6
Dec
2018

ტყიბულში ევროპული ბრენდების მწარმოებელი ქურთუკების ქარხანა აშენდება

6 Dec 2018

“საპარტნიორო ფონდის” განცხადებით, საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება, ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე გაჟღერდა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც იღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. ამ საკითხზე ჩვენ “საპარტნიორო ფონდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ლელა წიკლაურს ვესაუბრეთ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

“2019 წელს უკვე დაიწყება ქურთუკების ქარხნის მშენებლობა, შევეცდებით, რომ ეს საკითხი პირველ ნახევარში მოვაგვაროთ. ჩინეთთან ერთობლივი ბიზნეს-პროდუქტების გაკეთება ცოტა რთულია, რადგანაც მათთან ბევრი ბარიერია ხოლმე გასავლელი. თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ხელშეკრულება კი – ხელმოწერილი. გავდივართ დეტალებს, მაგალითად, ტყიბულში, კონკრეტულად რომელ ადგილას აშენდება ეს ქარხანა. 300-მდე ადამიანს წაიყვანენ და გადაამზადებენ ჩინეთში, თუმცა, შესაძლებელია, თვითონაც ჩამოვიდნენ პროფესიონალები და საქართველოში გადაამზადონ კადრები. უნდა შეიკეროს მსოფლიო დონის ბრენდები და საამისოდ, პროფესიონალი მკერავები გვჭირდება. ქარხნისათვის ტყიბული იმიტომ შეირჩა, რომ ტექსტილის დარგი აქამდეც განვითარებული იყო აქ და იყო, ასევე, დიდი სამკერვალო ფაბრიკაც.” – “საპარტნიორო ფონდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ლელა წიკლაური.

მისივე თქმით, ქარხნის პროდუქცია გავა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიო ბაზარზეც.

განხილვა