in

მყუდროდ და უსაფრთხოდ, როგორც საკუთარ შექმნილ კარავში – „ევექსის” ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის კონცეფცია

ბავშვობაში ყველანი ვაშენებდით კარავს. აბა, გაიხსენეთ, სახლსა თუ ეზოში მეგობრებთან ერთად რამდენჯერ აგვიშენებია პატარა შტაბი, რომელიც ჩვენი სამფლობელო და სათამაშო მოედანი იქნებოდა. ეს იყო ყველაზე უწყინარი, მყუდრო და საყვარელი ადგილი, სადაც თავს დაცულად ვგრძნობდით. კარვის აშენება დღევანდელი თაობისთვისაც სასიამოვნო და სახალისო თამაშია. ბავშვებს მოსწონთ საკუთარი ხელით შექმნილ სივრცეში ყოფნა და აქ თავიანთი სამყაროს აშენება.

BOG
BOG

ეს ის მიგნებაა, რომელსაც „ევექსის” ახალი პროექტის კრეატიული კონცეფცია დაეყრდნო და შეიქმნა ცალკე ბრენდი, რომელსაც „კარავი” ჰქვია. ეს არის ერთ სივრცეში თავმოყრილი ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ნეიროგანვითარების გამოწვევების მქონე ბავშვებს ესაჭიროებათ. აქ ყველა ბავშვი თავის კარავს ქმნის და იკვრება ერთიანი კომუნა, სადაც მოსვლა ყველას უხარია – პატარა კარაველსაც და მის მშობელსაც. ამ პროექტის მიზანია 1-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც მათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს მშვიდს, სახალისოსა და ჯანსაღს გახდის. 

კარავი 2023 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა და ამ დღიდან მოყოლებული, უკვე 100-ამდე კარაველს იღებს. ცენტრის ბრენდინგზე კრეატიულმა დირექტორმა, ნინო გორდელაძემ და არტ დირექტორმა, ნათია კვარაცხელიამ, ევექსის მარკეტინგის გუნდთან ერთად იმუშავეს. ყველა ბავშვი განსხვავებული და უნიკალურია, კარავი უნდა იყოს ადგილი, რომელიც თითოეულზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული – ეს იყო ამოსავალი წერტილი, რომელზეც შემდეგ ბრენდის კონცეფცია დააშენეს.

კარვის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა. ევექსი ის ბრენდია, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი და ადამიანის ცხოვრების ხარისხი აიწიოს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის სერვისებთან ერთად საზოგადოებისთვის მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებაც შეგვეთავაზებინა. აქედან წამოვიდა იდეა „კარავი”, რომელიც აუტიზმის სპექტრის, დისლექსიის, ADHD-სა და სხვა ნეიროგანვითარების გამოწვევების მქონე 1-დან 18 წლამდე მოზარდებს მრავალი ტიპის სერვისს შესთავაზებდა.

ჩვენ გვყავს მულტიპროფილური გუნდი და სხვადასხვა ტიპის თერაპიები გვაქვს, როგორებიცაა: მეტყველების თერაპია, ქცევითი, ფიზიკური, სენსორული, ოკუპაციური, მუსიკით და არტთერაპია. ჩვენი სურვილია, რომ ეს ბავშვები სრულად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, ამიტომ ვცდილობთ, რომ თითოეულ მათგანში ვიპოვოთ უნიკალური პოტენციალი და მასთან ერთად ვიმუშაოთ მის განვითარებაზე”, – გვანცა ხაბალაშვილი, „ევექსის” ბრენდის ხელმძღვანელი.

M: რატომ შეირჩა ასეთი სახელწოდება – „კარავი”, რასთან ასოცირდება ის?

ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სახელწოდებაზე და საბოლოოდ შევარჩიეთ „კარავი”, რადგან ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენს ცენტრში მოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავს დაცულად გრძნობდნენ, დახვდეთ მყუდრო გარემო, სადაც მათთვის ნაცნობი სიტუაცია იქნება. ასე ისინი უფრო მშვიდად არიან, ხოლო, როცა ბავშვი მშვიდადაა, ის უფრო კარგად ახერხებს კონცენტრირებას. შესაბამისად, მათი განვითარების შედეგებიც გაცილებით მაღალია. 

ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად კარვის იდეას, რადგან ის ასოცირდება სწორედ სიმშვიდესთან, სიმყუდროვესთან, თამაშთან და უსაფრთხო გარემოსთან. ჩვენ შევკრიბეთ ყველა ის ასოციაცია, რაც ადამიანებს ზოგადად უჩნდებათ კარავთან მიმართებით და გადმოვიტანეთ ის ჩვენს იდენტობაში.

M: როგორი იყო თქვენი, როგორც დამკვეთის დავალება და რა შემოგთავაზათ კრეატიულმა გუნდმა?

სანამ უშუალოდ ბრიფზე მუშაობას დავიწყებდით, მანამდე დიდი დრო დავუთმეთ კვლევას: როგორი ცენტრები იყო საერთაშორისო ბაზრებზე, რა მნიშვნელოვანი ელემენტების გადმოტანა შეიძლებოდა; აგრეთვე, ჩვენს ბავშვთა ფსიქიატრთან და ახლა უკვე ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. მან მოგვცა ზუსტი მიმართულება, თუ რა იყო გასაკეთებელი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ბავშვისთვის „კარავი” გამხდარიყო ადგილი, რომელიც მას მოსწონს, ხოლო ის ბავშვები, რომლებიც მასთან ერთად კარავში დადიან, მისი მეგობრები არიან. აუცილებელი იყო, გაგვეთვალისწინებინა, ვინაა ჩვენი სეგმენტიც, რადგან ჩვენი ცენტრი,მართალია, ბავშვებისთვისაა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები, თუ რომელ ცენტრში წაიყვანოს შვილი, არის მშობელი. აქედან გამომდინარე, სერვისების თუ ბრენდინგის აწყობისას ეს ყველაფერი უნდა გაგვეთვალისწინებინა. 

ჩვენი კვლევა და ხედვა გავუზიარეთ ნინოს და ნათიას, მათ კი უკვე ის გადაწყვეტა შემოგვთავაზეს, რაც საბოლოოდ კარვის სახით მივიღეთ.

M: საახალწლოდ მოკლე, ანიმაციური ვიდეორგოლიც გადაიღეთ…ამ რგოლის მომზადებაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა.

ვინაიდან 5 დეკემბერს გავიხსენით და ამ დროს უკვე საახალწლო ციებ-ცხელება იყო დაწყებული, გადავწყვიტეთ, რომ პირველი ვიდეორგოლიც ამ თემატიკაზე გაგვეკეთებინა. ვიდეოს შექმნისას წავედით არა მხოლოდ ზოგადად ბრენდის გაშვების არსებული სტანდარტით, სადაც აქცენტი აუცილებლად ბრენდის ვიზუალური იდენტობის ელემენტებზე კეთდება, არამედ მასში ემოციური დატვირთვაც ჩავაქსოვეთ. გვინდოდა და ვფიქრობ, გამოგვივიდა, რომ ვიდეო ყოფილიყო ატმოსფერული, რომლისგანაც სიმშვიდე მოდის, ილუსტრაციები კი მას ბავშვურ სიფერადეს ანიჭებს.

თავის მხრივ, „კარავზე” მუშაობის პროცესს ფრილანს კრეატიული დირექტორი, ნინო გორდელაძეც იხსენებს:

დავიწყებ იმით, რომ მე-13 წელია, ამ სფეროში ვარ და ასეთი სპეციფიკის პროექტზე პირველად ვიმუშავე, ამიტომ „კარავი” ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია. 

რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ის საფრთხილოც იყო, რადგან ტექნიკურად თუ ემოციურად ბევრი რამ იყო გასათვალისწინებელი და გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვდა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული თავად დამკვეთის გუნდი, რომელმაც საფუძვლიანად გაგვაცნო პროექტისა თუ სფეროს მთელი სპეციფიკა და დავალებაც ძალიან კონკრეტული ჰქონდა – ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ ბავშვებისთვის „კარავი” გამხდარიყო უსაფრთხო და საყვარელი ადგილი”.

M: რა არის კარვის, როგორც ბრენდის კრეატიული კონცეფცია?

ეს არის ბრენდი, რომელიც ემოციურ კავშირს გააჩენს აუდიტორიასთან. ეს კავშირი შემდეგ განაპირობებს ლოიალობას, რომ ბავშვს კიდევ მოუნდეს აქ მობრუნება და მშობელსაც ნდობა გაუჩნდეს. ეს, რა თქმა უნდა, თავად სერვისზეცაა დამოკიდებული, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც ბრენდინგი ქმნის. მიგნება კი ძალიან მარტივია – ბავშვობაში ყველას აგვიშენებია სახლი ზეწრებისგან, გადასაფარებლებისგან და სხვადასხვა ნივთისგან. ეს ბავშვისთვის ერთგვარი შტაბია, სადაც თამაშთან ერთად დაცულობისა და პირადი სივრცის არსებობის შეგრძნება აქვს. სწორედ ეს დავუდეთ საფუძვლად კარვის კონცეფციას. მთავარი აზრი ისაა, რომ თავად ბავშვები ქმნიან ამ კარავს და გვინდა, რომ მათ აქ თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში, როგორც თამაშისას აშენებულ კარავში.

 
M: დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენთვის კარავი გამორჩეული პროექტია. რა არის ამის მიზეზი?

ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნობიერო, რომ რაღაც სასარგებლოს აკეთებ. როცა ქმნი ისეთ პროდუქტს, რომლითაც ადამიანებს ეხმარები, ეს ამ საქმეს უკვე გამორჩეულს ხდის. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არა სოციალური, არამედ კომერციული პროექტი, რაც დიდი იშვიათობაა, რომ პროექტი თან ბიზნესზე იყოს ორიენტირებული და თან ამხელა სარგებელი მოჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. მით უმეტეს, ისეთ პატარა ბაზარზე, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.

„კარავი” თბილისში, ბახტრიონის 10ბ-ში მდებარეობს. ეს არის 5-სართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე ინვენტართან ერთად, ფერადი და ბავშვური დიზაინითაც არის გაფორმებული. როგორც უკვე გითხარით, ცენტრმა წარმატებით დაიწყო საქმიანობა და მის გუნდს დიდი სამომავლო გეგმებიც აქვს. „ეს ცენტრი ცოცხალი ორგანიზმია, მხოლოდ პლატფორმის შექმნა საკმარისი არაა, ახლა საჭიროა, რომ მან მუდმივად იცოცხლოს. ამისთვის კი მთელი გუნდი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას”, – გვეუბნება გვანცა ხაბალაშვილი.

[R]

Starbucks-ს „მონობის მსგავსი პირობებისთვის“ სასამართლოში უჩივლეს!

„სელფის” მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი საერთაშორისო დაჯილდოებაზე მსაჯის სტატუსით წარდგა