word და excel, როგორც საოფისე პროგრამა რეზიუმეში ალბათ ყველას გვიწერია, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებსაც excel-ის უფრო პროფესიონალურ დონეზე სწავლა ესაჭიროება. ამ პროგრამას რეალურად, საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს, რომელიც ყველამ ნამდვილად არ იცის და სწორედ ამიტომ, ხშირად ტარდება სხვადასხვა სასწავლებელში ექსელის შემსწავლელი კურსები, ტრენინგები და სხვა.
მარკეტინგი ის სფეროა, რომელსაც excel-ის ცოდნა სჭირდება. მარკეტერის დრო ხშირად ეთმობა მონაცემების ანალიზს, ბიუჯეტების შემოწმებასა და სტატისტიკის გაშვებას, ამიტომ მას აუცილებლად დასჭირდება ექსელის ცხრილებთან მუშაობა. ის ციფრულ მარკეტერებსაც ეხმარება, რომლებსაც პერიოდულად, Google Adwords-დან ანგარიშების გენერირება ესაჭიროებათ. Excel, ფაქტობრივად, ინდუსტრიის სტანდარტებს ფლობს ამ ყველა ამოცანის დასაფარად და არა მარტო.
უფრო კარგად რომ გავცნობოდით, რაში და როგორ გამოიყენება ექსელი მარკეტინგში, ამ სფეროს სპეციალისტს, ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელს, გიორგი დათუკიშვილს ვესაუბრეთ.
M: Excel-ის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ მოდი, ჩამოვთვალოთ, რა პროფესიის ადამიანები იყენებენ მას ყველაზე ეფექტურად?
მოდით, დავიწყოთ Top მენეჯმენტიდან და ჩავიდეთ კონკრეტულ პროფესიებამდე. ხშირად მეკითხებიან, რატომ უნდა იცოდეს Top მენეჯმენტმა ექსელი კარგად? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ უნდა იცოდე, რა შეუძლია პროგრამას, რათა დავალება მისცეთ სწორად თქვენს გუნდს. და არის საკმარისი ის ცოდნა, რაც ადრე მივიღე ექსელში? მართალია, ექსელმა დავიწყება იცის, მაგრამ პროგრამის შესაძლებლობების დავიწყება წარმოუდგენელია და კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელია, გავიგოთ თუ რა ახალი შესაძლებლობები შემოგვთავაზა პროგრამის ახალმა ვერსიამ, თუ ეს ვინმემ ან არ გვაჩვენა ან ჩვენით არ გავეცნობით სიახლეებს.
გავრცელებული სტერეოტიპით, ექსელი მხოლოდ ბუღალტრებისთვისაა. დაიმსხვრა ეს სტერეოტიპი დიდი ხანია. პროგრამას ძირითადად შემდეგი პროფესიები იყენებენ, თუმცა მე მჯერა, რომ ექსელი ყველას სჭირდება – დაწყებული არქიტექტორიდან დამთავრებული ხელოსნით. (ჰ ასოზე პროფესია ვერ გავიხსენე), მაგრამ მაინც ჩამოვთვალოთ ნაწილი:
აუდიტორი, ბანკირი, ბროკერი, ბუღალტერი, მომწოდებელი, შემსყიდველი, სადაზღვევო აგენტი, რითეილერი, სასაქონლო სპეციალისტი, ტრეიდერი, ეკონომისტი, ფინანსისტი, რა თქმა უნდა, მარკეტერი და სხვა მრავალი. თუ კარგად დავაკვირდებით, ფაქტობრივად, ექიმსა და იურისტსაც ესაჭიროება ექსელი.
M: ახლა კი კონკრეტულ პროფესიაზე, მარკეტერებზე შევჩერდეთ – როგორ და რაში შეიძლება მარკეტერმა გამოიყენოს ექსელის დოკუმენტი თავისი საქმიანობისთვის?
უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შედგენაში, მონაცემების შეგროვებასა და დახარისხებაში. ამ მონაცემებით ანალიტიკური ცხრილების შედგენასა და ვიზუალიზაციაში. შემდგომ მათ წარდგენაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
M: ექსელის რა ფუნქციებია ისეთი, რომელიც ყველა მარკეტერმა მინიმალურად მაინც უნდა იცოდეს?
გავრცელებული აზრია, რომ „მე რაც მჭირდება, ვიცი”, სწორედ ამაშია პრობლემა, ჩვენ არ ვიცით, რა შეუძლია პროგრამას, თორემ ამ შესაძლებლობებს ნამდვილად არ გავუშვებდით ხელიდან. უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ექსელი მრავალმხრივი პროგრამაა, მაგრამ არის რამდენიმე თემა, რომელიც ყველა მარკეტერისათვის საჭირო და აუცილებელია. ესენია
Conditional Formatting – პირობითი ფორმატირება
Charts – დიაგრამები
Table – მრავალფუნქციური ცხრილი
Pivot Tables – დინამიკური ცხრილები
Vlookup
Countif და Sumif
Trim, Len და Concatenate
If/Ifs
Freeze columns and Rows – სვეტებისა და სტრიქონების ფიქსაცია
Filter and sorting – ფილტრაცია და სორტირება
M: შეიძლება თუ არა ამ ფუნქციების დამოუკიდებლად სწავლა?
დიახ, შეიძლება, ელექტრონული აკადემია და მე ერთად ვქმნით ახალი ტრენინგების ციკლს – ექსელი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის. ფოკუსირებულად პროფესიაზე მორგებული ამოცანებითა და ქეისებით. Პირველი სწორედ ექსელი – მარკეტერებისთვის ნახავს დღის შუქს. Მანამდე კი ყველა მარკეტერს ვურჩევ დაუთმოს დრო საკუთარი თავის განვითარებას და გადაავლოს თვალი ამ ვიდეო გაკვეთილებს რომლებიც სპეციალურად მარკეტერების სიაშია თავმოყრილი ჩემს არხზე.
M: კიდევ რა ექსელის მსგავსი პროგრამები არსებობს, რომლებიც მარკეტერებს შეიძლება გამოადგეთ?
ექსელი ბაზისია, ის ფაქტობრივად შეუცვლელია რიგ საკითხებში, მაგრამ არის სპეციალიზირებული პროგრამებიც და მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ლიცენზირებას არ ითხოვენ, მაგრამ მწირი შესაძლებლობებით.
დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი 4 პროგრამა შეიძლება გამოვყოთ, ესენია:
Google Sheets
SPSS – მარკეტინგული კვლევისთვის
Tableau – მონაცემთა ვიზუალიზაციის პროგრამა
და, რა თქმა უნდ,ა Power BI.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










