17
Sep
2018

[EXCLUSIVE] ვიდეო, რომლითაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 72 ქართველ ავტორს წარადგენენ!

17 Sep 2018

Elit Electronics
Elit Electronics


ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამაში ჩართულ 72 ქართველ ავტორს ახალი ვიდეორგოლით წარადგენს. ბაზრობა, ოფიციალურად, 9 ოქტომბერს გაიხსნება. ქართული ლიტერატურა და კულტურა გერმანელი საზოგადოებას კონცეფციით “Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო” გაეცნობა, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდება 72 ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა. ვიდეორგოლში, რომელსაც მარკეტერმა ექსკლუზიურად მოიპოვა, პროექტის ლიტერატურული სპიკერები, აკა მორჩილაძე და ნინო ხარატიშვილი, საქართველოსა და გერმანიის პერსპექტივიდან პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს ქართული ლიტერატურის 15 საუკუნოვან ისტორიასა და კულტურის მრავალფეროვნებაზე აკეთებენ.

 

აკა მორჩლაძე: „ჩვენ გვაქვს 15 საუკუნის ლიტერატურა, ეს რაც ვიცით, ამ ლიტერატურაში ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო და მაგარი, უცნობი და ხელახლა საპოვნელი და აღმოსაჩენი. მე ვფიქრობ, საერთოდ არა მარტო ჩვენი მწერლების, ჩვენი მაშინდელი მთარგმნელების, გადამკეთებლები რომ ერქვათ იმათი, გადამწერების, იმათი დღეებიც არის ეს. იმიტომ, რომ მთელი ამდენი საუკუნე ეს ხალხი აი ესე მოაგორებდა ამ ჩვენს ლიტერატურას და მოჰქონდა.“

ნინო ხარატიშვილი: „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მე მგონია, რომ ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც აქამდე ქართულ ლიტერატურას ჰქონია. იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ გერმანელ მკითხველს მიეცეს შანსი სხვა პერსპექტივიდან დაინახოს ევროპა“.

აღსანიშნავია, რომ პავილიონში მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. წლის განმავლობაში, დაგეგმილი იყო 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებით.

ვიდეორგოლზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, ARTAREA-მ იმუშავა.

განხილვა