თითქმის სამი წელია, მუზეუმი “ექსპერიმენტორიუმი” ექსპერიმენტების, მეცნიერებისა და მხიარულების მოყვარულთა თავშეყრის ადგილია. სივრცე, სადაც შეგიძლიათ გაზომოთ თქვენი ყვირილის ძალა, დასხდეთ ლურსმნებიან სკამზე, მარტივად აწიოთ მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭიროთ ელვა, დახატოთ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით, თავი როკ-ვარსკვლავადაც იგრძნოთ. მუზეუმში 80-ზე მეტი ინტერაქტიული ექსპონატია წარმოდგენილი. მუზეუმმა, ერთი შეხედვით რთული მეცნიერებები დამთვალიერებლებს მარტივად და სახალისოდ დაანახა. ყველა დამთვალიერებელმა, დიდმაც და პატარამაც იცის, რომ აქ ვერასოდეს გაიგონებთ ფრაზას “ჩუმად იყავი”. “ექსპერიმენტორიუმში” ნებადართულია სიცილიც და ხმამაღლა საუბარიც. 1 მაისიდან, მუზეუმის მენეჯმენტში ცვლილებებია. შეიცვალა „ექსპერიმენტორიუმის“ მმართველი გუნდი. მუზეუმის მფლობელები – ელენე ბაბაკიშვილი, თათია გაგუა და სოფიკო ბიგვავა გახდნენ. ისინი ამ დრომდე აღმასრულებელი დირექტორის, მარკეტინგის მენეჯერისა და ივენთ მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდნენ. მუზეუმში მოსალოდნელ სიახლეებზე თათია გაგუა გვესაუბრა.
M: თათია, მუზეუმში გახსნის დღიდან მუშაობ. შენი ხედვით, რა შეცვალა “ექსპერიმენტორიუმმა” საზოგადოების ცნობიერებაში?
“ექსპერიმენტორიუმი” პირველი კომერციული, სამეცნიერო და ინტერაქტიული მუზეუმია საქართველოში. შესაბამისად, არ იყო მარტივი დამთვალიერებლამდე ფიზიკის მუზეუმის კონცეფციის მიტანა, მით უფრო კომერციულის. გაცილებით რთული აღმოჩნდა ინტერაქტიული მუზეუმის სწორი მნიშვნელობით გაგება – რომ ექსპონატის გამოცდა არ ნიშნავს მისი მდგომარეობიდან გამოყვანას და გაფუჭებას. თუმცა, შევძელით და ინტერაქტიული ექსპოზიცია მაქსიმალურად მოვარგეთ ტემპერამენტიან ქართველ ბავშვებს.
2016 წელს, საჭირო იყო დამთვალიერებლისთვის იმის ახსნა, თუ რას ნიშნავდა ფიზიკისა და ინტერაქტიული მუზეუმი; რა იყო ქიმიური შოუ… ბოლო წლებში, ქვეყანაში STEM მიმართულებით გაზრდილმა ცნობიერებამ და ჩვენმა მუზეუმმა მსგავსი შეკითხვების რაოდენობა შეამცირა. საზოგადოების ცნობიერებაში ფიზიკისა და ქიმიის მნიშვნელოვანი როლის პოზიციონირება უშუალოდ დავინახეთ დამთვალიერებლებისგან, განსაკუთრებით კი სკოლებიდან მიღებული უკუკავშირით. გარდა ამისა, ბაზარზე დავამკვიდრეთ კომერციული მუზეუმის პრაქტიკა, რომელიც „ექსპერიმენტორიუმის“ გახსნამდე ქვეყანაში ასეთი მასშტაბით არ არსებობდა.
M: ამ დროისთვის, რა სერვისები აქვს მუზეუმს?
მუზეუმის მთავარ მომსახურებად, რა თქმა უნდა, რჩება ფიზიკის ინტერაქტიული მუზეუმი (ელექტრობის, მექანიკისა და ილუზიების მიმართულებით) და ქიმიური სანახაობები. თუმცა, გვაქვს ახალი პროექტები, როგორიცაა არტ-მეცნიერება – მეცნიერული გასვლითი ღონისძიება ნებისმიერ ლოკაციაზე სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, კომერციული და არაკომერციული სექტორისთვის; სამეცნიერო საზაფხულო ბანაკი; მასტერკლასები მასწავლებლებისთვის; მეცნიერული კულინარია; ქიმიური სტარტები; ქვესტები; სოციალური პროექტი “მუზეუმი ყველასია”, რომლის ფარგლებშიც განსხვავებული პროფესიის ადამიანები ერთი დღით მუზეუმის თანამშრომლის როლს ირგებენ და მუზეუმის ექსპოზიციას უსასყიდლოდ აცნობენ დამთვალიერებელს. მუზეუმში ისევ და ისევ შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, უკვე ნებისმიერი ასაკისთვის. “ექსპერიმენტორიუმი”, ასევე, არის ალტერნატიული სივრცე კორპორაციული ღონისძიებებისა და სხვადასხვა სახის პრეზენტაციისთვის.
M: მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად, რა ცვლილებებია მოსალოდნელი სერვისის მიმართულებით?
იგეგმება მუზეუმის ექსპოზიციის ეტაპობრივი განახლება. ვგეგმავთ ქართველი კოლექციონერების გამოფენებს. პირველი ასეთი გამოფენა მოეწყობა ივნისში და წარმოდგენილი იქნება ქართველი კოლექციონერის უნიკალური ისტორიის მქონე 44 ტელეფონი. ძალიან მალე ჩაეშვება პროექტი ზრდასრულებისთვის ვიდეობლოგის სახით, „რაც სკოლაში გამოვტოვეთ“. ეს სკოლაში ნასწავლი და მივიწყებული მასალის გახსენების საშუალებას მოგვცემს. ვაპირებთ, შევქმნათ ქართველი გამომგონებლების ექსპოზიცია, რომელიც არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ დამთვალიერებლებს მისცემს მათი გაცნობის საშუალებას…
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
[R]