ, როგორი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვება პროექტს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს. პროგრამა ჯერ მხოლოდ ზრდასრულთათვისაა. ამ ეტაპზე, არ გვყავს არასრულწლოვანი ბენეფიციარები. თუმცა, თუ მოთხოვნა იქნება, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.

[R]

როცა ურთიერთობის სურვილი სტერეოტიპებზე მნიშვნელოვანია – Coca-Cola-ს ვიდეორგოლი რამადანისთვის 

სად უნდა ეძებო შვილი გვიან ღამით? – McDonald’s-ის ვიდეორგოლი