საქართველოში, 78 000 მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, რაც მათი ფუნდამენტური უფლების – განათლების მიღების შეზღუდვაა. მოზარდებსა და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სჭირდებათ სივრცეები, რომელიც მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და საკუთარი თავის გამოვლენაში დაეხმარება.
სწორედ ამ მიზნით, „ევოლუშენის“ თანამშრომლები, საახალწლოდ, სურვილებს იმ ადამიანებს აუსრულებენ, რომელთა განათლების დონის ამაღლება, რეალიზების შესაძლებლობა და უკეთესი მომავალი, სწორედ რესურსების ხელმისაწვდომობაზე გადის – „ევოლუშენში“ სჯერათ, რომ ზრუნვა საუკეთესო საჩუქარია.
რას შეეხება ინიციატივა და რა ღირებულებას ქმნიან „ევოლუშენერები“ მათივე თანატოლებისათვის, კომპანიის HR მენეჯერი ნატო გაზავა და კომუნიკაციების მენეჯერი ქეთევან გოლიაძე საუბრობენ.
„2022 წელს „ევოლუშენის“ თითოეული წევრი ჩვენს საზოგადოებაზე, იმ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვით შევხვდებით, რომლის ნაწილიც ვართ. ახალი წლის საჩუქრებზე ფიქრისას მივხვდით, თითოეული ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იმის გაცნობიერებაა, რომ შეუძლია სხვა ადამიანების დახმარება და მათი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. სწორედ ამ განწყობით, დავიწყეთ მოლაპარაკებები ორგანიზაციებთან და სოციალურ ინიციატივებთან, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მუშაობენ, სხვადასხვა მიმართულებებით. ყველაზე სასიხარულო იმის გაცნობიერება იყო, რომ ასეთი ინიციატივები საქართველოში ბევრია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ არა ერთი, არამედ რამდენიმე ორგანიზაცია შეგვერჩია და ჩვენ თანამშრომლებს თავად აერჩიათ, თუ როგორ სურდათ დახმარებოდნენ მათივე თანატოლებს“, – ამბობს ქეთევან გოლიაძე.
რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება?
ნატო გვაზავა: მოგეხსენებათ, პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის რეალობა, რომელშიც დღეს, საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას უწევს ცხოვრება. დისტანცირების აუცილებლობამ და განათლების „ონლაინ“ რეჟიმში გადატანამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რესურსები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას განათლების მისაღებად ჰქონდეს, არ არსებობს, ან ძალიან შეზღუდულია.
„ევოლუშენი“ ახალგაზრდების კომპანიაა, რომელიც შანსს აძლევს ყველა დასაქმებულს, გადადგას პირველი კარიერული ნაბიჯი, დაიწყოს სამუშაო გამოცდილების გარეშე, ჰქონდეს საშუალება განვითარდეს და გაიზარდოს როგორც კომპანიაში, შეიძინოს ყველა ის უნარი, რაც სხვადასხვა კარიერულ ეტაპზე დაეხმარება. „ევოლუშენი“ გუნდის წევრებს აძლევს საშუალებას, გამოავლინონ მათი ნიჭი, ამბიცია და შესაძლებლობები. ამ აქტივობით, ჩვენ გვსურდა, რომ ჩვენს თანამშრომლებს არამხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა ჰქონოდათ, არამედ, ორგანიზაციის რესურსით, მათ თანატოლებზე ზრუნვა და მათი სურვილების ახდენაც შეძლებოდათ და ვფიქრობთ, გამოგვივიდა.
რას ელოდებით ამ ინიციატივისგან ?
ქეთევან გოლიაძე: ჩვენი თითოეული თანამშრომელი, ვინც ხმას მისცა სასურველ ორგანიზაციას, ალბათ, კონკრეტულ ინიციატივას გულშემატკივრობს – ზოგი ჩვენგანი ელოდება რომ იანვარში ინტერნეტს ჩაურთავს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს, რეგიონში, ზოგი ელოდება, რომ მათი გადაწყვეტილება დასავლეთ საქართველოში მეწარმეობის ტრენინგებზე დასწრების მსურველ სტუდენტებს მისცემს ამ შესაძლებლობას. მე, პირადად, ჩემი არჩევანის შესაბამისად, ველოდები, რომ ჩემი სახელით, კახეთში, „ცოდნის კაფეს“ მშენებლობისთვის დადებული აგური, პატარა წვლილია იმ სივრცის შესაქმნელად, ახალგაზრდებსა და ასაკოვან ადამიანებს ერთნაირად რომ აძლევს სოციალიზაციის, განათლებისა და მათი სურვილების ახდენის შესაძლებლობას.
განათლების ხელშეწყობის კუთხით, კიდევ რა გეგმები აქვს „ევოლუშენს“? შემდეგი ნაბიჯი?
ნატო გვაზავა: ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი თითოეული თანამშრომელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა და რა გავლენა მოახდინა ამ ინიციატივამ ბენეფიციარებზე.
მათთვის, კი ვისაც სურს, შემოუერთდეს ჩვენს გუნდს – განვაგრძობთ ზრდას და სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას მათთვის, ვისაც საკუთარი სურვილების ახდენით, სხვაზე ზრუნვაც შეუძლია.
[პარტნიორის კონტენტი]