Google ევროპაში ძიების შედეგების დიზაინს ცვლის. მიზეზი ახალი ფუნქცია ან მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება არ არის. ცვლილება ევროკავშირის Digital Markets Act-ს უკავშირდება, რომელიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს საკუთარი სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭებას უზღუდავს.
ახალი ფორმატი ევროპის ეკონომიკურ ზონაში ეტაპობრივად ინერგება და მიზნად ისახავს, რომ Google Search-ში კონკურენტ პლატფორმებს მეტი ხილვადობა ჰქონდეთ. ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა სასტუმროები, ფრენები, რესტორნები და ონლაინ შოპინგი.
ცვლილებას წინ უძღოდა ევროკომისიის 2026 წლის ივლისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Google 460 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. რეგულატორების პოზიცია იყო, რომ კომპანია ძიების შედეგებში საკუთარ Shopping, Hotels, Flights და სხვა სპეციალიზებულ სერვისებს კონკურენტებზე უკეთეს ადგილს და უფრო მდიდარ ვიზუალურ ფორმატს აძლევდა.
Digital Markets Act-ის მიხედვით, ე.წ. gatekeeper კომპანიებს არ შეუძლიათ საკუთარი პლატფორმების დომინანტური პოზიცია იმისთვის გამოიყენონ, რომ საკუთარი პროდუქტები კონკურენტებზე წინ წამოსწიონ. გუგლისთვის ეს ნიშნავს, რომ Search-ის კომერციული შედეგები სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს.
მაგალითად, სასტუმროს ძიებისას Booking.com, Expedia ან სხვა პლატფორმები შესაძლოა უფრო მაღლა გამოჩნდეს, ვიდრე ადრე. ზოგ შემთხვევაში ისინი შეიძლება პირდაპირი სასტუმროს ბმულებს ან Google-ის საკუთარ სპეციალიზებულ მოდულებსაც უსწრებდნენ.
იცვლება ისიც, რამდენ ინფორმაციას აჩვენებს Google პირდაპირ ძიების გვერდზე. რეალურ დროში ფასები, შეფასებები, რუკები და სხვა ინტერაქციული მონაცემები ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად თვალსაჩინო იქნება ან საერთოდ აღარ გამოჩნდება კონკრეტულ ბლოკებში. შედეგად, მომხმარებელს შესაძლოა დამატებით გარე პლატფორმაზე გადასვლა დასჭირდეს.
Google ამ ცვლილებებს დადებითად არ აფასებს. კომპანიის არგუმენტია, რომ Search ნაკლებად მოსახერხებელი გახდება, რადგან მომხმარებლებს იმავე ინფორმაციის მისაღებად მეტი ნაბიჯის გავლა მოუწევთ. კომპანია ასევე ამბობს, რომ ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირი ტრაფიკი შეუმციროს სასტუმროებს, ავიაკომპანიებს, რესტორნებსა და ონლაინ მაღაზიებს.
გუგლი ამ არგუმენტის დასადასტურებლად 2024 წელს გერმანიაში, ბელგიასა და ესტონეთში ჩატარებულ ექსპერიმენტსაც იხსენებს. მაშინ კომპანიამ სასტუმროების ძიების ზოგიერთი ფუნქცია დროებით გაამარტივა და განაცხადა, რომ მონაწილე ბიზნესების ტრაფიკი შემცირდა, მომხმარებლებს კი საჭირო ინფორმაციის მოძიება მეტი დრო უჯდებოდათ.
DMA-ს ამოქმედების შემდეგ ევროპულ Search-ში უკვე 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა. ახალი განახლება კიდევ უფრო შორს მიდის და უშუალოდ ეხება იმას, ვინ მიიღებს საუკეთესო ადგილს შედეგებში და რამდენი ინფორმაციის ჩვენება შეეძლება თავად Google-ს. ამის გამო ევროპაში Google Search თანდათან სხვა პროდუქტად ყალიბდება. ერთი და იგივე საძიებო ფრაზა ევროპაში და სხვა რეგიონში შეიძლება სრულიად განსხვავებულ შედეგებსა და ინტერფეისს აჩვენებდეს.
ეს ცვლილებები საბოლოოდ მხოლოდ Google-ის დიზაინს არ ეხება. ისინი აჩვენებს, რამდენად პირდაპირ შეუძლია რეგულაციას, იმოქმედოს ყოველდღიურ ციფრულ პროდუქტზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი თითქმის ავტომატურად იყენებს.











