in

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარდგენილია – დოკუმენტს სპეციალისტები აფასებენ

მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მე-3 ეტაპი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეები – კერძო პირები და მეწარმეები, როგორც ფინანსურ, ისე სოციალურ შეღავათებსა თუ დახმარებებს მიიღებენ. აქვე საუბარია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ეკონომიკური გეგმის შეფასება EY-ს მმართველ პარტნიორს საქართველოში რუსლან ხოროშვილსა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს, ანი კვარაცხელიას ვთხოვეთ. მათი აზრით, დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებები. თუმცა, თვლიან, რომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, ბევრი აუცილებელი საკითხი, გეგმაში არ არის.

bog
bog-mob

დეტალურ შეფასებამდე იმ მიმართულებებს გაგაცნობთ, რომელზეც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაშია საუბარი.

მთავრობის ინფორმაციით, ის დასაქმებული პირები, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა, 6 თვის განმავლობაში, 1200 ლარს (თვეში 200 ლარი) მიიღებენ. თვითდასაქმებული მოქალაქეები კი,  იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადი დახმარების სახით, – 300 ლარს. გარდა ამისა, ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის მანძილზე მიიღებს 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, სრულ სუბსიდირებას [საშემოსავლო გადასახადის ნაწილი]. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იქმნება საკრედიტო საგარანტიო სქემა, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება 2 მილიარდის საკრედიტო პორტფელის გაცემა. გარდა ამისა, ფართოვდება „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის სფეროები და გაიზრდება ამ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში. ასევე, 24-დან 36 თვემდე გაიზრდება სასესხო ლიზინგის პერიოდი. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარებისთვის გაიცემა გრანტები 30 000 ლარამდე და აგროკრედიტი, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის – სესხების სავარაუდო მოცულობა 50 მილიონი ლარი. დოკუმენტი ითვალისწინებს სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერასაც. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს – 25 ლარით გაეზრდება. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ 600 ლარიანი დახმარებით. 600 ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და ის ოჯახები, რომელთა  სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა.

„კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. აქედან  1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკასა და მეწარმეებზე ზრუნვისთვის – 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი. თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მისივე თქმით, ეტაპობრივად  მოიხსნება ეკონომიკური შეზღუდვებიც – 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება და „ონლაინ“ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა [დადგენილი წესებისა და მოთხონების დაცვის შემთხვევაში]. სავარაუდოდ, ორ კვირაში მოიხსნება შეზღუდვები შემდეგი მიმართულებით: მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

ასეთია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. რაც შეეხება მის შეფასებებს. ანი კვარაცხელია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია და დახმარებები ისე უნდა განაწილდეს, რომ ეკონომიკური/ფინანსური პრობლემები მაკროეკონომიკურ დონეზე არ შეიქმნას. მისი თქმით, ფიზიკურ პირებზე დახმარებისათვის დიდი რესურსის გამოყოფა, დიდ ვადაში, უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. მაგალითად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება თუ პენსიების ზრდა, სახელმწიფოსთვის შესაძლებელია დიდი რესურსის გამოყოფას მოიცავდეს, თუმცა. მოსახლეობისათვის არც თუ ისე ეფექტიანი იყოს.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ანი კვარაცხელია
ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ანი კვარაცხელია

„ეკონომიკურ ჭრილში აქცენტი გაკეთდა რამდენიმე მიმართულებით და ეს ღონისძიებები მიმართულია ერთის მხრივ გაყიდვებზე (დღგ) და მეორეს მხრივ, ახალი საქმიანობისკენ ან საქმიანობის გაფართოებისაკენ, რაც იმდენად კრიზისული პერიოდისათვის არ არის მნიშვნელოვანი როგორც პოსტ კრიზისული პერიოდისათვის. მგონია, რომ კრიზისის დროს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ლიკვიდურობა და ფინანსურ რესურსზე წვდომა რიგი მიზეზების გამო: გაყიდვები შემცირება, ფასების ზრდა (რაც ხარჯებში აისახება) და კონკურენტუნარიანობის კლება (ხარჯების ზრდის და გაყიდვების შემცირების ხარჯზე).

ასეთ ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების დეფიციტი აქვთ. ვთვლი, რომ მთავრი აქცენტი უნდა გაკეთდეს: საბრუნავი საშუალების მიწოდების მექანიზმებზე (არა გრანტის სახით, არამედ სამომავლო დაბრუნების გარანტიებით), სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე და საგადასახადო შეღავათებზე. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, მეტად იყოს სახელმწიფო პროგრამა მიმართული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებისკენ ან გადავადების და სხვა საგადასახადო შეღავათებზე (არამხოლოდ საგადასახადო არამედ, რეგულაციების შემსუბუქება, აქციზი თუ სხვა გადასახადები) და ნაკლებად ერთჯერად დახმარებებზე, რადგან, გრძელვადიან ჭრილში, სამუშაო ადგილების შექმნა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ბევრად ძვირ რესურსს მოითხოვს, ვიდრე დღეს საგადასახადო შეღავათებია.

რაც შეეხება სესხებსა და მის საგარანტიო მექანიზმებს. კომპანიებს დამატებით სესხის სახით კაპიტალის მოზიდვის შიში აქვთ, კრიზისის დროს. მით უმეტეს, როდესაც ბევრ კომპანიას უკვე ამოწურული აქვს სესხის მიღების კუთხით ლიკვიდურობა და დამატებით რესურსის ათვისება მათი მხრიდან რთული იქნება რადგან უზრუნველყოფაში გადასაცემი აქტივის სიმცირეა.

გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, მეტი აქცენტი გაკეთებულიყო საგადასახადო წნეხის შემსუბუქებაზე ბიზნესისათვის, დასაქმებულთათვის ადგილების შენარჩუნებაზე, ასევე ლარიზაციის დროებით შეჩერებაზე, რომ ფინანსურ აქტივზე მოხდეს თავისუფალი წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელშიც დასაქმებულია სამუშაო ძალის დიდი ნაწილი. ასევე, კარგი იქნება მეტი აქცენტი გაკეთდეს პოსტ კრიზისულ გეგმაზე, და ბიუჯეტში არსებული დეფიციტის აღმოფხვრაზე და სახ. ხარჯების შემცირებაზე“.

ანი კვარაცხელია ამბობს, რომ თუ მომდევნო თვეებში ეკონომიკურ აქტივობები განახლდება, შიდა მოხმარება გაიზრდება. თუმცა, მისი აზრით, დოლარის შემოდინების კუთხით რთული პერსპექტივაა, რადგან საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია ტურიზმზე, გადმორიცხვებზე, ექსპორტზე, ინვესტიციებზე რისი კლებაც დაფიქსირდება და იმპორტზე, რაც იგივე დარჩება ან გაიზრდება.

„ჩემი აზრით, ანტიკრიზისულ გეგმაში გრძელვადიანი ხედვა არ არის დაფიქსირებული, არც მონახაზი. ასევე, არ არის ნათელი საზოგადოებისათვის ეკონომიკის გახსნა ეპიდემიის გავრცელების დინამიკაში, რაც არაპროგნოზირებადს ქმნის კომპანიებისათვის მათ სამომავლო ნაბიჯებს. ასევე არ არის ნათელი დამატებით რესურსს [2.110 მლნ ლარი] რა ვადაში, რა მექანიზმებით  და როგორ გამოვიყენებთ. დღეს მთავარია, სტაბილურობის შეგრძნება დავუბრუნოთ მეწარმეებს და შიშის ფაქტორი მაქსიმალურად მოვხსნათ. რაც მთავარია ეს ღონისძიებები ისე უნდა გატარდეს, რომ ბიუროკრატიული წნეხი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, 

რუსლან ხოროშვილი თვლის, რომ ეკონომიკის გაჩერების ფონზე, მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვის ბადის ამოქმედება, რასაც ძირითადად ემსახურება კიდეც ანტიკრიზისულ გეგმაში გაჟღერებული ინიციატივები.

EY-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში რუსლან ხოროშვილი

„ვფიქრობ, ეს ინიციატივები, არა მხოლოდ საჭირო, აუცილებელიც კი იყო. ისინი შექმნიან გარკვეულ უსაფრთხოების და სტაბილურობის შეგრძნებას მოსახლეობაში. თუმცა, გამიჭირდება რაიმეს თქმა თანხებზე, დიფერენციაციაზე. რატომ ზოგს 200, ზოგს – 600 და ზოგს ერთჯერადი 300 ლარი? რატომ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა. სავარაუდოდ, იმ ადამიანებს ვისაც არც ჰქონდათ სამსახური ეს ფული ისევე ესაჭიროებათ, როგორც იმ ადამიანებს ვისაც ჰქონდათ სამსახური. მეჩვენება, რომ კრიტერიუმები არის საკმაოდ ბევრი, დიფერენცირებული და რთული იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ დახმარებების სწრაფი დარიგება. იქნება ბევრი მიმართვიანობა და ძალიან რთული იქნება გარკვევა აკმაყოფილებს თუ არა ადამიანი კონკრეტულ კრიტერიუმებს და ეკუთვნის თუ არა მას დახმარება. ამავე დროს, დახმარების სწრაფი განაწილება არის მნიშვნელოვანი. ამაში ვხედავ სირთულეებს ამ პროგრამების განხორციელების კუთხით“.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს, რუსლან ხოროშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს არ ემხრობა. რადგან, მისი აზრით, როგორც წესი ისინი დაბალი ეფექტიანობით გამოირჩევა და ზრდის კორუფციის რისკებს.

„ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ყველგან ასეა. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პირობების შექმნის კუთხით, ახალი წესების შემუშავება, პროგნოზირებადობის გაზრდა, რომ ბიზნესები ამუშავდეს და თავის თავს თვითონ უშველონ. გარდა ამისა, ალბათ, საინტერესო იქნებოდა, მეტი გაგვეგო ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის გაზრდის ღონისძიებების შესახებ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა მოსახლეობის და ბიზნესების შფოთვის დონეს. აქ ვგულისხმობ კონკრეტულ ციფრებს: რამდენი პაციენტის სამკურნალოდ ვართ დღეს მზად, როგორ ვგეგმავთ პიკური დატვირთვის შესაძლებლობების ზრდას, როგორ ვგეგმავთ დაცვის საშუალებებით ქვეყნის უზრნველყოფას. ვიცით, რომ COVID-19-თან თანაცხოვრება მოგვიწევს მომდევნო წლის გაზაფხულამდე. ამიტომ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმედის მომცემი იყო 6-ეტაპიანი, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გეგმის მოსმენა. რამდენად მოგვცემს ეპიდემიოლოგიური სურათი ამის საშუალებას, რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება. ყოველ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის მკურნალობა ჯერ ვერ ხდება, ამიტომ შეზღუდვების გამარტივება არ ნიშნავს ვირუსზე გამარჯვებას. საბოლოო წარმატება ყველა ჩვემთაგანის გონივრულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული“

რა ზიანი მიადგა ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სფეროს და როგორია გამოსავალი?

კომპანიები, რომლებიც დღეს, საკურიერო და მიტანის სერვისით უზრუნველგყოფს