4
Oct
2019

ამბავი პარალიზებულ ადამიანსა და რობოტზე, რომელთაც ერთად სიარული შეუძლიათ

4 Oct 2019

Alta
Alta


თიბაუ 30 წლის ფრანგი მამაკაცია, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად, ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს, თუმცა, შესანიშნავად უმუშავებს გონება, რომლითაც ჯავშნისებური რობოტის მართვა, შესაბამისად კი, გადაადგილება შეუძლია. თიბაუ, ბოლო ოთხი წელია პარალიზებულია და ეს პერიოდი მან საავადმყოფოში გაატარა, დღეს კი თავს გრძნობს ისე, როგორც „პირველი ადამიანი მთვარეზე“…

გონებით კონტროლირებადი რობოტი, იგივე ერთგვარი გარეგანი ჩონჩხის ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს ფიქრით გადაადგილებისა, თუ მოძრაობის საშუალებას აძლევს. ცდისპირმა, რომელზეც ტექნოლოგია გამოსცადეს, ანუ თიბაუმ მისი ოთხივე კიდურის ამოძრავება, ფიქრის/ნეიროსიგნალების გზით შეძლო. რობოტი, რომელიც ერთგვარი საყრდენი კოსტიუმია პარალიზებული ადამიანის სხეულისთვის, იწერს ტვინის სიგნალებს, ინტერპრეტირებს მათ. სწორედ ამ გზას გადის ფიქრი მოძრაობამდე…

ტექნოლოგიის ავტორები Grenoble-ს უნივერსიტეტის მკვლევარები არიან. იმისათვის, რომ ზემოაღწერილი შედეგი მიეღოთ, მათ პაციენტის ტვინსა და თავის ქალას შორის, ორი იმპლანტი განათავსეს. ელექტროდების შემცველი იმპლანტები აგროვებენ და იწერენ ტვინის სიგნალებს, შემდეგ გადასცემენ ალგორითმს, რომელიც რობოტშია ჩაშენებული. თავის მხრივ, ალგორითმი აღიქვამს სიგნალებს, მათი დეკოდირების შემდეგ კი, ფიქრით პროვოცირებული სიგნალები მოძრაობებად ითარგმნება. მოძრაობას ასრულებს რობოტი, რომელსაც პარალიზებული ადამიანის სხეული ეყრდნობა, რომელიც პარალიზებული ადამიანის ჯავშანია. აღსანიშნავია, რომ ალგორითმს შეუძლია წონასწორობის შენარჩუნება.

95 დღე დასჭირდა იმას, რომ თიბაუს ტვინთან ჩაყენებულ იმპლანტებს „ფიქრების კითხვა“, მეორე მხრივ კი თიბაუს იმპლანტებთან „საუბარი“ ესწავლა. 45 დღე კი მეცნიერებმა, კოსტიუმის (რობოტის) შექმნაში დახარჯეს. ერთ-ერთი საწვრთნელი თამაში, რომლის დახმარებითაც თიბაუსა და რობოტს შორის კავშირის ხარისხის გაუმჯობესება ხდება ციფრული ავატარის ვიდეოთამაშია. შემდეგი ნაბიჯი 2D და 3D ნივთების აღების ცდა იქნება. რობოტის წონა 65 კილოგრამია.

„დავიწყებული მქონდა, რას ნიშნავს იდგე ფეხზე. დამავიწყდა, რას ნიშნავს იყო ოთახში მყოფ ზოგ ადამიანზე მაღალი…“, – თქვა BBC-სთან საუბრისას თიბაუმ.

რობოტის მოძრაობები ჯერ არც ისე დახვეწილია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგიის საწყისი ვერსიაა, მეტმა ექსპერიმენტმა და ტექნოლოგიის განვითარებამ კი შეიძლება არაერთი პარალიზებული ადამიანის სიცოცხლე შეცვალოს.

განხილვა