„27-28 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ფორუმი გაიმართება. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება მთლიანად B2B ფორმატში, „ონლაინ“ შეხვედრების კომპონენტით ჩატარდება.
„გასული თვეების განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, „ექსპოჯორჯია“ თავის ჩვეულ საქმიანობას ვეღარ ეწეოდა. თუმცა, გადავწყვიტეთ, გამოფენების ცენტრი, როგორც საქმიანი შეხვედრების პლატფორმა, ეტაპობრივად დაუბრუნდეს ქართულ ეკონომიკას.
პირველ ასეთი პროექტი, აგრო ექსპორტის ფორუმი იქნება. ღონისძიების ჩატარების საჭიროება და მზაობაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა“.
ფორუმის ძირითადი მიზანია, აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებს ხელი შეუწყოს სარეალიზაციო არხების პოვნასა და გაფართოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე
„ფორუმის მონაწილე, შედარებით მცირე ზომის წარმოებებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ საცალო ვაჭრობის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰორეკა სექტორს და სხვა პოტენციურ პარტნიორებს. საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის საერთაშორისო ნაწილში – წინასწარ დაგეგმილ „ონლაინ“ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან“, – ამბობს „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, მიზნობრივი ქვეყნებიდან 50 მსხვილი ექსპორტიორი და ჰორეკას სექტორის წარმომადგენელი.
„ფორუმის ფარგლებში ფერმერები და მწარმოებლები, საექსპორტოდ წარმოების მომზადების და ექსპორტისათვის აუცილებელი პროდუქტების თუ მომსახურებების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ასევე, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს წარუდგენენ აგრო-ინვესტიციის პროდუქტებს”, – ამბობს ფორუმის ორგანიზატორი.
ფორუმის ორივე დღეს გაიმართება კონფერენცია და ვორქშოპები. ფიზიკურად დამსწრეთა რაოდენობა იმ დროისათვის არსებული, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციით განისაზღვრება. კონფერენციის ტრანსლაცია სხვადასხვა თემატურ პორტალებზე მოხდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია: „სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები პანდემიის შემდეგ“.
[R]