29 ოქტომბერს, დედაენის პარკში, პირველად საქართველოში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში ფარგლებში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა დისციპლინის სპორტსმენებმა მიიღეს. გამოცდილმა მსაჯებმა კი საქართველოს 4 საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინეს სკეიტბორდის, ბიემიქსის, როლერ სპორტისა და სკუტერის მიმართულებით.
Extreme Fest Tbilisi-ის ორგანიზატორები არსენ მამეტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენმა მიზნად დაისახა, საქართველოში ექსტრემალური სპორტის ოლიმპიური ჩემპიონები გაზარდოს. მას სურს, თბილისის ექსტრემალური სპორტი განავითაროს და შექმნას ავთენტური ღონისძიება, რომელიც ქალაქის ტრადიციად იქცევა; ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა ათლეტებისთვის და სტიმული მათი პიროვნული თუ სპორტული განვითარებისთვის. გარდა ამისა, არსენის მიზნები თბილისში ექსტრემალური სპორტის სკოლის ჩამოყალიბებას და სპორტის ფედერაციის საფუძვლის ჩაყრას უკავშირდება.
არსენი, ექსტრემალური სპორტის ფესტივალის თანაორგანიზატორი: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან, ბოლო პერიოდია, თბილისში ვცხოვრობ. „ამრასთან“ ერთად ჩავატარეთ Extreme Fest Tbilisi, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ამ სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ორგანიზატორების, გადამღები ჯგუფის, შეჯიბრის მონაწილეების შემადგენლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და უკრაინის მკვიდრნი. ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ფესტივალმა საერთაშორისო ღონისძიების სტატუსი მიიღო. დარწმუნებულები ვარ, რომ შემდეგი ფესტივალი, რომელიც 2023 წლის მაისშია დაგეგმილი, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქართული ექსტრემალური კულტურის ისტორიაში. მზად ვარ, ჩემი პროფესიითა და შესაძლებლობებით, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს დავუჭირო მხარი და მაგალითი მივცე ახალგაზრდების, რომ სპორტი აერთიანებს!
შმაგი, ექსტრემალური სპორტის ფესტივალის თანაორგანიზატორი, ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ თანადამფუძნებელი: ეს ფესტივალის იმის მაგალითია, რომ ჩვენი თანამემამულენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ მომავალს, თვითრეალიზაციის შანსებს ჩვენთან თანაცხოვრებაში ხედავენ. არსენის ისტორია ყურადსაღებია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს დამატებითი ხმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებისთვის, გახდეს წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ახალგაზრდობისთვის. შერიგებას, მშვიდობას, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და მჯერა, არსენის ფიგურა ნამდვილად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ნდობის აღდგენის საკითხში.
[პარტნიორის კონტენტი]