9
Mar
2014

Eye Tracking – ვიზუალური კვლევის ტექნოლოგია

9 Mar 2014

Startauperi
Startauperi


მარკეტინგული კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT ორგანიზაციებს ვიზუალური კვლევის ტექნოლოგიას სთავაზობს. Eye Tracking-ის საშუალებით ხდება სხვადასხვა ვიზუალური მასალის ტესტირება.

Tika Rukhadze1

ადგილობრივ ბაზარზე „აი თრექინგი“ სააგენტო „პროფიტმა“ შემოიტანა, ხოლო 2014 წლიდან მისი ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში „ეისითი“ გახდა, რაც ამ ტექნოლოგიის რეალიზების ექსკლუზიურ უფლებას გულისხმობს.

თინათინ რუხაძე (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი): „აი თრექინგი“ არის ვიზუალური კონცეფციების კვლევისა და შეფასების ტექნოლოგია.

მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის ვიზუალური მასალის ტესტირება, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ელექტრონული რეკლამა, სატელევიზიო რგოლები, გარე რეკლამა, ვებ-გვერდი, პროდუქტის შეფუთვა თუ მაღაზიის დახლი.

პორტატული დანადგარის მეშვეობით კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც ლაბორატორიაში, ასევე გაყიდვების წერტილებში. ასევე, ხდება კონკურენტებთან მიმართებაში შეფუთვის ტესტირება, ანუ თაროზე და მაღაზიის დახლებზე განთავსებული პროდუქტი კონკურენტულ ფონზე რამდენად კარგად აღიქმება.

როგორ ხდება ამ ვიზუალური მასალის ტესტირება?

“აი თრექინგის“ სპეციალური დანადგარით რესპოდენტი კვლევის ობიექტს აკვირდება ისე, როგორც ამას რეალურ სიტუაციაში აკეთებს. აპარატის ინფრაწითელი სხივი აფიქსირებს რესპოდენტის თვალის მოძრაობას და მისი მზერის ხანგრძლივობას. ასევე, აფიქსირებს მისი თვალის გუგის გაფართოებას და შევიწროებას, რის მიხედვითაც იზომება არა მხოლოდ ყველაზე მეტად და ნაკლებად აღქმადი ობიექტები, არამედ აპარატი ზომავს თუ რომელმა ობიექტმა გამოიწვია ყველაზე მეტი ემოცია.

Eye-Tracking-2

არსებობს ტესტირების ორი მეთოდი: ლაბორატორიულ პირობებში ტესტირების შესაძლებლობა, როდესაც რესპოდენტის კვლევა ხდება ინდივიდუალურად – იგი უყურებს მხოლოდ კვლევის ობიექტს, დანადგარი კი აკეთებს ანალიზს თუ, როგორ არის აღქმული ესა თუ ის ობიექტი და ტესტირება სპეციალური დანადგარის – სათვალის გამოყენებით, რომელშიც კამერა არის ჩამონტაჟებული. კამერა იწერს, თუ რა პერიმეტრს უყურებს მომხმარებელი და აფიქსირებს კონკრეტულად რა წერტილებს მიაქცია ყურადღება თვალმა ამ პერიმეტრზე.

რისი განსაზღვრაა ამ ტესტირებით შესაძლებელი?

ამის შედეგად იზომება არა მხოლოდ ყველაზე აღქმადი ობიექტები, არამედ ის თუ, რამდენად იწვევს ემოციას ესა თუ ის სარეკლამო მასალა. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ იგი რეალურ დროში აფიქსირებს ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად ხილვად ელემენტებს. მაშინ, როცა ნებისმიერი სხვა კვლევითი მიდგომა ვიზუალური მასალების ტესტირებისას მხოლოდ რესპოდენტის მეხსიერებას ეყრდნობა.

რა ღირს ამ ტექნოლოგიით კვლევის ჩატარება?

ოპტიმალური შედეგისთვის ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს 16 რესპოდენტის ინდივიდუალურ ტესტირებას, რომლის საწყისი ღირებულება შეადგენს 2480 აშშ დოლარს. „აი თრექინგით“ პროდუქტის ტესტირების ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის საკვლევ მასალაში კომპონენტების სიმრავლესა და სირთულეზე.

ვის დასჭირდება მისი გამოყენება და რომელი ბრენდები იყენებენ ამ ტექნოლოგიას?

ბიზნეს-სექტორს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ ვიზუალურ, გრაფიკულ საშუალებებსა და დიზაინს ინფორმაციის მიწოდებისთვის. „აი თრექინგს“ წარმატებით იყენებენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Coca-Cola, McDonalds, Google, P&G, Microsoft, IBM, TOYOTA, Disney, Nestle, Gillette  და სხვა ლიდერი კომპანიები. ჩვენ, „ეისითი“ და ჩვენი პარტნიორი, „პროფიტი“ ვიმედოვნებთ, რომ ახალი პროდუქტი კომპანიების და ორგანიზაციების ფინანსური შედეგის და მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

რატომ უნდა აირჩიონ კომპანიებმა ეს ტექნოლოგია, რა სარგებელს მოუტანს მათ?

ეს ტექნოლოგია უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც სურს წინასწარ შეაფასოს სარეკლამო საშუალების ეფექტურობა; დარწმუნდეს იმაში, რომ ყველა მესიჯი შემჩნეული და აღქმულია; სურს იმ ელემენტების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე მეტად ან ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია თქვენი აუდიტორიისთვის; ან გამოიკვლიოს თუ როგორ ემოციებს იწვევს სარეკლამო საშუალება და რომელ ვიზუალურ კონცეფციას აქვს ყველაზე დიდი გავლენა თქვენს მომხმარებლებზე .

განხილვა