in

დასაქმების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვინც პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა

HR Сare და „ევოლუშენის“ ახალი ინიციატივა

პანდემიის გამო, ყველაზე მეტად, ტურიზმის სექტორი და სტუმარ-მასპინძლობის სფერო დაზარალდა. სწორედ მათ დასახმარებლად დაიწყო ორგანიზავიამ HR Сare პროგრამა UP, რომელსაც უკვე შეუერთდა კომპანია „ევოლუშენი“.

ამ ახალ ინიციატივაზე, მის მიზნებსა და შესაძლებლობებზე „ევოლუშენის“ HR მენეჯერი ნატო გვაზავა და HR Сare დამფუძნებელი ნინო ბერუაშვილი გვიამბობენ.

ნინო ბერუაშვილი

ნინო ბერუაშვილი: დასაწყისისთვის, ჩვენი ორგანიზაცია, HR Care-ის შესახებ გიამბობთ – ის HR პროფესიონალების გუნდმა დავაფუძნეთ პანდემიის დროს, რადგან გვინდოდა წვლილი შეგვეტანა COVID-19-ით გამოწვეული ზიანის შემცირებაში. HR Care-ის მიზანს წარმოადგენს, პანდემიის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების პროფესიული გაძლიერება და მათი მხარდაჭერა. ჩვენი ახალი ინიციატივაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება: პროგრამა UP განკუთვნილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, რომლებმაც პანდემიის გამო, დაკარგეს სამსახური. ამ სფეროებში, თანამშრომლების აყვანაზე მოთხოვნა კვლავ დაბალი იქნება რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ იქ მომუშავე ადამიანებმა შეძლონ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა სფეროში დასაქმება. ამიტომ, პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებისათვის, ახალი პროფესიისთვის საჭირო უნარების განვითარება და მათთვის დასაქმების შანსის გაზრდა.

რა ფორმით უერთდება „ევოლუშენი“ კამპანიას და რატომ?

ნატო გვაზავა:ევოლუშენი“ ამ კამპანიის სამიზნე ჯგუფს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას შესთავაზებს. რამდენადაც კომპანია აგრძელებს ქართულ ბაზარზე ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საკმაოდ ბევრი ვაკანსია გვაქვს მიმდინარე რეჟიმში და დიდი სიამოვნებით განვიხილავთ ყველა დაინტერესებულ კანდიდატს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პოზიციაზე არანაირ სამუშაო გამოცდილებას არ ვითხოვთ და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ნამუშევარი პირებისთვის ვაკანსიის მოთხოვნები ადვილად დასაკმაყოფილებელი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიით დაზარალებულმა ადამიანებმა იპოვონ სამსახური, შეიცვალონ პროფესია და პანდემიის შედეგები მათთვის და მათი ოჯახებისთვის ამგვარად შემსუბუქდეს.

ინიციატივის სამიზნე ჯგუფი ჰორეკა ბიზნესია. რა პერსპექტივა აქვთ მათ „ევოლუშენში“, ან თქვენი კომპანიისთვის რატომ არის საინტერესო ისეთი კადრები, ვისაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ? 

ნატო გვაზავა

ნატო გვაზავა:ევოლუშენში“ ნებისმიერ დასაქმებულს აქვს კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობები – ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველას თანაბრად ვაძლევთ საბაზისო ცოდნას და შემდგომში პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველვყოფთ, რაც ნამდვილად ამართლებს და ამაზე ჩვენს კომპანიაში შიდა დაწინაურების უამრავი მაგალითიც მეტყველებს. რამდენადაც ჩვენი კომპანია საერთაშორისოა და ვემსახურებით მსოფლიოს წამყვანი სამორინეების მომხმარებლებს, ჩვენთან დასაქმების მსურველთათვის ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის კარგი ცოდნაა. ამასთან, ჩვენი საქმიანობის უპირველესი მიზანი მომხმარებლებისთვის გამორჩეულად დადებითი გამოცდილების შექმნაა, რაც ძალიან ახლოს არის სტუმარმასპინძლობის სფეროს მიზნებთან და იქ ნამუშევარი ადამიანებისთვის ეს ძირითადი მახასიათებელი და მამოტივირებელი ფაქტორიცაა.

ინიციატივა იმ კომპანიებთან CSR პარტნიორობის თაობაზე, რომელთაც პანდემიის პირობებში თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, „ევოლუშენმა“ 3 თვის წინ დააანონსა. რა შედეგები მოჰყვა ამ ინიციატივას?

ნატო გვაზავა: ამ ინიციატივას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიას არც ერთი ასეთი გამოხმაურება არ დაუტოვებია უპასუხოდ. მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაიწყო „ევოლუშენში“ მუშაობა, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანიის მხრიდან შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია საზოგადოების კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

რა უნდა გააკეთოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, რომ სწორად განსაზღვროს, რა მიმართულებით სურს მასში ჩართვა ?

ნინო ბერუაშვილი: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მონაწილეობის მსურველებმა, მკაფიოდ ჩამოაყალიბონ ხედვა, თუ რა მიმართულებით სურთ კარიერის გაგრძელება როგორც გრძელვადიან, ისე – მოკლევადიან პერიოდში. ამ მიზნით, ჩვენი პროგრამა მოიცავს მენტორობის და ტრენინგების კომპონენტს, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარებათ უფრო უკეთ გაიგონ, თუ რისი მიღწევა სურთ. ცხადია, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უნარ – შესაძლებლობების შეფასება, თუ რა გვაქვს დღეს ჩვენი მიზნების მისაღწევად, რისი განვითარება გვჭირდება და სად მოვიძიოთ ამ განვითარებისათვის საჭირო მხარდაჭერა. ჩვენი პროგრამა სწორედ ამ განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და ძალიან მიხარია, რომ ამ ინიციატივას საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდა. აქედან, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში უკვე მრავლადაა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები და მინდა, რომ თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო.

 

[R]

2028 წლისთვის მიწოდების სერვისში Udelv-ის 35 000-მდე ავტონომიურ მანქანას ვიხილავთ

მცენარეული ზეთების “Squeeze Nature” შეფუთვის დიზაინი