როცა რაიმე იდეა საინტერესოდ ჟღერს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ის სად და რა გარემოში გაჩნდა. თუმცა, რა ამბავსაც დღეს მოვყვებით, ყველანაირად ორიგინალურია, რადგან იდეაც და მისი გაჩენის ადგილიც სათავგადასავლო ჟანრის წიგნის ფაბულას ჰგავს, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, თხრობას ჩვენც ამ ჟანრში წავიყვანთ.
ნეპალში, ჰიმალაის მთებთან მდებარე ანაპურნის ცნობილ საბაზო ბანაკში რამდენიმე მეგობარი ექსპედიციაზე იყო ჩასული. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი შაკაია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელია. მთლიანად სამეგობროსთვის კი მოგზაურობა გატაცებაცაა და საქმიანობაც. 2012 წლიდან მოყოლებული, არაერთი ლაშქრობა და გასვლითი ტური ჰქონდათ დაგეგმილი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე დასავლეთ ევროპასა და ნეპალში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს, საყვარელ თემაზე მეგობრული საუბრისას გაჟღერდა იდეა – „ხომ არ დაეფუძნებინათ ტურისტული მიმართულების კომპანია და საყვარელი საქმე პროექტად გარდაექმნათ”. მერე როგორც ხდება ხოლმე: იდეის გაჟღერებას ახალი ვარიაციები მოჰყვა, ერთმანეთის მხარდაჭერა და საბოლოოდ, გეგმის დასახვის ფაზაზეც გადავიდნენ.
მას შემდეგ ექსპედიციების არეალი კიდევ უფრო გაზარდეს. ზემოთ ჩამოთვლილი მდებარეობების გარდა, მსოფლიოს 5 კონტინენტი დაფარეს. დღეს ჩრდილოეთ ამერიკისა და ანტარქტიდის გარდა ყველგან აქვთ ფეხი დადგმული. ასე შეიქმნა პროექტი, სახელად “Expedition by travel junkies”. სამი მეგობარი კი, რომლებიც წეღან ვახსენეთ: გიორგი შაკაია, სერგი ტკაჩუკი და დავით გუნთაიშვილი არიან.
„Expedition by travel junkies კონცეპტუალურად ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა ტურისტული კომპანიები, რადგანაც, პირველ რიგში, ჩვენი ექსპედიციები ეფუძნება ჩვენს უნიკალურ სამოგზაურო სტილსა და გამოცდილებას. ზოგადად ექსპედიციასა და ტურისტულ პაკეტებს შორის განსხვავება არის ის, რომ ექსპედიციას ყოველთვის აქვს განსაზღვრული შემეცნებითი მიზნები, სადაც ყოველი დღე სავსეა აღმოჩენებით. ასევე, საექსპედიციო მიმართულებების სელექცია ხდება კულტურული და გეოგრაფიული უნიკალურობის საფუძველზე”, – გიორგი შაკაია, მოგზაური და თანადამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე დამფუძნებელი თავადაც საკმაოდ გამოცდილი მოგზაურია, უსაფრთხოებისა და წესების დაცვის მიზნით, კომპანიას სამთო გამყოლები და საექსპედიციო პერსონალიც ჰყავს. ტურები, რომლებსაც ეს გუნდი შემოგთავაზებთ, ჩვეულებრივი არ იქნება, ის საშუალებას მოგცემთ, დალაშქროთ ადგილები, რომლებზეც შეიძლება სხვაგვარად ვერც მოხვედრილიყავით. შემოთავაზებებში შედის როგორც არქტიკული ტურები, ისე მოგზაურობა ტროპიკულ ჯუნგლებსა და უდაბნოებში. დამფუძნებლები იმასაც გვეუბნებიან, რომ რადგანაც Expedition by travel junkies მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაა, ამიტომ ფასები შეძლებისდაგვარად ლოიალური და ფართო საზოგადოების შესაძლებლობებზე მორგებული იქნება.
„ჩვენი საექსპედიციო გასვლები “Semi-Private” კატეგორიაში გადის, რაც პატარა ჯგუფით გადაადგილებას გულისხმობს. ეს მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის, რაც ჩვენი კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს გიორგი შაკაია.
„რაც შეეხება გასვლების ხანგრძლივობას, ამ ეტაპზე ვკონცენტრირდებით 8-12-დღიან ტურებზე, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ საქმიანი ადამიანების ცხოვრების ტემპს და რეალურად შესაძლებელი გავხადოთ მათი მონაწილეობა ჩვენს ექსპედიციებში, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად გვექნება გრძელი და შორეული ლაშქრობები მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში”, – გვითხრა დავით გუნთაიშვილმა, ასევე მოგზაურმა და კომპანიის თანადამფუძნებელმა.
2024 წლის პირველი, 8-დღიანი ექსპედიცია Expedition by travel junkies-მა უკვე დააანონსა. ის 21-29 მარტს ისლანდიაში შედგება. ექსპედიციის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესია გამოხატული და ჯგუფის ნახევარი უკვე შევსებულია.
„ისლანდიაში ექსპედიციის მთავარი მიზანი იქნება ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა და სრული წრის დარტყმა ყინულისა და ცეცხლის კუნძულზე”, – განმარტავს კიდევ ერთი დამფუძნებელი, სერგი ტკაჩუკი.
საუბრის ბოლოს თანადამფუძნებელ მოგზაურებს ვკითხეთ, პირადად მათთვის რატომ არის საექსპედიციო მიმართულება საინტერესო და რამდენად მზადაა ქართველი მომხმარებელი მსგავს ტურებში სამოგზაუროდ:
„პირადად ჩემთვის საექსპედიციო აქტივობა დაკავშირებულია ყოველდღიურ თვითგანვითარებასთან და შემეცნებითი არეალის გაფართოებასთან. Travel Junkies ერთ-ერთი წინა პროექტი პლანეტის გარშემო 24-თვიანი (2-წლიანი) უწყვეტი მოგზაურობა და პაპუა ახალი გვინეის ახალაღმოჩენილ ტომებთან კონტაქტი იყო…თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი როგორი სახალისოა”, – სერგი ტკაჩუკი.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში გვყავს ბევრი თანამოაზრე, ვისაც აინტერესებს სათავგადასავლო ტურიზმი. ხშირ შემთხვევებში ისინი ვერ ახერხებდნენ მათი სამოგზაურო ოცნებების ინდივიდუალურად განხორციელებას, ჩვენი კი ჩვენი რესურსით მზად ვართ, შევუქმნათ დაუვიწყარი ცხოვრებისეული გამოცდილება”, – დავით გუნთაიშვილი.