ვიცით, რომ ეკზოჩონჩხებს იყენებენ სამხედრო, თუ სამედიცინო მიზნებისთვის. მათი დახმარებით სრულად პარალიზებული ადამიანები გადაადგილებას ახერხებენ. იაპონიაში კი ამ ტექნოლოგიას ფიზიკური მუშაობისასაც იყენებენ. კერძოდ, ის ეხმარება ხანშიშესულ ადამიანებს, მეტი დროის განმავლობაში იყვნენ შრომისუნარიანები, ისე, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ აისახოს.
აშშ-ს Population Reference Bureau-ის ცნობით, 2015 წელს, იაპონის მოსახლეობის 26% 65 წელს ზემოთ იყო. დღეისათვის, ამ ტენდენციის პარალელურად, იაპონიის მთავრობა ცდილობს საპენსიო ასაკი 60-დან 70 წლამდე გაზარდოს. New Scientist-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ ეკზოჩონჩხები მათ ფიზიკური სამუშაოს უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. საუბარია კომპანია Innophys-ის პროდუქტზე, რომელიც წელზე მაგრდება. მისი „დამუხტვა“ ხელის ტუმბოს 30 მოძრაობით ხდება. ასე იჭიმება და ივსება ჰაერით ეკზოჩონჩხის „კუნთები“, რომლის დახმარებითაც 22 კილოს აწევა უპრობლემოდ შეიძლება. ამ მოდელის ფასი 1300 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ეკზოჩონჩხების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი კომპანია მუშაობს. მათ შორის არიან Panasonic, Toyota.