12
ივნ
2018

[EXCLUSIVE] უფასო ველოსიპედები თბილისის ქუჩებში  – „ტერაბანკი“ საზაფხულო კამპანია „ტერა ბაიკს“ იწყებს

12 ივნ 2018

თბილისში, ერთ-ერთ ველომაღაზიაში სტუმრობისას მარკეტერი, სრულიად შემთხვევით, ათეულობით ველოსიპედის დაბრენდვის პროცესს შეესწრო. პატერნიდან ჩანდა, რომ ველოსიპედები „ტერაბანკთან“ იყო კავშირში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახალ კამპანიას მოასწავებდა და შესაბამისად, ინფორმაცია გადავამოწმეთ.

დაბრენდვის პროცესი

„ვინ თქვა, რომ თბილისი არ არის ველოსიპედების ქალაქი?“ – ამ პათოსით შეიარაღებულმა „ტერაბანკის“ მარკეტინგის მიმართულების წარმომადგენლებმა ექსკლუზიური საუბრისას გვითხრეს, რომ საზაფხულო კამპანია „ტერა ბაიკის“ ოფიციალური პრეზენტაცია 12 ივნისს იქნება, შემდეგი დღიდან 2 თვის განმავლობაში კი, ტერაბანკის 5 ფილიალთან ველოსადგომები განთავსდება, კამპანიის ფარგლებში, ბანკის ახალ, თუ არსებულ მომხმარებლებს აღნიშნული ველოსიპედებით სარგებლობა ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

თბილისზე არანაკლებ მთაგორიან ქალაქებში, ველოსიპედი გადაადგილების ალტერნატიული და ეფექტური საშუალებაა. მართალია, ვიაზრებთ, რომ ერთი საზაფხულო კამპანიით ვერ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა და რომ ქალაქში ველოსიპედებისთვის საჭირო ინფრანსტუქტურის მოწყობა გრძელი და კომპლექსური პროცესია, მაგრამ ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი და მზაობა ამ პროცესის დაწყებისთვის, რადგან გვჯერა რომ თბილისიც შეიძლება ველოსიპედების ქალაქი გახდეს”, – სალომე ქოქოსაძე, „ტერაბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

კამპანია „ტერა ბაიკის“ კრეატიულ იდეაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა. „ვინდფორსში“ ამბობენ, რომ სამუშაო პროცესი საინტერესო და გამოწვევებით სავსეა და კამპანია მიზნად ისახავს ველოსიპედით სიარულისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

რთულია დაიჯერო, რომ თბილისში არსებობს მოკლე და მოსახერხებელი გზები ველოსიპედით გადასაადგილებლად. სწორედ ამიტომ, სპეციალურად „ტერა ბაიკის“ კამპანიისთვის გამოცდილ ველოსიპედისტებთან ერთად, მოსახერხებელი მარშრუტები შევადგინეთ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ა პუნქტიდან  ბ პუნქტამდე დაბრკოლების გარეშე მისვლა. კამპანიის მონაწილეები სპეციალურ რუკებს მიიღებენ, საიდანაც ამ მარშრუტებს გაეცნობიან”, – გვითხრა ირინა საყვარელიძემ, „ვინდფორსის“ სენიორ კოპირაიტერმა.

როგორც „ტერაბანკიდან“ შევიტყვეთ, ტერა ბაიკების სადგომები განთავსდება შემდეგ ფილიალებთან:

ქეთევან დედოფლის გამზ. № 3

დავით აღმაშენებლის გამზ. № 148

აკაკი წერეთლის გამზ. № 60

ილია ჭავჭავაძის გამზ. № 43

პეკინის გამზ. № 24ა

„ტერა ბაიკით“ სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ, ან გახდეთ „ტერაბანკის“ მომხმარებელი (კამპანიის ფარგლებში ანგარიშის გახსნა უფასოა) და მიიღოთ „ტერა ბაიკის“ ბარათი, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ ველოსიპედის სადგურიდან გაყვანა და დაბრუნება.

განხილვა