გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს — ღონისძიება 2023 წლის 6-7 ოქტომბერს ჩატარდება, მე-11 პავილიონში.
„დაგეგმე შენი მომავალი ჩვენთან ერთად!“ — სწორედ ამ მესიჯით იხსნება ღონისძიება, რომელიც სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შანსს, ერთ სივრცეში გაეცნონ საგანმანათლებლო შესაძლებლობების სამყაროს. რეალურად, გამოფენის მთავარი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა, სადაც განათლების სისტემაში არსებული სიახლეები და სასწავლო პროგრამები სწრაფად, სრულყოფილად თუ პირდაპირ იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს, რათა მათ მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ.
სასწავლებლები, ახალი სასწავლო პროგრამები, სტიპენდიები, საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობები, დასაქმება — ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ღონისძიებაზე მოსული თითოეული დაინტერესებული პირი ამომწურავად მიიღებს ინფორმაციას.
უფრო კონკრეტულად, ღონისძიების ძირითადი მიმართულებებია:
მონაწილეები: უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები,საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 50-მდე სასწავლებელი, ადგილზე შესაძლებელი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა.
საინფორმაციო სესიები: ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ისეთ საინფორმაციო სესიებს ჩაატარებენ, როგორებიცაა: საზღვარგარეთ სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობები, სავიზო პროცედურები, საფრანგეთში სწავლის დაფინანსება და შესაძლებლობები და სხვა.
პანელური დისკუსიები: სამოტივაციო პრეზენტაციები, რომლებსაც სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და ცნობილი სახეები გაუძღვებიან. Marketer.ge-ის თანაორგანიზებით, გაიმართება დისკუსიები საინტერესო სპიკერებთან, რომლებიც გააზიარებენ შეხედულებებს გლობალური სამუშაო ბაზრის და აქტუალური პროფესიების შესახებ.
დასაქმების ფორუმი: სტუდენტური დასაქმების ფორუმის ფარგლებში, HR hub თანაორგანიზებით, ნებისმიერ მსურველს ადგილზე ექნება შესაძლებლობა, გაიაროს გასაუბრება სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელთან.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა და ღიაა საზოგადოებისთვის. რეგისტრაციისთვის და ღონისძიების შესახებ მეტის გასაგებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
[R]