6
Nov
2019

“ესაა საშუალება, დაიწყოთ პირველი სამსახური, გამოცდილების გარეშე” – Evolution Gaming-ის კამპანია

6 Nov 2019

სამსახურის დაწყება, გამოცდილების გარეშე? უჩვეულოდ ჟღერს იმ ქვეყნის პირობაზე, სადაც 20 წლის ახალგაზრდებს 30 წლიან გამოცდილებას სთხოვენ, სამსახურში მისაღებად. Evolution Gaming-მა ამ სტერეოტიპის დასამსხვრევად, გადაწყვიტა გამოცდილების გარეშე, სამსახურის დაწყების შესაძლებლობა მიეცა უამრავი ადამიანისთვის. ამავდროულად, სურდა შეულამაზებლად, დადგმული კადრების გარეშე, სრულიად გამჭვირვალედ წარმოეჩინა კომპანიის შიდა გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრისთვის “ევოლუშენ გეიმინგი” პირველი სამსახურია, ციფრულ საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, შეიქმნა ქვებრენდი Firstjob.ge. პლატფორმაზე, სამსახურის მაძიებლებს შეუძლიათ შეავსონ მარტივი აპლიკაცია, დაათვალიერონ კომპანიის ოფისი, ასევე, გამოცადონ საკუთარი უნარები, ვებგვერდზე განთავსებული სახალისო თამაშის საშუალებით. ამასთან, ყველა აქტივობა ბუნებრივია და სამუშაო ატმოსფეროს შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. კამპანიაზე, ევოლუშენ გეიმინგთან თანამშრომლობით, სააგენტო 11-მა, Forsports-მა  და Elliot-მა იმუშავეს. კამპანიის ავტორების თქმით, სურდათ ეჩვენებინათ ის შესაძლებლობები, რაც ორგანიზაციაში ელოდებათ თანამშრომლებს. კამპანიის დეტალებზე Evolution Gaming-ისა და საკომუნიკაციო სააგენტო 11-ის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

 

M: როგორია კამპანიის კონცეფცია და რა მიზანს ემსახურება?

ქეთი გოლიაძე, ევოლუშენ საქართველოს ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი: ჩვენი მიზანია, ამ კამპანიის გზით, შევატყობინოთ ადამიანებს, რომ ნამდვილად შესაძლებელია სამსახურის დაწყება გამოცდილების გარეშე, მათი პიროვნული თვისებების, უნარებისა და მონდომების საფუძველზე.

კამპანიის ხასიათი ახალგაზრდულია, რაც ძალიან ორგანულია ევოლუშენისთვის, რომლის მთელი ქსელის (მსოფლიოს 14 ქვეყანა) მასშტაბით, დასაქმებულთა საშუალო ასაკი 25 წელია. #EVOnofilter კამპანიის მთავარი სიმბოლო ევოლუშენის კარიერული კიბეა, რომელიც სიმბოლურად ასახავს რეალობას, რომ ჩვენს კომპანიაში წინსვლა და განვითარება მხოლოდ ადამიანების უნარზეა დამოკიდებული. ჩვენი კამპანიის მთავარი გმირები, სწორედ ჩვენი თანამშრომლები არიან, რომელთაც გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ევოლუშენს.

ლევან ღვინიანიძე, საკომუნიკაციო სააგენტო  11: შეთავაზება, რომელსაც ბრენდი დასაქმების მსურველებს უკეთებს, ქართული რეალობისათვის იმდენად გამორჩეული და მიმზიდველია, რომ განსაკუთრებული სარეკლამო ოინების, ძვირიანი ფროდაქშენების და მაღალანაზღაურებადი მსახიობების საჭიროება საერთოდ არ გვიგრძვნია. ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც დრო გავა, რეკლამაში სიმართლის პროცენტული წილი გაიზრდება და მომავლის ყველაზე ეფექტური “ტყუილიც” სიმართლე გახდება…
ამიტომაც გადავწყვიტეთ #NoFilter გზით წავსულიყავით; ბრჭყვიალებისა და მაკიაჟის გარეშე გვეჩვენებინა ის მიმზიდველი გარემო, რომლის ნაწილად გახდომასაც ბრენდი ახალგაზრდებს სთავაზობს.

M: რა არის ამ კამპანიის მთავარი სათქმელი?

ქეთი გოლიაძე: ამ კამპანიას ექოდ სწორედ მთავარი დაპირება გასდევს – “You get, what you see”- „შენ ნამდვილად იღებ იმას, რასაც ხედავ“. ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ერთერთი საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში და ამის მიღწევის ერთადერთ გზად გამჭვირვალობას მივიჩნევთ. ადამიანებს, რომლებსაც კარიერული განვითარება საერთაშორისო, კონკურენტულ და სწრაფად მზარდ გარემოში სურს, ვაძლევთ შანსს, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე დაიწყონ ჩვენთან მუშაობა.

M: უფრო ვრცლად, რა აქტივობებს მოიცავს კამპანია?

ლევან ღვინიანიძე: თიზინგის ეტაპზე, ყველა სარეკლამო არხში, ისეთი მასალა გავუშვით რომელიც უმარტივესი გაჯეტების დახმარებით შეიქმნა. Timelapse-ების და 360 გრადუსიანი იმიჯების დამზადება დღეს თითქმის ყველა სმარტფონითაა შესაძლებელია. მახსოვს ჩვენი რეაქცია ევოლუშენის ოფისზე, როდესაც იქ პირველად მივედით, ცოტა მიჭირდა დაჯერება რომ დიდუბისა და ნაძალადევის გასაყარზე ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს სივრცე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისათვის გვეჩვენებინა.

ანი დვალიშვილი, ბრენდინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი: თბილისის უნივერსიტეტებს უკვე ვთავაზობთ ჩვენი ოფისის ვირტუალურ ტურებს. ვგეგმავთ, რომ ამ ღონისძიებამ ტრადიციული დასაქმების ფორუმები ჩაანაცვლოს, რადგან გვსურს, რომ სტუდენტებს, დასაქმების მაძიებლებს საშუალება მივცეთ სრულყოფილად შეიგრძნონ, თუ რას ვთავაზობთ და ამის გადაწყვეტაა სწორედ VR ტურებიც.სულ
ამასთან, სულ მალე, კამპანია ძირითად ფაზაში შევა. კერძოდ, ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც ასევე ჩვენი ბრენდის მთავარი ელჩები არიან, დახმარებით ვიწყებთ ვიდეოების სერიას, რომლის მიზანია, აჩვენოს ევოლუშენერების ცხოვრების რაც შეიძლება მეტი დეტალი.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვისაც ესაუბრებით კამპანიის საშუალებით?

ანი დვალიშვილი: დასაქმების მაძიებლები, ადამიანები, რომლებიც ახლა დგამენ კარიერულ ნაბიჯებს და ეძებენ მათთვის შესაფერის კომპანიას. ძირითადად, სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და სურთ კარიერული განვითარება. ევოლუშენი არის კომპანია ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჰქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა, განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი კი მათ აძლევს საშუალებას გამომუშავებული კონკურენტული ანაზღაურება საკუთარი სურვილების ასასრულებლად გამოიყენონ.

M: რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ?

ქეთი გოლიაძე: ბუნებრივია, როდესაც შენი სამიზნე აუდიტორია მთლიანად სოციალურ ქსელსა და ციფრულ მედიაშია კონცენტრირებული, საკომუნიკაციო არხებიც შესაბამისია. ამას გარდა, გავმართეთ და გავუშვით ევოლუშენ საქართველოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიც. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ კამპანიის ხასიათი უშუალობას გულისხმობს, გადავწყვიტეთ პირდაპირი კონტაქტი დიდწილად ყოფილიყო ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიაში და ამიტომ, სულ მალე VR ტურებს ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილას იხილავთ.

M: კამპანიაზე ვინ იმუშავა?

ლევან ღვინიანიძე: კამპანიაზე ჩვენთან ერთად, ჩვენი პარტნიორი სააგენტო “ელიოტი” მუშაობს, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე აქტივობა გვაქვს დაგეგმილი და დეკემბერში ყველანი მშვენიერ ხასიათზე ვიქნებით, “ევოლუშენიც”, ჩვენც და ათასობით დასაქმებული ახალგაზრდაც.

M: საერთო ჯამში, როგორ ფიქრობთ, რითაა განსაკუთრებული ეს კამპანია?

ქეთი გოლიაძე: როგორც ლევანმა აღნიშნა, კამპანია აბსოლუტურად ორგანულია და „შიგნიდან“ აჩვენებს ჩვენს ბრენდსა და ხასიათს. ყველა აქტივობაში გრძნობ ევოლუშენის ატმოსფეროს. სწორედ ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულობას და შემდეგ უკვე წარმატებას.
ლევან ღვინიანიძე, 11 – მარტივია, ნეითივ დიჯიტალ თაობას, უყვარს როცა თავის ენაზე ესაუბრები და ამიტომ გვჯერა წარმატების.

 

[R]

განხილვა