10
Mar
2016

ექსპერიმენტების ძალა სოციალურ მედიაში

10 Mar 2016

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სიტყვა „ექსპერიმენტი“ ნეგატიურად ესმის კომპანიების უმრავლესობას, შესაბამისად სოციალური მედიის მენეჯერებს არ აძლევენ უფლებას, რომ განსხვავებული კომუნიკაცია დაამყარონ მომხმარებელთან. თუმცა, მეორე მხრივ, სოციალური მედიის მენეჯერები ზღუდავენ და ზედმეტად ვიწრო ჩარჩოებში აქცევენ თავის საქმიანობას.

თუ სოციალურ მედიაში ჩვენი შედეგების მნიშვნელოვნად გაზრდა გვსურს, მზად უნდა ვიყოთ ექსპერიმენტებისთვის. ეს მიდგომა დაგვეხმარება, აღმოვაჩინოთ რამდენიმე „ოქროს გასაღები“, რომელიც მოკლე დროში იმაზე მეტ მომხმარებელს მოიზიდავს, ვიდრე გრძელვადიანი რუტინა, 10-ჯერ გრძელ დროის მონაკვეთში.

SM-Experimentsვიდრე ექსპერიმენტების ჩატარებას დაიწყებთ, შეადგინეთ სპეციალური დოკუმენტის ფაილი, რომელშიც შეიყვანთ მონაცემებს ჩატარებული ექსპერიმენტებიდან. საექსპერიმენტო პოსტები წინასწარ განიხილეთ კომპანიის მენეჯმენტთან, ან მინიმუმ თანამშრომლებთან მაინც.

ცხრილი

განვიხილოთ რამდენიმე ექსპერიმენტი

1. პრომოუშენის მრავალფეროვნება

თუ კონკრეტულ პროდუქტს უწევთ პრომოუშენს და აუცილებლად გინდათ, რომ რეკლამა იყოს პირდაპირი, მოსინჯეთ რამდენიმე ვარიანტი და იპოვეთ ის, რომელიც ნაკლებ გამაღიზიანებელი იქნება აუდიტორიისთვის. პროდუქციასთან ერთად, სცადეთ სურათზე იყოს რაიმე გამორჩეული, მიმზიდველი. სასურველია იყოს აზრობრივად დაკავშირებული თქვენს პროდუქტთან და მათი კომბინაცია სასიამოვნო აღსაქმელი იყოს.

სცადეთ ფერებით მანიპულირება – გამოიყენეთ ერთ პროდუქტზე რამდენიმე პოსტი, რომლებშიც შეცვლით ფერებს, ჩრდილებს, ფონტს და სხვა ელემენტებს. დააკვირდით ცვალებადობას პოსტების შედეგებზე.

2. გამოიყენეთ საექსპერიმენტო გვერდები

თუ განხილვის შემდეგაც გექნებათ შეგრძნება, რომ შესაძლოა პოსტს ნეგატიური აღქმა ქონდეს, გამოიყენეთ საექსპერიმენტო გვერდები. სასურველია გვქონდეს რამდენიმე გვერდი, რომლებსაც გამოვიყენებთ სატესტოდ და ამით ჩვენს ბიზნეს გვერდს ავაცილებთ შესაძლო ნეგატიურ გავლენას. საექსპერიმენტო გვერდები სასურველია ჩვენ თავად შევქმნათ და იყოს ახლოს ჩვენი ბიზნეს გვერდის თემატიკასთან. თუმცა, აბსოლუტურად გამიჯნული უნდა იყოს და არ უნდა გაჩნდეს ეჭვი მათი ერთიანობის შესახებ.

experiment3. მოსინჯეთ განსხვავებული ბაზრები

სოციალური მედია გვაძლევს შანსს, რომ პრომოუშენი მრავალ განსხვავებულ სეგმენტზე მოვახდინოთ. თუ გაქვთ პროდუქტი, რომელიც რამდენიმე განსხვავებული სეგმენტის საჭიროებას აკმაყოფილებს, არ გაიტანოთ ის ყველგან ერთი ფორმით (იშვიათი გამონაკლისების გარდა). გაიტანეთ რეკლამაზე პოსტები განსხვავებული სახით რამდენიმე სეგმენტზე და აწარმოეთ დაკვირვება. სცადეთ რამდენიმე ვარიანტი და მიაგნებთ ოპტიმალურს.

4. გამოიყენეთ ჰაშთაგი

ჰაშთაგით პროდუქტის ძიება სულ უფრო პოპულარული ხდება. ჰაშთაგს შეიძლება შევხედოთ როგორც ქივორდებს გუგლის საძიებო სისტემაში. თუ თქვენ მოახერხებთ, რომ აითვისოთ ის ძირითადი ჰაშთაგები, რომლებიც თქვენს პროდუქციასთან არის დაკავშირებული და მოექცეთ ძიების სათავეში, საკმაოდ წინ წაიგდებთ საქმეს. ამასთან ერთად, სცადეთ მომხმარებლის ჩვევაში გადაიყვანოთ ჰაშთაგით ძიება საჭიროების შემთხვევაში. ჰაშთაგი განსაკუთრებით აქტუალურია სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვის დროს. გავიხსენოთ ბოლო დროის ქართული მაგალთები #არიბოდიალო #რაგბიჩვენითამაშია და ა.შ.

5. მოსინჯეთ პოსტის აღწერის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი

პოსტს სწორად შერჩეული საკომუნიკაციო მესიჯი სჭირდება. განსხვავებული დასათაურების სტილის გასატესტად ისევ საექსპერიმენტო ფეიჯებს უნდა მივაშუროთ. ვცადოთ რამდენიმე განსხვავებული სათაური ერთ პოსტზე. პირველ ვარიანტში მომხმარებელს დავუსვათ კითხვა. მაგ: „იცით თუ არა რომ…?“ მეორე ვარიანტში პირდაპირ მივაწოდოთ ინფორმაცია. მესამეში მოვუყვანოთ მაგალითი და ა.შ.

ექსპერიმენტების ჩატარება სოციალური მედიის საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბების ეტაპზე, შედარებით დიდი რაოდენობით მოგვიწევს. როდესაც დავინახავთ შედეგებს და ჩამოგვიყალიბდება ხედვა ძირითად მიმართულებებზე, ექსპერიმენტების რაოდენობა მოიკლებს, თუმცა სიახლეებთან ერთად, საექსპერიმენტო პოსტების რაოდენობაც იმატებს.

განხილვა