in

უდიდესი ბედნიერებაა, როცა მესმის: ეს „ეიას“ ჩანთა იქნება“

bag
Startauperi
Startauperi

„შეიძლება არ მახსოვდეს ნანახი ფილმის ფინალი, მაგრამ აუცილებლად მამახსოვრდება სტილი, სამოსის თუ აქსესუარის დეტალი. ეს ჩემი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა.“

თამარ წიფურია პროფესიით ეკონომისტია. წლების განმავლობაში ფინანსების სფეროში მუშაობდა და ხელოვნებასთან მხოლოდ ოცნება აკავშირებდა. დროდადრო, თოჯინებისთვის შეკერავდა ხოლმე სამოსს, შემდეგ – დიზაინის შექმნა საკუთარი თავისა და მეგობრებისთვისაც დაიწყო. აღმოაჩინა, რომ სწორედ ეს ნაწილი იზიდავდა ყველაფერში – რეალობაშიც, ფილმის ყურების დროსაც და კითხვისასაც. ხელნაკეთი ჩანთების შექმნა პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც ყველაფერი თითქოს გაჩერებული იყო. საქმე წამოიწყო ნატალია ჩიტიაშვილთან ერთად, რომელსაც საკუთარი ატელიე „ჯეოტექსტილი“ აქვს და მეგობარს ესკიზების გაცოცხლების ბიძგი მისცა. ასე დაიწყო საინტერესო თავგადასავალი, სახელად „ეია“ – დღეს კი, მის დახვეწილ, გემოვნებიან ჩანთებს არამხოლოდ ქართულ მაღაზიასა და ატელიეში ნახავთ, არამედ Etsy-ის პლატფორმაზეც. დეტალებზე თამარ წიფურია გვესაუბრა.

M: ფინანსების სფეროდან საკუთარი წარმოების დაწყებამდე როგორ მიხვედით?

ამ სფეროზე დიდი ცოდნა არ მქონდა მანამდე, უბრალოდ დავიწყეთ სასურველი მონახაზის რეალობად ქცევის პროცესი. არ აღმოჩნდა იოლი, რადგან ქსოვილმა რომ მიიღის ის საბოლოო სახე, როგორსაც თქვენ ხედავთ საჭიროა საკმაოდ შრომატევადი დამუშავება. ამას დასჭირდა რამოდენიმე კონსტრუქტორის ცოდნა და გამოცდილება, მრავალი მცდელობა. ჩვენი ჩანთები სტილისა და ვიზუალის გარდა, ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სამუშაოს დიდი ნაწილი სრულდება ხელით, რამდენიმე მოდელი კი სრულად ხელითაა მოქარგული. ჩვენი ჩანთები არ არის მასიური წამოების, ყველა მოდელი არის ლიმიტირებული – 5-10 ცალი. ეს ერთის მხრივ იმის გამოა, რომ ვიყენებთ იტალიურ ქსოვილებს, რომელთა შეძენაც მცირე რაოდენობითაა შესაძლებელი. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თითოეულში არის ჩადებული გარკვეული სტილი და ყველას აქვს თავისი ხასიათი. როცა კოლექცია ამოიწურება, იქმენება ახალი, ახალი ისტორიით.

M: როგორ ჩამოაყალიბეთ „ეიას“ ჩანთების ვიზუალური სტილი?

მე არ ვარ დიზაინერი განათლებით და  არ ვქმნი პროდუქტს რომელიც რაიმე ტრენდზე არის გათვლილი. მე ვქმნი იმას, რაც მიმაჩნია რომ არის განსაკუთრებული. ალბათ ყველაფერი ის, რაც ჩემში დაილექა, შემდგომ შეძლებისდაგვარად გამოიხატება „ეია“- ში.  ეიას ჩანთები არის პირველ რიგში ელეგანტური. მას აქვს გარკვეული ეკლექტიკა ვინტაჟის და თანამედროვე სტილის. ჩანთა შეიძლება იყოს მეტალის შესაკრავზე, ქლაჩის ან „რედიკიულის“ ფორმის და ქონდეს მაიას ტომების ან უძველესი ქვაზე ამიტვიფრული ნახატის ან თუნდაც ბუდას ნაქარგი. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზს ქმნის  და ხშირად მომხმარებელი სწორედ ასეთ ჩანთას არგებს თავის ლუქს.

M: ვისთვის არის ეს პროდუქტი და რატომ ირჩევენ ადამიანები „ეიას“?

„ეია“ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი შეიტანოს საინტერესო შტრიხი მის ყოველდღიურ თუ საღამოს ჩაცმულობაში. ერთი შეხედვით ბევრი მოდელი თითქოს უფრო საღამოს ან კლასიკურ სამოსზეა გათვლილი, მაგრამ ესე არ არის. მე ძალიან მომწონს როცა მინახავს მაგალითად ჩვენი ერთი შეხედვით საკმაოდ ვინტაჟური  წითელი, ამოქარგული ჩანთა ჯინსზე და დიდ ნაქსოვ სვიტერზე ან ჯინსზე და თეთრ მაისურზე. ხშირად სრულიად ყოველდღიურ და სპორტულ სამოსშიც კი შეაქვს პატარა შტრიხი და მთლიან ლუქს ეს შტრიხი უკვე ცვლის და საინტერესოს ხდის.

M: რა გამოგარჩევთ სამიზნე ბაზარზე?

ვფიქრობ, სტილი და ხარისხი ერთად. „ეიას“ აქვს თავისი გამორჩეული ხელწერა და ის არავის არ ჰგავს. იცვლება, გააჩნია ზოგჯერ მინიმალისტური, ზოგჯერ კი ვიქტორიანული ხასიათის ჩანთები, მაგრამ სტილი უცვლელია ყველა მოდელში. რაც მთავარია, ხელნაკეთ აქსესუარს აქვს განსაკუთრებული სითბო, დამზადების პროცესში იდება უამრავი ენერგია და სიყვარული და დიდი იმედი მაქვს, ეს საგრძნობია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ჩვენი სამიზნე ბაზარი არ არის შეზღუდული ასაკითაც. ზოგჯერ საჩუქრად.ყიდულობენ დედისთვის, ხშირად კი ახალგაზრდები ყიდულობენ და მათი განუყრელი აქსესუარი ხდება.

M: პირველ ნაბიჯებზე გვიამბეთ… რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ?

საქმე ძალიან შეზღუდული თანხებით დავიწყეთ. ამასთან, ეს და ალბათ, ნებისმიერი საქმე მოითხოვს უამრავი რამის შესწავლას. დაწყებული დასაქარგი ფაილების დამზადების საკმაოდ შრომატევადი პროცესიდან, კერვის პროცესის ტექნიკური სირთულეებით თუ სოც ქსელების მართვით. არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო. მუდმივად სწავლის პროცესში ვართ ორივე, მეც და ნატალიაც.
აქვე უნდა აღვნიშნო ის რამდენიმე მეგობარი, ვინც გვერდით გვიდგას და გვეხმარება: ფოტოების გადაღებაში ტბელ აბუსერიძე და რიტა კეტია. ჩვენი მოდელებიც კი ჩვენი მეგობრები არიან, ჩემი და – ნინო წიფურია უკვე, ფაქტობრივად, „ეიას“ სახე გახდა. ის ძალიან საინტერესო ჟურნალისტია, მაგრამ საოცარი მოდელი აღმოჩნდა, ძალიან ბუნებრივად და ემოციურად გადმოსცემს განწყობას.

M: სად/როგორ არის შესაძლებელი „ეიას“ აქსესუარების შეძენა?

ჩვენ ვთანამშრომლობთ მაღაზია „კაბასთან“ და „კონცეპტთან“. აგრეთვე, შესაძლებელია შეძენა ონლაინ. სასიამოვნოა ის ხშირი ფაქტიც, როცა შეძენისას ხშირად გვწვევიან ატელიეში. ალბათ საინტერესოა იმ გარემოს ნახვა თუ სად და როგორ იქმნება პროდუქტი. აგრეთვე გვაქვს მაღაზია Etsy-ის პლატფორმაზე და იქაც გვყავს უკვე ჩვენი მომხმარებელი.

M: რამდენად მოგებიანია როგორც ბიზნესი?

ჩვენი წარმოება ჯერ საკმაოდ მცირეა და მოგებაც – შესაბამისი. წარმოება დიდ რესურსს მოითხოვს, ქსოვილებიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მოგებიანი ბიზნესია. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა შეიცვლება წარმოებისა და ბრუნვის გაზრდასთან ერთად.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე და როგორ გეგმავთ მის განვითარებას?

როდესაც ჩვენი ჩანთის ან ფოტოს დანახვისას გამიგია: „ეს ეიას ჩანთა იქნება“ – აი ეს არის უდიდესი ბედნიერება და სტიმული.

ეს არის ის საქმე, რომელზე ალბათ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ახლა, როცა უკვე ჩაბმული ვარ, ყოველდღიური რუტინაც კი დიდ ბედნიერებას მანიჭებს. თურმე, რამხელა ბედნიერებაა. მთელი გულით ვუსურვებ ყველას სწორედ მათთვის საყვარელი საქმე აკეთონ.

პირველ რიგში ალბათ საჭიროა საკუთარი ბრენდის ცნობადობის გაზრდა. საქართველოშიც და იმედია საერთაშორისო ბაზარზეც.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Nightshade-ის ხელსაწყო AI ნამუშევრების ქურდობისგან დაგიცავთ

Heima Production — აუდიო ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ემოციებს ხმად გარდაქმნის